logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
უკრაინული გამოცემის ინტერვიუ ერეკლე ურუშაძესთან: არანაირი სააკაშვილისეული „ქართული სასწაული“ და კორუფციასთან ბრძოლის საიდუმლო არ არსებობს
უკრაინული გამოცემის ინტერვიუ ერეკლე ურუშაძესთან: არანაირი სააკაშვილისეული „ქართული სასწაული“ და კორუფციასთან ბრძოლის საიდუმლო არ არსებობს
10:58 17.07.2017
რეფორმები, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლების შუახანებში განხორციელდა, ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ უკრაინისათვის სანიმუშოდ იქნა მიჩნეული. სწორედ ამ წარმატების შლეიფის გამო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდმა უკრაინის პასპორტები და დიდი პოლიტიკური თანამდებობები, შეიძლება ითქვას, „ერთ ღამეში“ მიიღეს. თუმცა როგორც ორგანიზაცია „Transparency International-საქართველოს“ პროექტების მენეჯერი ერეკლე ურუშაძე ამბობს ჩვენთან საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამჭვირვალობის რეიტინგში ერთგვარი ნახტომი გააკეთა, კორუფციის საკითხთან მიმართებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ძალიან შორს არის იმ [იდილიური] სურათისაგან, როგორსაც „ქართული სასწაულის“ აპოლოგეტები ხატავენ. უკრაინული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა ისაუბრა იმ მაგალითებზე, რომელთა მიხედვით იგი ასკვნის: „ტოპ-კორუფცია“ (იგივე ელიტური კორუფცია) საქართველოში არ ამოძირკვულა. ერეკლე ურუშაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ ელიტარულ კორუფციას საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი და მოგვიყვა, თუ რა უნდა იცოდეს უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ანტიკორუფციულ რეფორმების შესახებ“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ალა დუბროვიკ-როხოვა).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

- ერეკლე, როგორია დღეს საქართველოში სიტუაცია კორუფციის მხრივ? ქრთამს იღებენ თუ არა?

- დღეს საქართველოში კორუფცია და მექრთამეობა ყოფით დონეზე, საბედნიეროდ, 2000-იანი წლების შუახანებში გატარებული რეფორმების წყალობით, თითქმის განულებულია. რასაკვირველია, ეს მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი მთავრობის დამსახურებაა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლებასაც არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ცდილობს ეს დონე შეინარჩუნოს და კორუფციასთან ბრძოლას მხარს უჭერს. როგორც სხვადასხვა სოციალური გამოკვლევები და გამოკითხვები გვიჩვენებს, ყოფითი კორუფციის დონე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კორუფციას ხელისუფლების „ზედა“ ეშელონებში, დღევანდელი ვითარება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებულ სიტუაციას მოგვაგონებს. მაგალითად, სამართალდამცველი ორგანოები არ რეაგირებენ ჟურნალისტების მიერ მოძიებულ ფაქტებზე ჩინოვნიკების კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, გამოძიება არ მიმდინარეობს. საქართველოსთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ეფექტური მექანიზმის არარსებობა „ელიტური კორუფციის“ გამოსავლენად.. ამის მიზეზი ისევ ის გახლავთ, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო - დამოუკიდებველი საგამოძიებო ორგანოების არარსებობა. საქმე ეხება როგორც „კლასიკურ პროკურატურას“, ასევე სპეციალურ სააგენტოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ხელში ხელისუფლება ძალზე კონცენტრირებულია. ყველა ინსტიტუტი იმ დონეზეა უზურპირებული, რომ შეუძლებელია წარმოიდგონო, ვინ და როგორ უნდა დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა, როცა ხელისუფლების შტოებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან.

- შეგიძლიათ ფაქტების დასახელება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ისევე კორუმპირებულია, როგორიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო?


- პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, ჩვენ გავაანალიზეთ პოლიტიკური პარტიების წანასაარჩევნო ფონდებში შეტანილი შენაწირები და მათ მიერვე წარმოდგენილ დეკლარაციებს შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგმა პარლამენტარმა ფონდში იმდენი ფული შეიტანა, რომელიც მისი წლიური შემოსავლების ტოლფასი იყო, ან აღემატებოდა კიდეც დეკლარირებულ შემოსავლებს. ჩვენ ამ ფაქტებზე ფართო საზოგადოებას შევატყობინეთ, რითაც საგამოძიებო ორგანოებიც უნდა დაინტერესებულიყვნენ. ამ დროს საქმე გვაქვს ფიქტიურ შემწირველებთან (ვთქვათ, პარტიებმა ისარგებლეს ვიღაცის გვარით ჭეშმარიტი „სპონსორების“ შესანიღბად), ან შემოსავლების დეკლარირების წესი იქნა დარღვეული, რაც ასევე გამოსაძიებელია.

ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ ანგარიშები თანამდებობის პირების ბიზნესში მონაწილეობის საკითხზე. მაგალითად, კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების თაობაზე, რომლებიც თანამდებობებზე დანიშვნამდე ბიზნესმენები იყვნენ. მათი კომპანია შემოსავლებს უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების ჩატარებით იღებდა და როცა ისინი სახელმწიფო თანამდებობებზე დაინიშნენ, სწორედ მათმა კომპანიამ მიიღო ყველაზე მეტი დაკვეთები სახელმწიფოსაგან, თანაც კონკურსებისა და ტენდერების გარეშე. ამ დარღვევაზე საქმე არ აღძრულა და არ გამოძიებულა.

- ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (2014 წლის 8 დეკემბერს) მიხეილ სააკაშვილი იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ე.წ. „ტოპ-კორუფცია“ არ არსებობდა, იმოწმებდა ყოფითით დონეზე ნულოვან კორუფციას: როგორ გგონიათ, განა უფროსი, რომელიც ქრთამს იღებს, დაარწმუნებს ხელქვეითს, რომ მან ქრთამი არ უნდა აიღოს? და რამდენადაც ქვედა დონის „კლერკები“ ქრთამს ნამდვილად არ იღებდნენ, ამდენად, არც მათი უფროსები არ აიღებდნენო, გვარწმუნებდა მიხეილ სააკაშვილი. ახლა კი თქვენ ამბობთ, რომ ქვედა ეშელონებში კორუფცია ნულოვანია, ზედა ეშელონებში კი რამდენიც გინდა - თქვენ ათეულობით ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ... რა მოხდა, რატომ არის ასე? რა მოიშალა? რატომ არ მუშაობს დღეს მიხეილ სააკაშვილის არგუმენტების ლოგიკა?

- მე მიხეილ სააკაშვილის არგუმენტებისა არ მჯერა. დღეს მაშინდელი ნათქვამი თვით მისთვისაც კი აბსურდულად ჟღერს. მისივე ლოგიკის მიხედვით, მან უნდა აღიაროს, რომ დღეს „ტოპ-კორუფცია“ საქართველოში არ უნდა იყოს, რადგან ყოფითი ნულის დონეზეა. მაგრამ ექს-პრეზიდენტი და მისი პარტიის წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლების „ვერხუშკას“ სწორედ კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ, იმავდროულად კი აღიარებენ, რომ ქვედა დონეზე კორუფცია არ არის.

მაშინაც და ახლაც ჩვენ, „Transparency International-საქართველოს“ თანამშრომლებმა, ვიცოდით, რომ არის კორუფციის ისეთი ფორმები, რომლებიც ყოფით დონესთან კავშირი არ აქვს. დიახ, ჩვენთან რიგითი პოლიციელი ქრთამს არ იღებს და არც შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების სისტემას, აი იქ უკვე ბევრი „ჩრდილოვანი“ ისტორიაა, როცა, ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელიც თავდაცვის მინისტრთანაა კავშირში.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ნამდვილად ჰქონდა განზრახვა კორუფციის შეზღუდვისა და აღმოფხვრის თაობაზე. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება იმდენად იყო კორუფციის ჭაობში ჩაფლული, იმდენად იყო მომპალი ვერტიკალი, რომ ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლო. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში პირადი გამდიდრების მიზნით მოვიდა. ასევე არ მაქვს იმის მტკიცებულებები, რომ იგი ქონების დასაგროვებლად რაღაც-რაღაცეებს აკეთებდა, მაგრამ რაც შეეხება მის თანამზრახველებს, ისინი ნამდვილად დამდირდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათი მოტივაცია სწორედ პირადი გამდიდრება იყო. თუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს გავაანალიზებთ მთლიანობაში, მაშინ დავინახავთ, რომ მის თანამზრახველებს სურდათ, რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში. მათ ეს რესურსების გასაკონტროლებლად ჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ სამართლის ნორმები შენიღბულად დაეღვიათ. სწორედ ამიტომ ხდებოდა მანიპულაციები სახელმწიფო შესყიდვების საკითხში საარჩევნო ფონდებში შეწირულებების მიღების მიზნით. მანუპულირება ხდებოდა სასამართლო ხელისუფლებითაც, რათა კონტროლქვეშ ჰყოლოდათ ზოგიერთი კომპანია და მასმედიის საშუალებები: მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დროს ტელეკომპანიები „რუსთავი-2“ და „იმედი“ ხელისუფლებისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნესმენების ხელში გადავიდა.

- თქვენ თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ზოგიერთი წევრი გამდიდრდაო. შეგიძლიათ გვარების დასახელება? არიან მათ შორის ისინი, ვინც დღეს უკრაინაში მუშაობენ?


- რამდენადაც მე ვიცი, ისინი უკრაინაში არ მუშაობენ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, შემიძლია დავასახელო თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც სწრაფად გამდიდრებული მაღალჩინოსნის ქრესტომათიული ნიმუშია. მის ხელში მოექცა საწვავით ვაჭრობა, სარეკლამო ბაზარი... თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტიის - „ნაცმოძრაობის“ ძირითადი დონორი იყო. არიან კიდევ რიგი ჩინოვნიკები, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს სახელმწიფო შესყიდვების მანიპულირებით.

საქართველოში კორუფციულ სქემებში ჩართული ჩინოვნიკების გამომჟღავნება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ მოხდება. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, როცა მაშინ დაიწყო გამოძიება ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკებზე, ასე იყო „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკები დაიჭირეს. არაა გამორიცხული, რომ მომავალში თუ სხვა ხელისუფლება იქნება, ისინი სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ დღევანდელი მთვრობის ჩინოვნიკების მიმართ...

- თუ საქართველოში საქმე კარგად არ იყო, მაშ რატომ აქებდნენ საერთაშორისო დონორები მიხეილ სააკაშვილს? როგორ მოახერხა ექს-პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ მისი გუნდი არ იპარავდა? ან იცოდნენ და თვალს ხუჭავდნენ?

- მათ ჰქონდათ მიზეზი საქართველო შეექოთ. არის რიგი სფეროები, სადაც მიხეილ სააკაშვილის გუნდმა რეფორმები მართალაც კარგად გაატარა, მაგრამ დარღცა მოუგვარებელი ბევრი პრობლემაც. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ხუჭავდნენ დონორები თვალს. ალბათ, ამას ხელი შეუწყო რეგიონში არსებულმა მაშინდელმა ვითარებამ. ჩვენს მეზობლებთან რომ პროგრესი არ ჩანდა, საქართველოს მცირე წარმატებაც კი დასავლეთში ეიფორიას იწვევდა.

- რამდენად გაუმჯობესდა ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში და უკავშირდებოდა თუ არა ეს კორუფციასთან ბრძოლას?

- ეკონომიკური ზრდა ნამდვილად შეინიშნებოდა. ამასთანავე, ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეკონომიკური წარმატებები კორუფციასთან ბრძოლის კავშირში. დროის მიხედვით ისინი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა ძნელია. როგორც ჩანს, სხვა ფაქტორებიც გავლენას ახდენდა: ვთქვათ, დანაშაულობათა შემცირება, ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციები დაბანდდა... როცა საგადასახადო სფეროში კორუფცია დაძლეული იქნა, მთავრობამ უცხოეთიდან მეტი კრედიტები მიიღო - დონორები ხედავდნენ, რომ საქართველოში უკვე ცოტას იპარავდნენ. თუ შევარდნაძის მმართველობის დროს ისინი ფულს გამოყოფდნენ, ვთქვათ, გზის მშენებლობისათვის, ეს გზა არ აშენდებოდა, ფულს კი „შეჭამდნენ“. მიხეილ სააკაშვილის დროს კი გზების რაღაც ნაწილი მაინც შენდებოდა.

- საქართველოში, ალბათ, თვალს ადევნებენ, თუ რა ხდება უკრაინაში, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის გუნდთან დაკავშირებით... რას ამბობენ ქართველები?

- გულწრფელად გეტყვით, რომ არანაირი „ქართული სასწაული“ და კორუფციასთან ბრძოლის საიდუმლო არ არსებობს. ძველი ჭეშმარიტებაა: თუ თქვენი მთავრობა პოლიტიკურ ნებას გამოამჟღავნებს, უპრობლემოდ შეგიძლიათ იგივე შედეგებს მიაღწიოთ, რასაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მიაღწია, განასაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში ყოფით დონეზე.



წყარო: «День»


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და