logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

დროიდან ორ მეზობელ სახელმწიფოს მშორის კონტაქტები ხორციელდება როგორც ჟენევის მრავალმხრივი დისკუსიების, ასევე მოგვიანებით შექმნილ „აბაშიძე-კარასინის“ ორმხრივი ფორმატის მეშვეობით. რა გაკეთდა ან რა დარჩა მოუგვარებელი, როგორი პერსპექტივა აქვს მოსკოვ-თბილისის ურთიერთობას? ამ ყველაფერზე «Независимая газета»-ს მიმომხილველ იურის სიმონიანს ესაუბრა ზურაბ აბაშიძე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

- პრაღაში 31 იანვარს დაგეგმილია თქვენი მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან. როგორია გასული წლის შედეგები 2018 წლის მოლაპარაკების პირველ რაუნდისათვის?

 

- სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმავე წელს შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომლის მიზანს ე.წ. „სარკოზი-მედვედევის გეგმის“ რეალიზება წარმოადგენს, საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები დღემდე რეგულარულად ტარდება და ამ შეხვედრების დროს პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე რთული საკითხები განიხილება.

 

რაც შეეხება პრაღის ორმხრივ დიალოგს, მის ჩარჩოებში ჩვენ ვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ჰუმანიტარული ხასიათის ცალკეულ საკითხებს, ანუ ამ ფორმატს საკმაოდ კონკრეტული და პრაქტიკული დღის წესრიგი აქვს. 2013 წლიდან დაწყებული, ჩვენ მოვახერხეთ და თითქმის სრულად აღვადგინეთ სავაჭრო კავშირები. როგორც იცით, რუსეთმა 2006 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, დღეს კი სავაჭრო კავშირების გაფართოების სფეროში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელთაგაცვლა 33%-ით გაიზარდა და თითქმის ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. აღდგა და სწრაფად ვითარდება სამგზავრო-სატვირთო გადაზიდვები. მოქმედებს პირდაპირი ავიამარშრუტები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს. გარდა ამისა, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტები, რითაც რუსული კომპანიებიც აქტიურად სარგებლობენ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ტურისტთა რაოდენობის ზრდას - გასულ წელს საქართველოს რუსეთიდან მილიონ 400 ათასი სტუმარი ეწვია. ბევრი მათგანისათვის სასიამოვნო იყო ის რეალობა, რომ ქართველები სრულიად სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია, რომელსაც რუსეთთან ბევრი რამ აქვთ საერთო და რომ საქართველო, არსებული პრობლემების მიუხედავად, რეალურად მოქმედი დემოკრატიული სისტემის პირობებში ვითარდება.

 

პრაღის შეხვედრებზე ჩვენ შევთანხმდით ე.წ. „სპეცსიების“ საკითხზეც, რომელიც ეხება ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და მსჯავრდებულ რუსეთისა და საქართველოს  მოქალაქეებს. რუსეთის საპყრობილეებიდან ვადამდე გათავისუფლდა საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ დელიკატური თემაზე.

 

- კიდევ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს?

- რადგანაც ეს თემა დელიკატურია, მოდით, ასე ვიტყვი - კიდევ რამდენიმე ადამიანი.  უმრავლესობისთვის საკითხი უკვე მოგვარებულია და იმედი მაქვს, დანარჩენებისთვისაც სამომავლოდ პრობლემა გადაწყდება.

 

- რა იყო თქვენთვის ყველაზე იმედგამაცრუებელი მომენტი პრაღის მოლაპარაკებების დროს?

- გულახდილად გეტყვით. 2013 წლიდან დაწყებული, როცა პრაღაში დიალოგის დროს  ჩვენ მოვილაპარაკეთ პოლიტიკურ საკითხებზე არ გვესაუბრა, მაინც იმედი გვქონდა, რომ ვაჭრობის, ტრანსპორტის მოძრაობის, ტურიზმისა და ჰუმანტარული კავშირების აღდგენა ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებასაც. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: 2008 წლიდან პოლიტიკური ურთიერთობა ღრმა ჩიხში იმყოფება. მოსკოვი უარს არ ამბობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, საქართველო კი ამას არასოდეს შეურიგდება. დღეს საქართველოს ორი რეგიონი სულ უფრო მეტად ინტეგრირდება რუსულ სივრცეში, მტკიცდება და ძლიერდება რუსული სამხედრო ყოფნაც. სხვათა შორის, სულ ახლახან რუსეთმა იქ უახლესი სამხედრო ტექნიკა შეიტანა. უხეშად ირღვევა ფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებებიც - ადამიანები იქ მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფებიან. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, საქართველოს სუვერენიტეტს და ადამიანთა ქცევის ელემენტარულ ნორმებს. ამ კონტექსტში რუსი ჟურნალისტებისათვის კარგი იქნებოდა მათ რეალურად, თავისი თვალით ენახათ, თუ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ე.წ. „საზღვრის“ ბორდერიზაციის პროცესი საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს შორის: მავთულხლართებით გაყოფილი სოფლები, გაუბედურებულ ადამიანთა მდგომარეობა... ეს ყველაფერი უსაშველობის შეგრძნებას იწვევს. ამ ე.წ. „საზღვრებით“ რუსეთის რეპუტაციაც ილახება, მოსკოვი ძალიან ბევრს კარგავს. ასეთ სიტუაციაში არაა გამორიცხული, რომ მცირე კონფლიქტიც კი უმართავ პროცესში გადაიზარდოს. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობას, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიასაც. რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებია.

 

- ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, სავიზო რეჟიმია. არის თუ არა თქვენთვის რაიმე ცნობილი, თუ რას აპირებს რუსეთი? შეარბილებს სავიზო რეჟიმს? ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების კვალობაზე საქართველოს მცხოვრებთა ნაწილისათვის ეს საკითხი აქტუალურია...

- სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება რუსული მხარის პრეროგატივაა. როგორც იცით, საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან განახორციელა სავიზო ბარიერების გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისათვის, დღეს კი მათ საქართველოში სრულიად დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე შეუძლიათ სტუმრობა და აქ ერთი წლის განმავლობაში ყოფნა. აქვე ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში წასასვლელად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

რაც შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთში უნდა გაიმართოს, როგორც ვიცი, თუ მოქალაქეს მატჩის ბილეთი ექნება, მას რუსეთში შესვლის ნებას მისცემენ. ჩვენ განზრახული გვაქვს ამ საკითხში დეტალები უახლოეს ხანში დავაზუსტოთ.

- რა უშლის ხელს მუშაობის დაწყებაში შვეიცარულ კომპანიას (SGS), რომელიც მზადაა საბაჟო რეგულაციებს შეუდგეს რუსეთს, საქართველოს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს შორის? ამ საკითხში ინფორმაცია სხვადასხვანაირია და გაურკვეველი ხდება, თუ რომელი მხარე აყოვნებს შეთანხმების რეალიზებას...

 

- ზოგადად სიტუაცია ასეთია: 2011 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების შესახებ, რომლის რეალიზების მიზნით ნეიტრალური შვეიცარიის კომპანია უნდა მოწვეულიყო. საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ქართულმა მხარემ, გასული წლის დეკემბერში, შვეიცარიელებთან შესაბამისი კონტრაქტი გააფორმა. ახლა რუსეთის ჯერი დადგა, რომ მოსკოვმა ანალოგიური კონტრაქტი გააფორმოს. შემდეგ კი ამ არაორდინარული პროექტის იმპლემენტაციის ეტაპი დაიწყება. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ერთ გარემოებას: ეს შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორისაა დადებული და შესაბამისად, ყველანაირი საკითხი თბილისსა და მოსკოვში უნდა გადაიჭრას, შვეიცარიელი კოლეგების ხელშეწყობით.

- ამ დღეებში გაკრთა ინფორმაცია, რომ ცხინვალი საქართველოსთან საბაჟო პუნქტის გასახსნელად ემზადებაო. ასევე თითქოსდა უნდა გაუქმდეს დღეს არსებული შეზღუდვა, რომლის შემდეგ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის მცხოვრებლებს საშუალება მიეცემათ  საქართველოდან 50 კილოგრამი ტვირთი შეტანონ. უკავშირდება თუ არა ეს რამენაირად შვეიცარიულ კომპანიის შესაძლებელ საქმიანობას?

 

- საქართველოს პოზიცია ცნობილია: ჩვენ ამას [ანუ ცხინვალის გადაწყვეტილებას] არალეგალურად ვთვლით. გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ მოქმედებას ხსენებულ 2011 წლის შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც უკვე ვთქვი, შეთანხმება დადებულია რუსეთსა და საქართველოს შორის და ეხება მხოლოდ ორი სახელმწიფოს ურთიერთობას.

- როგორც ცნობილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს საავადმოყოფოებში თავიანთი მოქალაქეებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევას და მათ რუსეთში მკურნალობას ურჩევს, რომელმაც უკვე მიიღო გეგმა   ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის თაობაზე...

 

- საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები სამედიცინო დახმარების გასაწევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის. მათგან ზოგიერთები სარგებლობენ ამ შესაძლებლობით. ფაქტია, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურების დონე საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა. ამას მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტთა სიმრავლეც ადასტურებს. თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა სხვაგანაც ექნებათ, ეს მათი საქმეა. იმედია, რომ თქვენს მიერ ნახსენები რუსული შეღავათები არ იქნება შეთავაზებული პრინციპით - „ოღონდაც საქართველოში არ წახვიდეთ“.

- თქვენი აზრით, 2018 წელს უნდა ველოდოთ თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას?

 

- 2018 წლის აგვისტოში ათი წელი სრულდება იმ სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელმაც ქართველი ხალხის ხსოვნაში უმძიმესი ტრაგედიის კვალი დატოვა. დღევანდელ სიტუაციაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არ დგას. ამავე დროს ჩვენ არჩევანის წინაშეც ვდგავართ: ან განცხადებებისა და ბრალდებებისათვის უნდა მოვემზადოთ „იუბილესთან“ დაკავშირებით, ან ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩიხიდან თანდათანობით გამოსვლისათვის. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება, არაორდინარული აზროვნების განსაზღვრული დონე და მეგობრების ძიება. საქმე ხომ იმაში არაა, რომ ვიღაცის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, რომ პრაღის შეხვედრაზე, იანვრის ბოლოს, გრიგორი კარასინთან საქმიანი საუბარი მექნება კონკრეტული შედეგებით. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოზიტიური დინამიკა იყოს რთული პოლიტიკური საკითხების განსახილველად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათ წინადადება წამოაყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში წარმომადგენლობის დონის გაზრდის მიზნით. ვფიქრობ, მოსკოვი შეძლებს რეალურად შეუწყოს ხელი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგს. ამით ხომ საერთაშორისო თანამეგობრობაცაა დაინტერესებული, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად იზიარებს საქართველოს პოზიციას. ჩემს პასუხს ასეთი კითხვით დავასრულებ: გვინდა თუ არა ომის 10 წლისთავი გადავაქციოთ ერთგვარ მიჯნად ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის?

 

 

წყარო: «Независимая газета» (რუსეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article