logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად 39 წლის ეპიფანეს გამორჩევის შემდეგ, მთელი ყურადღება კონსტანტინოპოლსა და მოსკოვისკენ არის მიმართული. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინას ავტოკეფალია 2019 წლის შობამდე უნდა მიანიჭოს, რუსეთის პატრიარქი კირილი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ყველა ხერხით ცდილობენ, რომ უკრაინის საეკლესიო დამოუკიდებლობა არ დაუშვან.

მსოფლიო მართლმადიდებლობაში რა პროცესებს დაუდებს სათავეს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება? რამდენად დიდია კონტანტინოპოლის გავლენა კიევზე და მყარი ერთიანობა ახალი ეკლესიის შიგნით? აღიარებენ თუ არა სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო, უკრაინის ეკლესიას? და, სადამდე შეიძლება წავიდეს კრემლი, რომ უკრაინაში მრავალმილიარდიანი საეკლესიო ქონება და მრევლი არ დაკარგოს, რაც უკრაინის სახელმწიფოზე გავლენის სამუდამოდ დაკარგვის ტოლფასია.

ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა, იგი ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და ცოდნას ათენის უნივერსიტეტში იღრმავებს.

- რა მნიშვნელობის მოვლენაა უკრაინისთვის და მთლიანად მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის უკრაინის ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა?

- ეს ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, უკრაინა, რომელიც უკვე 27 წელია დამოუკიდებელია რუსეთისგან, ახლა უკვე საეკლესიო დამოუკიდებლობას იღებს. უკრაინის დედა ეკლესია ისტორიულად კონსტანტინოპოლი იყო. რუსულმა ეკლესიამ საკუთარი სტატუსის აღიარება, მსოფლიო საპატრიარქოსგან 1589 წლის წერილით მიიღო. ამ წერილში ეწერა, რომ კონსტანტინოპოლი რუსეთის ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში აღიარებს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელიც მაშინდელი რუსეთის (მოსკოვის დიდი სამთავროს) შემადგენლობაში შედიოდა.

ტერიტორია, რომელიც დღეს უკრაინის სახელმწიფოს უჭირავს, იგივე შეიძლება ვთქვათ ბელორუსზეც, მოსკოვის შემადგენლობაში არ იყო. ცნობილი მოვლენების გამო, ეს მიწები შემდეგ აღმოჩნდა რუსეთის ეკლესიის საზღვრებში და ბოლო დრომდე მოსკოვი იქ სიტუაციას გაგზავნილი ეპისკოპოსების მეშვეობით მართავდა.

უკრაინის მიერ საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებით მსოფლიო მართლმადიდებლობაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც შეიძლება გახდეს საუკუნეების და ათწლეულების მანძილზე დაგროვილი მსგავსი პრობლემების გასაღები. ვგულისხმობ, იგივე მაკედონიისა და მონტენეგროს ეკლესიების მომავალს და მათი ავტოკეფალიის აღიარებას. ბელორუსშიც, თუ იქ შეიცვალა ლუკაშენკოს მმართველობა, შეიძლება ანალოგიური საკლესიო მოძრაობა დაიწყოს და დასრულდეს დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნით. სწორედ ამიტომ იყო, რომ ოქტომბერში, უკრაინის თემაზე, რუსეთის ეკლესიის სინოდი არა მოსკოვში, არამედ მინსკში შეიკრიბა. იგივე ეხება მოლდოვასაც, სადაც ასეთი პროცესი, ან დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნით ან ავტონომიის სახით რუმინეთის ეკლესიასთან მიერთებით დასრულდება.

- როდესაც საუბარია კანონიკური ტერიტორიების საზღვრების გადახედვაზე, ქართველი მღვდელმთავრების ნაწილი ხშირად აპელირებს ოკუპირებულ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე და იმ საფრთხეზე, რომ თუ, ჩვენ პროუკრაინულ პოზიციას დავიჭერთ, რუსეთის ეკლესია ჩვენი ეკლესიის საზღვრებს ფორმალურადაც აღარ სცნობს, ეს რეალურია?

