logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოს „კონსტიტუციურ სიმახინჯეს“ უწოდებს, საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი კი ფიქრობს, რომ მისი გაუქმება ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას დაასუსტებს. იგი გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა და საბჭოს ფუნქციონირებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, ასევე რუსული ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების თაობაზე გვესაუბრა:
- ბატონო დავით, რა შეხვედრები გქონდათ ვაშინგტონში და რა იყო ამ შეხვედრების სამუშაო თემა და მთავარი აქცენტები?
- სამი მიმართულებით ვმუშაობთ. პირველი, ესაა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, სადაც ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია განხილული, მაგრამ მე გამოვყოფდი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას და ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმის პროცესს. მეორე, ესაა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ასევე ძალიან საინტერესო ახალ შექმნილ ორგანიზაციასთან, ესაა „გლობალური ჩართულობის ცენტრი,“ რომელიც მუშაობს ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალებაზე და ასევე ერთგვარი ხიდია ამ მიმართულებით კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. მესამე კი, გვქონდა შეხვედრები აკადემიურ წრეებთან და პოტენციურ პატრიორებთან იმაზე სამუშაოდ, რომ საქართველოში გაძლიერდეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ინსტრუმენტები, მათ შორის, ეროვნული მედეგობის ცენტრის მიმართულებით, რომელსაც ვქმნით პარტნიორებთან ერთად.
- გასულ თვეში უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით სავარაუდოდ ბოლოჯერ შეიკრიბა, როგორ შეაფასებდით საბჭოს მუშაობის ბოლო რამდენიმე წელიწადს თქვენი ხელმძღვანელობით, რა იყო ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები?
- ჩემთვის ძალიან სევდიანია საუბარიც კი ამ საკითხზე, არათუ თვითონ ფაქტი, რაც ძალიან ცოტა ხანში დადგება. ზუსტად ორი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტმა შემომთავაზა ეს სამსახური, ძალიან მკაფიო იყო მანდატი: თუკი რამის გარშემო უნდა იყოს საქართველო შეთანხმებული, თუკი რამის გარშემო უნდა იყოს დათმობა პოლიტიკური მხარეების მხრიდან და კონსოლიდირება, ესაა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ამის იმედი ჰქონდა პრეზიდენტს და ეს იყო ჩემი ვნებაც და რწმენაც ამ საქმის მიმართ.
სამწუხაროდ, რეალობა აღმოჩნდა ისეთი, რომ ეს ორი წელიწადი ფაქტობრივად გავატარეთ ბრძოლაში ამ ინსტიტუციის შესანარჩუნებლად. სამწუხაროდ ეს ბრძოლა ჩვენ წავაგეთ, არა რაღაც კონკრეტულმა ადამიანმა, ან კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერმა, არამედ საქართველომ წააგო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ამ ფორმით შეწყვეტს საქმიანობას, მგონია, რომ რამდენიმე საკვანძო საკითხის წინ წაწევა მაინც მოვახერხეთ.
პირველი იყო იმის გააზრება, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით როგორც ხელისუფლების შიგნით, ისე გარეთ, არსებობს ძალიან დიდი ინტელექტუალური პოტენციალი. ადამიანები, რომელთა შესაძლებლობები, კავშირები და გამოცდილება არის ის აქტივი, რომლის უგულებელყოფა და დაკარგვაც არ შეიძლება. შევქმენით ე.წ. „უსაფრთხოების თემი“, პლატფორმა, რომლის გაძლიერებასაც ვცდილობდი.
მეორე, იმ ძალიან დატვირთული გეოპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უნდა გააქტიურებულიყო საქართველოს საკითხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შედარებით ჩრდილში იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ამას მივუძღვენით რიგი სტრატეგიული დისკუსიებისა, ეს ფორმატიც იქნა შექმნილი და შევძელით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკე შექმნილიყო.
