საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიული კვალის შესწავლის გეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება
საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიული კვალის შესწავლის გეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება
14:27 14.09.2019
იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება, რომელსაც დღეს გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწერება ხელი.

ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიურული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება. 2 ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაფუძნდა და ის საქართველოს და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივი კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს 14 სექეტმბერს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფ. ჯონ სელინგმანმა მოაწერეს. 3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი სრული შემადგენლობით (50 სპეციალისტი და აღმასრულებელი პირები) საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს და ებრაულ მემკვიდრეობას ეცნობა.

იერუსალიმთან ახლოს არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები მიმდინარე წლიდან განახორციელებენ. ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.

იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ -ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.
ბეჭდვა