ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დღეს, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი
ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი) გამოიფინება. საქართველო ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს წარმოადგენს.
საავტორო თოჯინა მსოფლიოში პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.
ფესტივალი 2-4 ნოემბერს საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანების „ჯეოდოლი“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.