ასევე განვავითარეთ პარადიგმა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება არა მხოლოდ ერთობლივი სამთავრობო და სახელმწიფო მიდგომა, მძლავრი კოორდინაცია და ჩართულობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა, არამედ მას ასევე სჭირდება საზოგადოებრივი ჩართულობა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პირობითად "ქუდზე კაცი", რაც ჩვენს გენეტიკაში არსებობს, მაგრამ სახელმწიფოებრივ თანამშრომლობაში ჯერჯერობით ასე აქტიურად არაა გადატანილი. ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა ჩამოყალიბდა ამ პროცესში, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გადათარგმნის იმ ახალ ინსტიტუციაში, რომელიც შეიქმნება.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც საბჭოს ამ ფორმატით არსებობას ჰქონდა და აქვს? და როდის, რა ვითარებებში გამოვლინდა ეს?
- დღეს საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც განაახლებს ეროვნული უსაფრთხოების ერთიან, სტრატეგიული დონის დოკუმენტებს, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს. რღვევაში ეს იგულისხმება და არა ის, რომ სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ვეღარ გადარჩება. სისტემური რღვევა ამას გულისხმობს, როდესაც არც ერთ ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული თუ რამდენად სასწრაფოა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ადაპტირდეს არსებული გამოწვევების და არა რაღაც თეორიული, ჰიპოთეტური მმართველობის ფორმის შესაბამისად.
პირველ რიგში, ესაა უარყოფა პოლიტიკური დებატებისა და დისკუსიის აუცილებლობისა. დღესაც, როდესაც განიხილება ვერსიები თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საბჭო - არ არის იმის ბოლომდე გააზრება, რომ პირველ ყოვლისა, ესაა პოლიტიკოსების პოლიტიკური თათბირის ველი, სადაც ომისა და მშვიდობის საკითხებზე უნდა ისაუბრონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. შემდეგ მოდის უკვე კოორდინაციის ფუნქცია, ანალიტიკა, ამ გადაწყვეიტლებების აღსრულება. ამ ღირებულებების ჯაჭვში, რისი გააზრებაც არ იყო და რისი ღირებულებაც არ იყო დანახული, არის ის, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება მუდმივი, ყოველდღიური თუ არა, ყოველთვიური დისკუსია და განხილვა თუ რა არის გასაკეთებელი უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების მიერ.
ხშირად იყო მოყვანილი არგუმენტად ისიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში ამ ტიპის მექანიზმები არ არსებობს - ესაა პრინციპულად არასწორი მიდგომა: უნდა შეფასდეს არსებული საფრთხეები და მათ შესაბამისად შექმნა ინსტიტუციები და არქიტექტურა. ეს საფრთხეები კი იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ვირუსულია და ეს ვირუსები იმდენად სწრაფად განიცდის მუტაციას, რომ საჭიროა მუდმივი ანალიზი: როგორია საფრთხე, რომელსაც წარმოადგენს რუსული პროპაგანდა, ან შეიარაღებად გადაქცეული კრიმინალი, ან ეკონომიკური ქმედებები ან სხვა მუდამ ცვალებადი საფრთხეები.
მესამე იყო ასევე პრინციპული შეცდომა, რომ რადგანაც არსებობს აღმასრულებელი მთავრობა, ბარემ მინისტრთა კაბინეტმა განიხილოს ეს საკითხები. ყველა მინისტრს თავისი დღის წესრიგი და ამოცანათა კალათა აქვს შესასრულებელი, მათი კომპეტენციაც ხშირად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები გადაწყვიტონ.
არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს გაწეული ამ სივრციდან, რადგან პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციითაც რჩება უმაღლესი მთავარსარდალი, ამიტომ ერთი საკითხიც რომ ჰქონდეს მას გადასაწყვეტი, არ შეიძლება ის უეცრად მივიდეს კლუბში, სადაც მანამდე განიხილავდნენ უსაფრთხოების პოლიტიკას და ყოველგვარი მომზადების გარეშე მიიღოს სწორი გადაწყვეიტლება. ეს ასე არ მოხდება. აუცილებელია გადაწყვეტილებების მიმღებები მუდმივად იმყოფებოდნენ ამ მაგიდის გარშემო.კომპეტენციების გადანაწილება კი ცხადია შესაძლებელია სამოქალაქო და საომარი ვითარებისას.
ჩვენ ახლა ვართ ვაკუუმში, რომელშიც არ გვყავს არც პოლიტიკის და არც ერთიანი სამთავრობო ქმედებების მაკოორდინირებელი უწყება. გარკვეული ფუნქციები თავდაცვას აქვს, გარკვეული საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისინი კარგად მუშაობენ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემურად გამართულია ყველაფერი.
- იმ ვითარებაში, როდესაც სხვადასხვა შეფასებით, სწორედ კოორდინაციის და შესაბამისი კომუნიკაციის, კომპრომისისა და შეთანხმებების დეფიციტი არსებობდა, როგორ ფიქრობთ, საბჭო ახერხებდა თავისი როლის შესრულებას? თუკი მაინც პოლიტიკური ნება იყო საჭირო იმისთვის, რომ საბჭოს, როგორც პოლიტიკურ სათათბირო ორგანოს ემუშავა, მაშინ ამ ნების არარსებობის პირობებში რა რეალური ძალა ჰქონდა საბჭოს და ფუნქციონირებას?
- კონსტიტუციურად ასე იყო გაწერილი, რომ ეს საბჭო იყო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, მათ მისაღებად არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი. როდესაც პრეზიდენტი, რომელიც ვალდებულია კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულოს და ეძახის კაბინეტს, პარლამენტს, რომ მოეთათბიროს, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგალითად, როცა ნატოს სამიტზე მიემგზავრება ან ხვდება სხვა სახელმწიფოების უმაღლეს პირებს, როდესაც აუცილებელია რომ კონსოლიდირებული იყოს გზავნილი თუ რას ითხოვს საქართველო - ამ ვითარებაში როდესაც პრეზიდენტთან არ მიდიან, რომ მან მათი ჩართულობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე, ეს ობსტრუქციაა. არათუ მხოლოდ პოლიტიკური რევანში, არამედ - ობსტრუქცია სახლმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელების წინააღმდეგ.
უშიშროების საბჭო არიან თვითონ საბჭოს წევრები, ის პატივცემული ადამიანები, რომლებიც მათ შორის ამბობდნენ, რომ უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს. ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ეს ადამიანები არ აკეთებდნენ არაფერს. როცა ვამბობთ, რომ საბჭო იყო არაეფექტური, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ პრეზიდენტი იყო არაეფექტური, არამედ იმას, რომ ის მოთათბირე ელემენტები, რომლებსაც უნდა ეთათბირათ, სათანადოდ არ თათბირობდნენ. ასეთ პარადოქსულ ვითარებაში იარსება ამ ორგანიზაციამ ეს ორი წელი. თუმცა ეს საბჭო წლების განმავლობაში ტრანსფორმირდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად და შესაძლოა გარკვეული გამამართლებელი მიზეზებიც ჰქონდეს ამ ცვლილებებს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი პოლიტიკური რყევები კიდევ იქნება და ამ დროს სწორედაც, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუციას ეს არ უნდა ეხებოდეს.
ჩვენი არაკეთილმოსურნეები კი ხედავენ, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით ვარყევთ ამ სისტემას და მუდმივად პოლიტიკურ კონიუნქტურას ვუქვემდებარებთ. ესეც შედის იმ ჰიბრიდული მეთოდების ჩამონათვალში, რომელზეც ვსაუბრობთ, როდესაც რუსეთის ქმედებებს განვიხილავთ, ჩვენივე სისუსტეების და უარყოფითი ენერგიის ჩვენს საწინააღმდეგოდვე გამოყენება გაცილებით მომგებიანია მათთვის. უშიშროების საბჭოსთან მიმართებით კი ზუსტად ასეთი პრეცედენტია.
- საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარეც არ გეთანხმებოდათ, და მან „კონსტიტუციური სიმახინჯეც“ კი უწოდა საბჭოს, თქვენ როგორ აფასებთ ახალ სავარაუდო სისტემას, რა არის თქვენთვის კრიტიკულად მიუღებელი და რატომ?
- ახალი ფორმატი ჯერ არ არსებობს, მაგრამ რაც განიხილება, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რა იქნება შეცდომა: შეცდომა იქნება, თუ ამ ფორმატს მიანიჭებენ არა მაღალ პოლიტიკურ ღირებულებას და დატვირთვას, არამედ მხოლოდ ტექნიკურ მაკოორდინირებელ უწყებაად აქცევენ.
არგუმენტი იმის შესახებ, რომ თუკი კრიზისული ვითარება შეიქმნება და საჭიროება მოითხოვს, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე „ისედაც შეხვდებიან სადმე ერთმენეთს“, გაუმართლებელია. ეს „სადმე“ შეიძლება იყოს ადგილი, რომელიც ხიფათს არ წარმოადგენდეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ან სადმე საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სამზარეულოში. ამიტომ პლატფორმა, რომელიც ავალდებულებს ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს სამივე შტოდან შეიკრიბონ და იყვნენ გამჭვირვალედ პასუხისმგებელნი ამ პროცესებზე, არის უმნიშვნელოვანესი.
მეორე შეცდომა იქნება, თუკი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმდჯომარე იქნება გაწეული ამ დისკუსიიდან. პარლამენტის თავმდჯომარე, პრეზიდენტი და პრემიერი - ეს სამი უმაღლესი თანამდებებოის პირი განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციას გარესამყაროსთან. არ შეიძლება ეს ადამიანები არ ხვდებოდნენ, არ ლაპარაკობდნენ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს უნდა იყოს „კეთილი ნების პრაქტიკა“, კი ვნახეთ როგორი პრაქტიკა გვქონდა უახლეს ისტორიაში.
- თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ რეალობა, რომელსაც თავდაცვის კუთხით მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, „არ ეყრდნობა არსებულ გამოწვევებს და არ ითვალისწინებს ოკუპაციას“ - ფიქრობთ, არასაკმარისადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეები? საკმარისი ღონისძიებები არის მიღებული?
- დღეს საქართველოს პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამას. გარკვეული თვალსაზრისით, ესაა დელეგირებული უწყებებზე და მათ მანდატში არსებულ საკითხებს ისინი ეფექტურად ახორციელებენ. მაგრამ რა არის ის სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რამაც უნდა შეამციროს რუსეთის გავლენა ჩვენს მოსახლეობაზე მოწყვლად რეგიონებში? გადაწყვეტილებები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების მორალური მდგმარეობა. რა არის სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებმაც აქ, ამ დედაქალაქშიც უნდა გააძლიეროს შეგრძნება, რომ საქართველო საკვანძო ადგილია და ის თუ დაეცა, ამერიკის ინტერესები დაზარალდება?
დღეს ასეთი დისკუსიის ადგილი არ არის საქართველოში და ასეთი დისკუსიები არ მიმდინარეობს უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში.
ოკუპაციის მიმართებით ხელისუფლებას ვერ დაადანაშაულებ, რომ ძალისხმევას არ იჩენს, მაგრამ ის თუ რამხელა პრობლემაა ოკუპაცია გლობალურ კონტექსტში და როგორ არ შეიძლება გვეცალოს ისეთი პოლიტიკანური გართობისთვის, როგორიცაა პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური რევანშის განხორციელება და უშიშროების საბჭოს გაუქმება, როდესაც ამ დროს აქ ტანკები გიდგას, ამისი სათანადოდ გააზრება ვერ ხდება.
შესაბამისად, ვფიქრობ, საერთოდ არაა ადეკვატურად შეფასებული ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ის, რომ ოკუპაცია არის არა მყისიერი მოვლენა, რომელსაც გავლენა აქვს კონკრეტული, უახლესი პოლიტიკური ჯგუფის სიცოცხლის პერიოდზე, არამედ გავლენა აქვს მთელი ჩვენი არსებობის შემდგომ პერიოდზე. საერთაშორისო პოლიტიკურ ბაზარზე აბსოლუტურად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეს უნდ აიყოს მიწოდებული როგორც ოკუპაცია, და არაფერი სხვა, ოკუპაცია, როგორც ყველას პრობლემა, და არა მხოლოდ ჩვენი.
- რამდენად სერიოზულ საფრთხედ მიგაჩნიათ კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა დღეს ქვეყნისთვის და როგორ ფიქრობთ, რამდენად ბევრი კეთდება რუსეთის ჰიბრიდული საფრთხისგან თავის დასაცავად?
- კრემლის პროპაგანდა არ არის, პირობითად, მხოლოდ კისილიოვი, რომელიც საუბრობს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არსებულ, მსოფლიოში სამართლიანი წესრიგის დასამყარებლად მებრძოლ დიად რუსეთზე. ეს პროპაგანდა პირველ ყოვლისა არის ისევ და ისევ იმ სისუსტეების გაღვივება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ესაა ფსიქოლოგიური ომი, რომელიც ცალსახა გზავნილებს უშვებს ჩვენკენ და ამბობს:
რომ ქართველი არის ზარმაცი, უნიჭო, არ არის ტოლერანტი, რომ ქართული ღირებულებების სისტემა არაა თანხვედრილი დასავლურ ღირებულებებთან, რომ არასდროს არაფერი გვეშველება, რომ საბოლოოდ მაინც რუსეთის ორბიტაზე უნდა დავბრუნდეთ, რომ ამერიკელებმა გაგვყიდეს, რომ ევროპელებს თავისი პრობლემები ვერ მოუგვარებიათ და აბა ჩვენთვის ვინ მოიცლის - ასეთი ინფორმაცული კალათა არაა მხოლოდ რუსული არხების მიერ გავრცელებული, ესაა იმ გავლენის აგენტების მიერ გავრცელებული და იმ ჯგუფების მიერ ტირაჟირებული, რომლებსაც განა რამე ალტერნატივა აქვთ რუსეთთან მიმართებით, არამედ უბრალოდ არიან ასეთი მავნებლები, რომლებსაც სკაუთარი სახელმწიფოს განვითარება არ უხარიათ და ასევე არიან მძევალი იმ რაღაც მოგონილი და ილუზორული ღირებულებათა სისტემის, რომელსაც ეძახიან „პატრიოტიზმს“ და „სამშობლოს სიყვარულს“.
პროპაგანდა არაა ერთი რუსული ტანკი, რომელსაც ნაღმი უნდა ესროლო და გააჩერო. მთლიანად ჩვენს სოციალურ ქსოვილში არიან მეტასტაზებივით შემოსული, ამიტომ ძალიან ფუნდამენტური მკურნალობაა საჭირო.
ჩვენი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეროვნული მედეგობის საკითხებია. მედეგობა არის ერის იმუნური სისტემა, რომელიც თუ სუსტია, ყველა ის ავადმყოფობა, როგორიცაა რუსული პროპაგანდა, ან კიბერუსაფრთხოება, ან ეკონომიკური უსაფრთხოება, გაცილებით უფრო ადვილად იჩენს თავს. ამ მედეგობის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი უფრო ადვილად უკვე თვითონ საზოგადოებამ გამოავლინოს ის ინსტრუმენტები, რომლებითაც რუსეთის ფედერაცია მათ შორის საქართველოში არსებული თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით ცდილობს განახორციელოს თავისი გეოპოლიტიკური ამოცანა, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლას.
- თქვენ სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დაწერეთ, რომ ბოლო დროს განახლებული დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი “აღარსად მიმდინარეობს, გარდა კრემლისა. ფიქრობთ, რომ ეს დისკუსია, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ძალიან ხშირად გვესმის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს?
- კი, მეტსაც გეყვით. ბოლო ათწლიან პერიოდს რომ დავაკვირდეთ, 10 წელი 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო იბრძვის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ამერიკის, ევროკავშირის, სხვა ეროვნული სახელმწიფოების პარლამენტებმა მიიღონ რეზოლუციები, რომლებშიც ოკუპაცია იქნება ნახსენები, მოცემული იქნება იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასება, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ. და რომ შემდეგი ეტაპი უნდა იყოს დეოკუპაცია. რომ გადავდიოდეთ არაღიარების პოლიტიკიდან დეოკუპაციის სტრატეგიაზე თუ როგორ გავლენ რუსი სამხედროები საქართველოდან.
ამაზე გადის ახლა ზღვარი. როდესაც ამისთვის ვიბრძვით, ვინღა საუბრობს ომის დაწყების მომენტზე? საქართველომ ამ საკითხში თავისი პარტნიორების მეშვეობით სამართლიანად გაიმარჯვა, მიაღწია იმას, რომ ისტორია რუსეთს მიაკუთვნებს იმას, რასაც აგრესორს. როცა ჩვენ სანქციებს უნდა ვითხოვდეთ თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს საქართველოდა, ახლა ბრუნდება ომის დაწყების საკითხი. ამ დისკუსიამ, შეიძლებაისეთი ეროზია გამოიწვიოს, რომელიც საერთოდ ჩამოშლის მთელ ამ სტრატეგიას.