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ ავტოკეფალიის მინიჭება შეუძლია მხოლოდ დედა ეკლესიას ან მსოფლიო პატრიარქს. მსოფლიო საპატრიარქო კი არავის მიანიჭებს ავტოკეფალიას, თუ დარღვეულია ე.წ „ფოტიოსის პრინციპი“, ანუ საეკლესიო საზღვრები საერო საზღვრებს უნდა მიჰყვებოდეს. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად, ამას სცნობს მსოფლიო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოს ეკლესიის განუყოფელ კანონიკურ ნაწილად მიიჩნევს ამ ტერიტორიებს მსოფლიო საპატრიარქოც და შესაბამისად, მსოფლიო პატრიარქი არასოდეს მისცემს მათ ავტოკეფალიას. ამის შესახებ არაერთხელ აქვს თავად გაცხადებული, საჯარო გამოსვლებში, წერილებში თუ ინტერვიუებში.

როგორც ვიცი, მსოფლიო პატრიარქს აქვს დიდი სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში და თბილისიდან განაცხადოს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ ცნობილია საპატრიარქოში. ვფიქრობ, ცრუ აზრის ტირაჟირება, რომ უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს ეკლესიის პოზიციებს დააზარალებს, რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია და მრევლის დეზინფორმაციის მიზნით კეთდება.
ის, რომ აფხაზეთში რაც დასაკარგი გვქონდა ყველაფერი დავკარგეთ სწორედ რუსეთის დამსახურებაა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართველები და ჩვენი სამღვდელოება სწორედ რუსმა ჯარისკაცებმა და სეპარატისტებმა გამოყარეს, სწორედ პატრიარქი კირილი აღარ იხსენიებს საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის საეპისკოპოსო ტიტულით.

იგივე „ფოტიოსის“ პრინციპიდან და იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი არ არის დედა ეკლესია, მას არ შეუძლია ავტოკეფალია მისცეს საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილს. შესაბამისად, რუსეთის ეკლესიის მხრიდან ე.წ „აფხაზეთის ეკლესიის“ ცნობა, თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ისეთივე უკანონობა იქნება, როგორც ჩვენი ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.

- რუსეთის ეკლესიის მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინაში მართლმადიდებელთა გამაერთიანებელი კრება შედგა, დაფუძნდა ახალი ეკლესია, თუმცა, ზეწოლის შედეგად, კრებაზე, მოსკოვის საპატრიარქოს ხელდასმული მხოლოდ ორი ეპისკოპოსი მივიდა, ხომ არ ქმნის ეს ლეგიტიმაციის პრობლემას და აჩვენებს, რომ ახალი ეკლესიის შიგნით ერთიანობა სუსტია? რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ამ პროცესებით მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს გავლენა იზრდება?

- რა თქმა უნდა, მოსკოვის ეგზარქატიდან მხოლოდ ორი ეპისკოპოსი იყო და ეს ძალიან ცოტაა. მანამდე, დაახლოებით, 20-მდე ეპისკოპოსზე იყო საუბარი, რომ ისინი კრებას დაესწრებოდნენ, მაგრამ რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი, დაშინება, შანტაჟი, მუქარა და საბოლოოდ მხოლოდ 2-მა ეპისკოპოსმა გაბედა მისვლა. ამავე დროს, ვინაიდან ეს ეხება უკრაინის ეკლესიის მომავალს და რუსეთი საეკლესიო კონფლიქტში ცალსახად მხარეა, იმის მიუხედავად, როგორ მოიქცევა მათი ეპისკოპატი, უკრაინის ეკლესიის არჩეულ გზაზე ამას გავლენა ვერ ექნება. დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ერთიან ეკლესიას სულ უფრო მეტი მღვდელმთავარი შეუერთდება.

რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენის „ზრდას“, ვფიქრობ ესეც რუსული ნარატივია. უკრაინამ თავად აირჩია ახალი ეკლესიის წინამძღოლი, იმ ფონზე, რომ მსოფლიო საპატრიარქო სულ სხვა კანდიდატს უჭერდა მხარს. ამის მიუხედავად, კონსტანტინოპოლმა იმ დღესვე მიულოცა მიტროპოლიტ ეპიფანეს გამორჩევა, 6 იანვარს ტომოსის გადასაცემად ფანარში დაპატიჟა და საკუთარ დიპტიხში მსახურების დროს, მეორე დღესვე მოიხსენია,
ასე რომ, კონსტანტინოპოლი არავის ზღუდავს, უკრაინას ექნება დამოუკიდებელი ეკლესია, საკუთარ მწყემსმთავარს თავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე აირჩევს. მაგრამ, კიევს რა თქმა უნდა მსოფლიოს საპატრიარქოს იმედიც ექნება. როდესაც ამხელა მასშტაბის მოვლენა ხდება, უკრაინას, ამ პრობლემების პირისპირ მარტო ვერ მიატოვებ.

- უკრაინაში ახალი ეკლესიის დაფუძნებას ისტორიული უწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, სახელმწიფო მდივანი პომპეო ესაუბრა მიტროპოლიტ ეპიფანეს. შედარებით თავშეკავებული იყო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების რეაქციები. მსოფლიო საპატრიარქოს გარდა, ვინ უჭერს ამჟამად მხარს უკრაინის ავტოკეფალიას? თუ მოწინააღმდეგეთა რიცხვი მეტი იქნა, ხომ არ დააყენებს ეს ფაქტი ეჭვქვეშ ამ ეკლესიის დამოუკიდებლობის პერსპექტივებს?

- მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადაცემის შემდეგ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის სტატუსი ეჭვქვეშ ვეღარ დადგება. უბრალოდ დრო იქნება საჭირო, რომ სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარონ. ამჟამად, რუმინეთის, კვიპროსის და იერუსალიმის ეკლესიები მხარს უჭერენ ამ პროცესს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჯერ არ მიუღიათ. არის მოლოდინი, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერენ. ადრე თუ გვიან, უკრაინის ეკლესიის აღიარება ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას მოუწევს.

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე არ გამოხმაურებია უკრაინაში ახალი ეკლესიის დაფუძნებას და მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს უმწვავეს დაპირისპირებაში „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებას განაგრძობს. შესაძლებელია ამ საკითხში ბოლომდე ასეთი პოზის შენარჩუნება, თუ საპატრიარქოს მაინც მოუწევს პოზიციის დაფიქსირება?

- საკმაოდ რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს თეოლოგიური, კანონიკური და თუნდაც, მორალური არგუმენტები, რომლითაც თვალსაჩინოა, რომ უკრაინას ავტოკეფალია ეკუთნის. ეს ყველაფერი კანონიკური პროცესების სრული დაცვით მიდის და შესაბამისად, სხვა ეკლესიებმაც, მათ შორის საქართველომაც, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღიარონ.

მეორე მხარეს არის, რუსული თამაშები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ შეიძლება გავხდეთ. ამის დასტურია, თუნდაც, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა კურატორის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მოხშირებული ვიზიტები საქართველოში, მას უკრაინის პროცესების გამო თბილისში აღშფოთებაც გამოუხატავს, გადმოუცია საკუთარი არგუმენტები და დიდი იმედიც აქვს, რომ რუსულ პოზიციას დავეთანხმებით.

ანუ გვაქვს ორი მხარე, ერთის მხრივ, მსოფლიო საპატრიაქრო, რომელიც ჩვენ არაფერს გვაძალებს. იგი ამბობს, რომ მე უკრაინას ავტოკეფალიას ვანიჭებ, ამის უფლება მაქვს. თქვენ, ამ არგუმენტებს გადახედეთ, როცა საჭიროდ ჩათვლით, მაშინ აღიარეთ ან თუ არ გვეთანხმებით და არ აღიარებთ, მაშინ, უბრალოდ, გვითხარით, რატომ?

მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც დიდხანს ნეიტრალიტეტს არ გვაპატიებს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგვთხოვს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ, რომელიც უნდა იყოს უარყოფითი, იმიტომ, რომ მათ ეს სჭირდებათ. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მიტროპოლიტი ალფეევი ჩამოვიდა, დოკუმენტები დაგვიტოვა და წავიდა, იგი გამოიყენებს ყველა სახის კომპრომატს, ყველა სახის ბერკეტს, რაც რუსეთის ეკლესიას აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ.

- როგორია უკრაინის თემაზე ძალთა შედარებითი ბალანსი ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდში?

- 2016 წლის კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ, როცა, ერთ მხარეს მსოფლიო მართლმადიდებლობა, მეორე მხარეს კი რუსული დერჟავა იდგა, ჩვენ რუსეთის მხარე დავიჭირეთ და კრებაზე არ წავედით, სინოდში დიდად ვითარება არ შეცვლილა.

