სენაკს ისრაელის ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ესტუმრა
სენაკს ისრაელის ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ესტუმრა
17:01 28.07.2019
დღეს სენაკს ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე სენაკში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი დავით ეფრემაშვილი, ვაჟებსა და ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად ესტუმრა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედნიერის“ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიგლა თურქია, ქორეოგრაფიული სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი), შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კუჩხიბედინერის“ (ქორეოგრაფი ზვიად გვასალია), მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ (ქორეოგრაფი გიორგი კორშია) მოცეკვავეები და ფოლკლორული ანსამბლი ,,გოგალაი".

დავით ეფრემაშვილის მშობლიურ სენაკში სტუმრობა, რომელიც ისრაელში, ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაციას ემსახურება, მუდამ დღესასწაულია ქართული ქორეოგრაფიისა, ქართველთა და ებრაელთა სამაგალითო მეგობრობისა.
ბეჭდვა