ივანე მაჭავარიანი: ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტი აიგო, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებაა
ივანე მაჭავარიანი: ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტი აიგო, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებაა
17:46 29.01.2019
„ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა , ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ფინანსთა მინისტრმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე- „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ახალი გლობალური ინიციატივა „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ინტენსიური რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს.

„ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის ყველაზე პროდუქტიული დაბანდება, ამ მიმართულებით გაზრდილ ინვესტიციებს ძალიან მაღალი უკუგება ექნება. ეს მოდელი ხელს უწყობს ქვეყნას ჰყავდეს უფრო განათლებული და მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ინოვაციებზე. გვაქვს ამბიცია, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ „ადამიანური კაპიტალის ინდექსში“. ზუსტად ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი, ასევე, შემდგომი წლების ბიუჯეტებიც ამ ფილოსოფიით დაიგეგმება, ყველა შესაძლებლობას გვაძლევს, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რაც მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბეჭდვა