ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია
ირაკლი კობახიძე: ენზელ მკოიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია
14:13 02.11.2018
„ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გააღიზიანა და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით ახალქალაქში მომხდარი სამწუხარო ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგი იყო.


“ჩვენ, სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რამაც ბუნებრივია გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ ერთგვარი შეტევის მიტანას ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე. ისინი იყენებენ არასწორ მეთოდებს და ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო ის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა ახალქალაქში. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას ენზელ მკოიანს. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ეს მაღალი შედეგი და კიდევ უფრო მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, მმართველი გუნდის ხელთ არსებული, მტკიცებულებებით დადასტურებული ინფორმაციით, კონფლიქტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობას“ პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პროვოკაციებს, კანონის ჩარჩოებში მკაცრი პასუხი ექნება.


„ამაზე საბოლოო პასუხს გასცემს სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით , კონფლიქტი დაიწყო სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა