სასტუმრო "თბილისი მარიოტში," ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და
სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.“
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების მნიშვნელობაზე, პრინციპებსა და ისტორიული კონტექსტზე. პირველ პანელზე, საუბარი შეეხო საზოგადოების დამფუძნებელი პრინციპებისა და ღირებულებების მიმოხილვას, მის გავლენას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე. მეორე პანელი შეეხებოდა 140 წლის წინანდელი გამოწვევების ანალოგიებსა და პარალელებს თანამედროვეობასთან, ასევე, ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა პროპაგანდა და ჰიბრიდული ომი.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები და გაჟღერდა ინიციატივა, ყოველწლიურად, ჭავჭავაძის ცენტრის ეგიდით, გაიმართოს კონფერენცია დემოკრატიის მხარდაჭერისა და სამოქალაქო განათლების თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ექსპერტები და ახალგაზრდა მკვლევარები.
მრგვალი მაგიდა გახსნეს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე - საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.