გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს
გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს
19:41 24.02.2020
„ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას. იმედი გვაქვს, რომ წინადადებები, რომლებიც გამოითქვა კერძო სექტორიდან, იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და მასში გაერთიანებული კომპანიების წარმომადგენლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი.

ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი საინვესტიციო პროექტის „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის დროსაც საპრივატიზებო აუქციონებში მონაწილე პირებს სთავაზობენ უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარაა მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ცოტა ხნის წინ პროექტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტიც დაემატა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

„ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და ჩვენს მის განხორციელებას მხარს დავუჭერთ,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ბეჭდვა