ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას
19:39 08.04.2020
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირება განახორციელეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა.

მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, „კასპი ცემენტის“ საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები. „აქ ყველგან არის წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები, ადგილებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორივე საჯარო უწყების სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსათვის. „მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მინისტრმა დაასახელა 10-ზე მეტი საწარმო, რომლებმაც საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს. „მათ მიეცათ მითითება და განმარტება. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კომპანიები კვლავ მოგვმართავენ და ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დაგვხვდება და ჩვენც შევძლებთ მათ განაცხადი დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრო მალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს, მით უფრო მალე ამოიქოქება ჩვენი ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც, იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მალე დადგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ბეჭდვა