ნათია თურნავა: ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას
ნათია თურნავა: ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას
22:19 15.05.2019
„ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია“ - ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავა ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
„ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს არის ე.წ. „საგზაო რუკა“ ვაჭრობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ გავაფართოვოთ ორმხრივი ვაჭრობა. ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობთ, რომ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა: „განვიხილავთ „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ქუთაისის მიმართულებით“

„ჩვენ განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია ორი ინიციატივა, სადაც წინ წავიწიეთ - ეს არის ყაზახური ხორბლის დაბრუნება ქართულ ბაზარზე და „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანა საქართველოში“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

„ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან. ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბეჭდვა