FAO-მ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა წარადგინა
              FAO-მ  მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა წარადგინა
16:39 03.07.2019
2-3 ივლისს, ქალაქ ბათუმში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონულ კონფერენციაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, მამუკა მესხმა გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) რეგიონული მასშტაბით დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე.

GIAHS-ის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს რეგიონული ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები.

ბეჭდვა