ვინ დაიწყო ომი - ქვეყნის შიგნით საპრეზიდენტო კამპანიისას ამ დისკუსიის დაბრუნებ და მასში ჩართვა - სწორედ ესაა ჰიბრიდული მეთოდების განხორციელება, ანკესზე წამოგება და ვნახეთ როგორი რეაგირება მოჰყვა, მომენტალურად გაჩნდა შორს მიმავალი გეგმების პერსპექტივა.
ამიტომ ყველთვის მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში გახვიდე დიპლომატიური ჩარჩოებიდან და დაიკავო მკაფიოდ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური პოზიცია. ასეთი დისკუსია არის მავნებლობა და თუ ის გაგრძელდა, გამოწვევს იმას, რომ პარტნიორები გიჟებად ჩაგვთვლიან: რატომ უნდა იბრძოლონ ჩვენი გულისთვის ბირთვულ სახელმწიფოსღთან და რატომ უნდა ეცადონ მათი ინტერესების ნაცვლად ჩვენი ინტერესები წაწიონ წინ ან იბრძოლონ დეოკუპაციისთვის, როდესაც საქართველოს მოსახლეობას თურმე ვერ გაუკრვევია ვინაა მტერი და მოყვარე.
- როგორ შეაფასებდით ამერიკის როლს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის გლობალური ლიდერობის კუთხით?
- მეოცე საუკუნის ისტორია არის იმის ილუსტრაცია თუ რა ხდებოდა ევროპის კონტინენტზე ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე. ის, რამაც მოიტანა სტაბილურობა და შეცვალა პარადიგმა და ამ ახალი პარადიგმის შესაბამსისად, თუ ერი, რაც უნდა პატარა იყოს, ემსახურება სწორ ღირებულებებს და არის ნაწილი ცივილური სამყაროსი, მას ისეთივე უფლება აქვს იყოს თავისუფალი, განავითაროს ეკონომიკა, აირჩიოს თავისი განვითარების გზა, და ა.შ. როგორც დიდ ქვეყნებს.
ამერიკის გარეშე ასეთი პარადიგმის შენარჩუნება დღეს ვერ მოხდება. მის გარეშე ეს პარადიგმა ჩანაცვლებადია. ხშირად რაღაცა ბუნდოვანი ალტერნატივებით, როგორც კი დაითმობა არსებული საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ადეკვატური როლი, არავის შეუძლია წარმოიგდინოს რა შეავსებს ამას, თუმცა აშკარაა სახიფათო მზარდი გეოპოლიტიკური ტენდენციები.
ამერიკის როლის გარეშე არც საქართველოსთვის და არც ევროპული კონტიტნენტის სხვა სახელმწფოებისთვის არ იქნება სახარბიელო ვითარება. საქართველოსთივის ამერიკასთან ურთიერთობა არის ეგზისტენციალური. მხოლოდ ამ დედაქალაქში ესმით, ჩემი აზრით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს შენარჩუნება მათ შორის მათივე რეგონალური ინტერესებისთვის. ესაა ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ასეთი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე, რომელიც აღიარებს ჩვენს შესაძლებლობებს, არ გვყოლია.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ძალიან რთული იქნება იმ პროცესებს მოშორდე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. დიდი სივრცეა ამ მხრივ სამოქმედო. ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვფოკუსირდებით, არის ეროვნული მედეგობა, საინტერესო ახალი ტენდენცია აქაც. საინტერესო პარტნიორები გვყავს ამ მიმართულებით და ვეცდებით, გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული მედეგობა, რომელიც არის რეალურად საქართველოს ვაქცინა. ჩვენ სულ ვიმარჯვებთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ ჰიბრიდული საფრთხეების ლაბორატორიასავით გვექცევა. ამიტომ ამ ვაქცინის გამოვლენა და პარტნიორებისთვის გაზიარება იქნება ერთ-ერთი მთავარი ჩვენს საქმეში.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article