logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ ამერიკელ გენერალთან: საქართველო ისე უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს იმ დრომდე, სანამ დამხმარე ძალები არ ჩამოვლენ - და მე ვფიქრობ, ისინი ჩამოვლენ
ინტერვიუ ამერიკელ გენერალთან: საქართველო ისე უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს იმ დრომდე, სანამ დამხმარე ძალები არ ჩამოვლენ - და მე ვფიქრობ, ისინი ჩამოვლენ
11:57 01.05.2018
გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი და ნატოს ქვეითი ჯარების სარდალი იყო, ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მოკაშირეებს შორის ბზარის გაჩენას ცდილობს, თუმცა ალიანსი ისეთი ერთიანი და ძლიერი როგორიც დღეს არის დიდი ხანია არ ყოფილა. საქართველოზე საუბრისას, ჰოჯესი ამბობს, რომ ქვეყანას საუკეთესო ჯარისკაცები ჰყავს. სამ ვარსკვლავიან გენერალს ასევე მიაჩნია, რომ საქართველომ თავდაცვის კონცეფცია ისე უნდა შეიმუშაოს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს. გენერალ ბენ ჰოჯესს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- ბატონო გენერალ, როგორ აფასებთ ნატო-რუსეთის ურთიერთობას ამ ეტაპზე?

- ჩემი აზრით, ალიანსმა ძლიერი და მკაფიო რეაგირება გააკეთა რუსეთის აგრესიაზე. რუსეთი ცდილობს დაარღვიოს საერთაშორისო წესრიგის ნორმები, გავლენა იქონიოს ჩვენს ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე და ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის ბზარი გააჩნოს. რუსეთს სურს მთელმა სამყარომ ის ძლიერ სახელმწიფოდ დაინახოს, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ალიანსის და ევროკავშირის დასუსტებით არის შესაძლებელი. ნატო და ევროკავშირი ამ დამოკიდებულებას მკაფიოდ გამოეხმაურნენ - ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ევროკავშირის სანქციები დღემდე ძალაში რჩება. 2014 წლიდან ყოველ სამიტზე ალიანსმა შეკავების მეთოდები გააძლიერა, ივლისის ბრიუსელის სამიტზე კი სავარაუდოდ, რეაგირების გზების დახვეწაზე იქნება საუბარი. ჩემი აზრით, ალიანსი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე წარსულში იყო. გამოწვევები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მე ასეთი ერთიანი ალიანსი არ მახსოვს.

- თქვენი აზრით, ნატოს ამ ერთობას აქვს თუ არა გავლენა რუსეთის თვითშემეცნებაზე და იმაზე, თუ როგორ უყურებს ის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ქვეყნებსაც?

- რუსები აცნობიერებენ იმას, რომ ალიანსი შესაძლებლობებს აძლიერებს. ერთი რეგიონი, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შავი ზღვის აუზია. ეს მათთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით საუკეთესო საწყისი პოზიციაა. რუსეთი ამ რეგიონს სტრატეგიულად მიიჩნევს. ამის გამო ნატო ისეთივე ძლიერი უნდა იყოს ამ რეგიონში, როგორიც ის ბალტიისპირეთშია. ის ფაქტი უდავოა, რომ რუსეთი ამ რეგიონში დიდძალი ფულის და ძალისხმევის ინვესტირებას აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს და ნატოს არ შეუერთდნენ. ამ მიზნისთვის ისინი დემოკრატიულ ინსტიტუტებში არსებულ ბზარებს იყენებენ და ამას ამატებენ დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო მეთოდებს.

- საქართველო არაერთი თვალსაზრისით, რთულ რეგიონში მდებარეობს. რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ნატოს წევრია, ზოგი რუსეთის მოკავშირე. როგორ უნდა გაართვას ქვეყანამ თავი ამ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოს?

- მესამე ასპექტი კი ის არის, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ნაწილია. საკუთარი უსაფრთხოებისთვის რეგიონულ კონტექსტში მიდგომა მნიშვნელოვანია. რუსეთს სამხრეთიდან ასე უნდა მივუდგეთ. როცა რუსები შავი ზღვის რეგიონს შეხედავენ - უსაფრთხოების მიზნით გაერთიანებულ ექვს ქვეყანას უნდა ხედავდნენ. ამაში საზღვაო ოპერაციები, ერთობლივი წვრთნები, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მოიაზრება. ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს საგრძნობლად გაზრდის.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, შეიარაღებული ძალების მეთაური და თავდაცვის მინისტრი კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს, იმ დრომდე, სანამ დამხმარე ძალები არ ჩამოვლენ - და მე ვფიქრობ ისინი ჩამოვლენ.

- თქვენი აზრით, ნატოს ბრიუსელის სამიტზე ივლისში ამ თემაზე საუბარი იქნება?


- ამის დიდი იმედი მაქვს. ალიანსის მხრიდან შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე რეგიონის ინდივიდუალურ ქვეყნებზე ზრუნვა. შავი ზღვა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამასთან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს ეს კი ევროპის ბევრ ქვეყანაზე მოახდენს გავლენას.

- დიდწილად, ამერიკის მხრიდან დახმარების შემდეგ, კატარღის გადაცემა იქნება ეს, არსებული აღჭურვილობის შეკეთება თუ სხვა სახის დახმარების გაწევა, საქართველო შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებაში საკუთარ როლს თამაშობს.

- დიახ. ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრ რამეს აკეთებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა. შეკავების კრიტიკული ასპექტი სისწრაფეა - საფრთხის ამოცნობის სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ძალების მობილიზების სისწრაფე. საქართველოს უფრო მალე ეცოდინება, თუ რა ხდება სინამდვილეში, ვიდრე შეერთებულ შტატებს. იგივე ეხება მოლდოვას, უკრაინას და სხვა ქვეყნებს. რეგიონის ქვეყნების მხრიდან ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავის დასაცავად აღჭურვილობის ყიდვა.

- თქვენ საქართველოსთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ. როგორ შეაფასებდით ქვეყნის განვითარებას სამხედრო თვალსაზრისით?

- ერთი რამ, რაც არ იცვლება არის ჯარისკაცების ხარისხი. მოხიბლული ვარ ქართველი ჯარისკაცებით. მე ისინი ავღანეთში რამდენჯერმე ვნახე. ისინი ძლიერი, გაუტეხელი შემართების მქონე, სანდო ჯარისკაცები არიან. ოფიცრები, რომლებსაც მე შევხვდი კარგად მომზადებული, საზრიანი ხალხია. ხვდებიან რა გამოწვევები აქვთ და ფიქრობენ მათ გადალახვის გზებზე. ინვესტიცია, რომელსაც საქართველო დებს ჯარში მომსახურე ქალებისა და კაცების მომზადებაში, ნებისმიერი სახის აღჭურვილობის ყიდვაზე მნიშვნელოვანია.

- ქვეყნის თავდაცვის კონცეფციისადმი მიდგომაზე რას იტყვით?

- თავდაცვის სწორი კონცეფციის შემუშავება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჯერ ეს კონცეფცია უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყიდოთ აღჭურვილობა და საკუთარი ძალების ორგანიზება თავდაცვის სტრატეგიაზე მორგებით უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ფინეთთან და ესტონეთთან შეხვედრა კარგი გადაწყვეტილება იყო. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან და ისინიც იყვნენ რუსეთის სამხედრო თავდასხმის სამიზნე. საქართველოს მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი სტრატეგიული გამოწვევების მქონე მოკავშირეებთან ახლო სამხედრო კავშირები და ომის გამოცდილების გაზიარება.

- საქართველო რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის წინაშე ისევ დგას?

- ამ საფრთხის წინაშე ყველა ვდგავართ. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა სახით გამოიხატოს - იყოს კინეტიკური, ელექტრონული ან სხვა სახის. ჩვენ ყველა რუსეთის სამიზნეები ვართ. დეზინფორმაციის გამოყენებით რუსეთი ჩვენს ინსტიტუტებს უწყვეტად ესხმის თავს. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და მკაფიოდ დავანახოთ რუსეთს, რომ მათ ზოგიერთ ნაბიჯს ჩვენ არ შევეგუებით.
საქართველომ, ვფიქრობ, უნდა გააგრძელოს ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს. ამისთვის მოკავშირეებთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობა აუცილებელია. ქვეყნის შიგნით გადასადგმელ ნაბიჯებს რაც შეეხება, რუსეთი სარგებლობს მაშინ, როცა მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაა, როცა მედიას საკუთარი საქმის გაკეთების საშუალება არ ეძლევა. ეს დიდი სისუსტეა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხს არჩევნების, მედიის დამოუკიდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობის სჯეროდეს. როცა ეს ნდობა ქრება რუსეთი დეზინფორმაციით და სხვა მეთოდებით სისუსტეს გამოიყენებს.



წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის