თელავში ტექნოპარკი გაიხსნა
თელავში ტექნოპარკი გაიხსნა
17:40 24.11.2018
თბილისისა და ზუგდიდის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი თელავშიც გაიხსნა, რომლის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში განახორციელა. თელავის ტექნოპარკი აღჭურვილია ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომლითაც საქართველოს სხვა ტექნოპარკების მომხმარებლები სარგებლობენ.

ტექნოპარკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. თელავში ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები.

"თელავის ტექნოპარკის გახსნა იმ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება. იმედი გვაქვს, რომ თელავის ტექნოპარკი იქცევა კახეთის რეგიონში ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად, ხოლო ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს საშუალებას, განავითარონ საკუთარი იდეები და შესაძლებლობები," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ.

ლაშა მიქავას განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია საქართველოში ინოვაციური ბიზნესების განვითარება, რაც სათანადო ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია. "ჩვენ მაღალტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ვცხოვრობთ და გვაქვს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი. მსგავსი პროექტებით ჩვენ ვდებთ ინვესტიციას მომავალში, რადგან გვჯერა, რომ ტექნოლოგიური პარკები, ფაბლაბები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა გახდება სერიოზული ბიძგი ინოვაციური ბიზნესების კეთების მსურველი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი იდეების განსახორციელებლად ჩვენ შევქმენით გამართული ინფრასტრუქტურა და სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მომდევნო ტექნოლოგიური პარკი საქართველოში ბათუმში გაიხსნება.

ბეჭდვა