ოპერის თეატრის წინ თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
ოპერის თეატრის წინ თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
23:03 22.01.2019
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ დღეს გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი კი საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებენ: ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, პაპუნა ღვაბერიძე, კახი სოლომნიშვილი.

გასულ წელს საქართველოს სახალხო არტისტს, სახელგანთქმულ ქართველ მომღერალსა და პედაგოგს, თენგიზ ზაალიშვილს, 90 წელი შეუსრულდა.

თენგიზ ზაალიშვილმა წვლილი შეიტანა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებაში, ქართული ვოკალური ხელოვნების წინსვლასა და აღმავლობაში. მან მრავალი წამყვანი პარტია შეასრულა ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში.

გასტროლებით შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები.
შემოქმედებითი მოღვაწეობის გარდა იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1985 წელს თენგიზ ზაალიშვილი აირჩიეს ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქედ.

ბეჭდვა