გურამ ნიკოლაშვილი: აშშ-ის 1200 დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი ქართულ ეკვივალენტზე ბევრად ნაკლებია, ამერიკულ სამომხმარებლო კალათასა და ოკეანისგაღმა ფასებთან შედარებით
 გურამ ნიკოლაშვილი: აშშ-ის 1200 დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი  ქართულ ეკვივალენტზე ბევრად ნაკლებია,  ამერიკულ სამომხმარებლო კალათასა და ოკეანისგაღმა ფასებთან შედარებით
18:38 24.04.2020

"აშშ-ის 1200 დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი ქართულ ეკვივალენტზე ბევრად ნაკლებია, თუ ამერიკულ სამომხმარებლო კალათასა და ოკეანისგაღმა ფასებს შევადარებთ" - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ "იმედის" დღის ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, 1200 ლარიანი დახმარება ყველა იმ პირს, რომელიც გამოვლინდება საშემოსავლო გადასახადების ბაზიდან, შეიძლება ითქვას რომ მოსახლეობის ყველაზე დიდ ფენას ეხება.

"დახმარების ზომამ არ შეიძლება არ გაგვახსენოს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პაკეტი 1200 დოლარის მოცულობით, რომელიც ქართულ ეკვივალენტზე ბევრად ნაკლებია, თუკი ამერიკულ სამომხმარებლო კალათასა და ოკეანისგაღმა ფასებს შევადარებთ. პრემიერმა გამოყო რამდენიმე მიზნობრივი ჯგუფი, რომელთა დახმარების მოცულობასა და პრინციპზე დეტალურად ისაუბრა. პირველი შთაბეჭდილებით, ეს არის დაზარალებულ მოქალაქეზე მაქსიმალურად მორგებული დახმარების პაკეტი, რათა მინიმუმამდე დავიდეს ის ზიანი, რაც ადამიანებმა მიიღეს პანდემიის მიზეზით. სამომავლოდ ჩვენ ველით მთავრობისგან, როცა უკვე გამოჩნდება კრიზისის რეალური მასშტაბი, სამუშაო ადგილების აღდგენის და ეკონომიკური ზრდის გეგმას. თუმცა დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა პირველად გადაუდებელ დახმარებას ვსაჭიროებთ" - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, 3,5 მილიარდი ლარი, ეს არის ის რესურსი, რაც ხელისუფლებამ მოიძია პანდემიის მიზეზით წარმოქმნილ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. როგორც პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა, ეს არის პირველადი, კრიზისული ვითარების დასაძლევი ბიუჯეტი და დროთა განმავლობაში სტიმულირების კიდევ სხვა გეგმებს ვიხილავთ.

"მიუხედავად იმისა, რომ გეგმის შესახებ ორიოდე საათის წინ გახდა ცნობილი, ქუჩის ოპოზიციამ უკვე მოასწრო პირველადი შეფასებების გაკეთება. ცხადია მათგან ვერ მოისმენთ შეფასებას, ჩვენნაირი შესაძლებლობის ქვეყნისთვის არის თუ არა წარმატება სამი მილიარდის მოზიდვა, ასევე ვერ მოისმენთ ანალიზს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად და სამართლიანად განაწილდა ეს რესურსი. ისინი ჩვეულ სტილში იწყებენ ქილიკობას 200 ლარზე! შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ დადგმული სპექტაკლის გაგრძელებას, რაც მოაწყვეს დევნილთა დასახლებაში, როდესაც გაჭირვებულ ქალს პასკა და კვერცხები გადააყრევინეს ტელეკამერის წინ. ამ ადამიანებს არ უყვართ სახელმწიფო და სამწუხაროდ ყველაფერს იკადრებენ პოლიტიკური რევანშისთვის. ნუთუ შესაძლებელია ასე დაგაბრმაოს სიძულვილმა, რომ სამიათასლარიანი ტელეფონით სოციალურ ქსელში პოსტები გამოაცხო, ხალხო მოდით და დასცინეთ 200 ლარიან შემწეობასო" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ნიკოლაშვილი კრიტიკოსებს ურჩევს, კარგად გადახედონ ამერიკულ კრიტერიუმებს, ვის ეკუთვნის ფედერალური დახმარების ჩეკი, პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით და რამხელაა შემოსავლების ის ზღვრები, რითიც ეს კრიტერიუმები დგინდება, შემდეგ შეადარონ საქართველოს ეკონომიკას, მოსახლეობის შემოსავლების ოდენობასა და დახმარების ზომას.
ბეჭდვა