ბიზნეს სექტორის ბრუნვა და პროდუქციის გამოშვების მოცულობა გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 2018 წლის მესამე კვარტალში 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 10,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 5,6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს:
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,6 პროცენტი - საშუალო, ხოლო 32,1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 39,3 პროცენტი, საშუალოზე - 25,9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 34,8 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის III კვარტალში 14,9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,2 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9,2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13,3 პროცენტით მეტი). 2018 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 665,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3,3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,0 პროცენტი ქალია, ხოლო 60,0 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,6 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 628,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 2,8 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2252,7 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9 პროცენტით მეტი). 2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 892,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 55,4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1192,8 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1374,6 ლარი, • მცირე ბიზნესი – 1070,0 ლარი.
2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 12,0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება - 10,0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 9,0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება:
2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21,4 პროცენტი) და მშენებლობა (19,3 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 10,0 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2018 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7 პროცენტი, 13,3 პროცენტი და 10,7 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (10,4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,6 პროცენტი).