კობა გვენეტაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს
კობა გვენეტაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს
21:31 15.04.2020
"ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

დასაწყისში კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა მისიის წევრებსა და მთლიანად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რადგანაც ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რთული გარემოებების ფონზე, რაც პანდემიის შედეგად დღეს გვაქვს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა დონორთა მხრიდან სოლიდური ფინანსური დახმარების გამოყოფაზე, მისი განცხადებით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული დაფინანსების დაახლოებით 375 მლნ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ამჯერად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის გაიყოფა. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე - დაახლოებით აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისში - ფინანსთა სამინისტრო 200 მილიონის დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა შემდეგი ორი მიმოხილვის შედეგად - 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში - ეროვნული ბანკისთვისაა განკუთვნილი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება. ეს არის ის, რაც დღეისთვის უკვე ცნობილია. მომავალში, ერთეული პროექტების ხარჯზე, დაფინანსების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება".

კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკურ ტენდენციებში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მნიშვნელოვნად შემცირდა. საგარეო მოთხოვნასთან ერთად, შიდა აქტივობაც საგრძნობლად შენელებულია. შედეგად, 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის შემცირებაა მოსალოდნელი.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს კრიზისებთან გამკლავების წარმატებული გამოცდილებები. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების დამსახურებით, ეკონომიკამ ბოლო წლებში არაერთი რთული სიტუაცია დაძლია (2014-2015 წლების შოკი, 2020 წლის ზაფხულის შოკი) ისე, რომ ქვეყანა ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესებს მინიმალური შესაძლო დანაკარგებით უბრუნდებოდა და, შედეგად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი ტენდენციები გრძელდებოდა. ეს გვაძლევს რწმუნებას, რომ არსებულ სირთულეებსაც მინიმალური დანაკარგებით დავძლევთ და პანდემიის გადავლის შემდგომ, ეკონომიკა სწრაფად მოახერხებს აღდგენას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მოქნილი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ისე, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე ეტაპობრივად დაბრუნება უზრუნველყოს.

"შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, სავალუტო ინტერვენციები საჭიროების მიხედვით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული.

გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი სწორედ დღეს ჩანს. ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, სწორედ იმ დაგროვებულ რეზერვებს გამოვიყენებთ სავალუტო ბაზრისთვის მისაწოდებლად", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე, რამაც ხელი შეუწყო რეგულირების პროცესის გაუმჯობესებას.

"საბანკო სექტორი დღევანდელ გამოწვევას კარგად მომზადებული შეხვდა - მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, ისტორიულად დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში. ამასთანავე, ბოლო წლებში საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა, ხოლო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვამ შეამცირა ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია და დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები ნაკლები და უფრო ადეკვატური ვალით ხვდებიან".

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის გონივრულმა და წინდახედულმა საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ დღეს საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ აემოქმედებინა სპეციალური დროებითი საზედამხედველო გეგმა, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს გაანეიტრალოს პოტენციური ზარალები, განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და, რაც მთავარია, გააგრძელოს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.

როგორც ცნობილია, გეგმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოათავისუფლა 1,6 მლრდ ლარის კაპიტალის მოთხოვნა საბანკო სექტორისათვის.
ბეჭდვა