უმრავლესობა რუსეთისკენ იხრება, მაგრამ ახლა გაზრდილია სამღvდელოებაზე ქართული საზოგადოების წნეხი, რომ სინოდმა უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭიროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. მეორეს მხრივ, სინოდში რა თქმა უნდა არიან ძალიან ერუდირებული ეპისკოპოსებიც, რომლებსაც პირადად ვიცნობ, ისინი უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერენ. მაგალითად, მეუფე დოსითეოსმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა, სხვა რამდენიმე ეპისკოპოსმაც, რაც იმედს მაძლევს, რომ კრეტის კრების დროს დაშვებულ მძიმე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ეს თემა არის ლუსტრაცია ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის და მღვდელმთავრისთვის, იმის სადემოსტრაციოდ, თუ სად დგას - ქრისტიანული ფასეულობების, დასავლური ღირებულებების, განვითარებული სამყაროს თუ რუსული იმპერიალიზმის, დერჟავას, პრავასლავნიზმის გვერდით, რომელსაც ქრისტიანობასთან არანაირი საერთო არ აქვს.

- თქვენ საბერძნეთში ცხოვრობთ, როგორ შეიცვალა ვითარება ოქტომბრის შემდეგ, როცა უკრაინის გამო რუსეთის ეკლესიამ კონსტანტიპოლთან ევქარისტიული კავშირი ცალმხრივად გაწყვიტა, მრევლს და სამღდელოებას კი მკაცრი აკრძალვები დაუწესა?


- ძალიან რთული სიტუაციაა ამ კუთხით, სულ ახლახანს მსოფლიო პატრიარქმა წირა ერთ-ერთ რუსულ სამრევლოში და მრევლს მიმართა, რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც რუსეთის ეკლესია აკეთებს, იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესია ჩვენი შვილი ეკლესიაა. როცა თქვენ გიკრძალავთ ლოცვით ერთობის ჩვენთან, ეს ძალიან ცუდად ისევ თქვენზე აისახება. რუსეთი არა მხოლოდ ლოცვით კავშირს კრძალავს, თავის მრევლს მოუწოდებს არ შევიდნენ მსოფლიო საპატრიარქოს ტაძრებში, არ ჩავიდნენ ათონის მთაზე, არ მიიღონ მონაწილეობა საიდუმლოებებში, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა. ამ შეზღუდვებს სხვა დატვირთვაც აქვს, ათონის მთაზე აკრძალვამდე მსხვილი შემომწირველების დიდ ნაწილს რუსი ბიზნესმენები და სახელწიფო მოხელეები შეადგენდნენ. ეს მოწოდება რომ ათონზე რუსი მორწმუნეები აღარ ჩავიდნენ და არ ილოცონ, ნიშნავს ეკონომიკურ სანქციებს ათონის, იქაური ბერების მიმართ, რომლებიც მსოფლიოს საპატრიარქოს მხარს უჭერენ.

ათონი კანონიკურად მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, თუმცა რეალურად იქ ძალიან დიდი გავლენა რუსულ ეკლესიას და რუსულ ფულს აქვს. მიზანი ამ სანქციების აშკარაა, რომ ათონელ ბერებს შემოაკლდეთ ფინანსური შემოსავალი და უკრაინის საკითხში, პატრიარქ ბართლომეოსის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყონ. ზოგადად, ბერძნების განწყობა რუსების მიმართ საკმაოდ ლოიალურია, თუმცა ბოლო რამდენიმე შემთხვევამ, რომლებიც რუსული ფულით აქაური სასულიერი პირების პირდაპირ მოსყიდვას ეხებოდა, საბერძნეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სერიოზულად დაძაბა.

- კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის მწვავე დაპირისპირება ისტორიულად ახალი არ არის და ამ ორ ეკლესიას შორის, არც ევქარისტიული კავშირი გამწყდარა პირველად...

- როდესაც რუსეთის საზღვართან იქმნება ახალი საეკლესიო ერთეული ან რუსული ეკლესია გავლენას კარგავს მოსკოვს ყოველთვის ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს, ასე იყო ფინეთის ეკლესიის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ესტონეთის ეკლესიების შემთხვევებში.

1996 წელს, როცა მსოფლიო საპატრიარქომ ავტონომიური ეკლესიის სტატუსი ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა, რუსეთი როგორც ახლა ცალმხრივ სქიზმაში გავიდა, მაშინაც გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი, მაგრამ როცა დაინახა პატრიარქ ბართლომეოსის ურყევი და მტკიცე პოზიცია, სხვა ეკლესიები ვერ ჩაითრია, იძულებული გახდა საეკლესიო წიაღში დაბრუნებულიყო. ანუ მოსკოვის საპატრიარქოს აქვს უკვე ეს გამოცდილება და იცის, რომ თუ სხვა ეკლესიებს, საკუთარ ბინძურ თამაშებში ვერ ჩაიყოლებს. ისევ უკან დაბრუნება მოუწევს, რაც რუსული ეკლესიის პრესტიჟისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ მოსკოვი გამოიყენებს ყველა სახის ბერკეტს, რომ საქართველოსგან და სხვა ეკლესიებისგან უკრაინის ეკლესიამ აღიარება არ მიიღოს. რუსეთის პატრიარქი ელოდება, რომ ჩვენ არ ვცნოთ არც გამაერთიანებელი კრება, არც ტომოსის გადაცემა და უკრაინაში ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად ისევ მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქატი მივიჩნიოთ, რომელსაც ონოფრე ხელმძღვანელობს, ეს ეკლესია კი რუსული „მეხუთე კოლონაა“.

- უკრაინის რადამ უკვე მიიღო კანონი რომლის ძალითაც, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას სახელის შეცვლა მოუწევს - უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიად. მსოფლიო პატრიარქის წერილის თანახმად, ეპიფანეს მიტროპოლიტის ხარისხში აყვანის შემდეგ, პრორუსმა ონოფრემ დაკარგა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის სტატუსი...ბოლო დღეების მანძილზე, რამდენიმე ტაძარი, იგივე ვინიცაში, მოსკოვის საპატრიარქოდან ახალი ერთიანი ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და ეს პროცესი შეუქცევადი ხდება, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი საპასუხო მოქმედებებში?

- რუსეთი ერთის მხრივ ეწევა უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების პოლიტიკის მძლავ ლობირებას, რომლის დროსაც სხვა ეკლესიების წინააღმდეგ შანტაჟის და დაშინების მეთოდსაც მიმართავს. იგივე მიტროპოლიტი ალფეევი პირდაპირ აცხადებს რომ თუ რომელიმე ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, მათ თავიან ეკლესიებში სქიზმა ანუ განხეთქილება გაუჩნდებათ. „უკრაინაში მოწრმუნეების რელიგიური დევნის“ მოტივით, მოსკოვი ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს და აქაც ფართო კამპანია აქვს გაშლილი. პატრიარქმა კირილმა ახლახანს არა მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, არამედ ვატიკანს, ანგლიკანური ეკლესიების თანამეგობრობას, გაეროს, ეუთოს და რამდენიმე მსოფლიო ლიდერსაც კი მიმართა.

შანტაჟის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაუფლების მიზნით, მსოფლიო საპატრიარქოზე რუსეთიდან რამდენიმე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა მოხდა, პარალელურად, თურქეთის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის შევიწროვების მიზნით, რუსეთის ეკლესია არაკანონიკურ თურქეთის ეკლესიასთან ურთიერთობის დაჭერასაც კი ცდილობდა.

ამ ფონზე, სავსებით შესაძლებელია ვიხილოთ დიდი სამხედრო ოპერაციაც, იქედან გამომდინარე, თუ რა რაოდენობის შეიარაღებული ძალები ჰყავს რუსეთს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი. რუსები აუცილებლად შეეცდებიან მოაწყონ პროვოკაციები ტაძრებთან, დააპირისპირონ მრევლი, გააღვივონ რელიგიური შუღლი.

ვიმეორებ, რუსეთი ყველა საშუალებას და მეთოდს გამოიყენებს, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი ჩიხში შეიყვანოს ან შეანელოს. ასე მარტივად, ამხელა კანონიკურ ტერიტორიას არ დათმობს და შეეცდება ბოლომდე ჩაებღაუჭოს, რუსეთისთვის უკრაინა რიგითი საკითხი ნამდვილად არ არის, აცნობიერებს, რომ ამ პროცესით უკრაინაზე გავლენას სამუდამოდ კარგავს. ეს არის ის "ერთმორწმუნე" რუსეთი, რომელიც ერთი ხელით, უკრაინას ბომბავს, მოქალაქეებს უხოცავს, ტერიტორიებს ართმევს და მეორე ხელით, აიძულებს, რომ მისივე საეკლესიო კურთხევის ქვეშ იყოს და მასთან ერთად ილოცოს.



წყარო: "Radio Voice of America" (აშშ)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის