logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ახალი პოლიტიკური თამაშები
ახალი პოლიტიკური თამაშები
10:33 11.11.2014
გასულ კვირაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ კითხვას - „ესენი ერთად როგორ არიან?“ ,- პასუხი გაეცა და კოალიციის ერთიანობას პირველი დარტყმა მიადგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიებისგან შემდგარი კოალიციის თავიდანვე არსებული სიმყიფე უკვე დასრულდა და კოალიციიდან გაფრენილი პირველი მერცხალი ირაკლი ალასანია და მისი პოლიტიკური ჯგუფი აღმოჩნდა.
ამ პროცესებს კი, წინ საკმაოდ მძიმე მოვლენები უძღოდა. იგულისხმება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრების საქმე რამდენიმე მილიონის გაფლანგვის ბრალდებით.

სამწუხაროდ, უწყების მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და მათ შორის, თავად მოქმედმა მინისტრმა ალსანიამაც, მის წინააღმდეგ გადადგმილ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქვა და გააკეთა კიდევაც მტკიცებით ფორმაში განცხადება დაკავებულების უდანაშაულობისა და აგრეთვე, სავარაუდო უსამართლობისა და ჩაგვრის შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრმა პირველი შეცდომა ამ განცხადების გაკეთების დროს დაუშვა, რასაც მოგვიანებით მოვლენათა და შეცდომათა მთელი კასკადი მოჰყვა.

რა თქმა უნდა, აქ თავისი როლი ცხელმა გულმა ან გადაჭარბებულმა თავმოყვარეობამ ითამაშა, თორემ, ირაკლი ალასანიასთვის საუკეთესო გამოსავალი სწორედ პოსტზე დარჩენა და გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ალასანიას თანამშრომლების უდანაშაულობა დამტკიცდებოდა, მას შეეძლო გმირიც გამხდარიყო და თუნდაც ამის მერე დაეტოვებინა თანამდებობა დემონსტრაციულად და პოლიტკურ დევნა-შევიწროებაზე ალაპარაკებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დამაჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ.

მითუმეტეს, ირაკლი ალასანიას საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს უცხოეთშიც და აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რისი დემონსტრირებაც, თუნდაც მოვლენების მიმართ აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის აქტიურობა იყო.

ამ კონტაქტების მეშვეობით, ალასანიას ნამდვილად შეეძლო გამოძიების პროცესის ობიექტურობა მინისტრის თანამდებობიდან მაქსიმალურად ეკონტროლებინა და თუ მისი უწყების მაღალჩინოსნები ნამდვილად უდანაშაულოები არიან, მაშინ მათ გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრი გაცილებით უფრო მოკლე დროში მიაღწევდა.

რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ ირაკლი ალასანიას ან თუნდაც მისი გუნდის წევრებს გამჭრიახობა ან პოლიტიკური გამოცდილება არ ეყოთ ასე მოქცეულიყვნენ.

სწორედ ეს აჩენს ერთგვარ ეჭვს, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციულ გარიგებებს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება სწორედ ირაკლი ალასანიას აწყობდა, რითაც ის პოლიტიკური დევნილის მანტიას ადვილად ამოეფარებოდა.

ასეა თუ ისე, თავდაცვის მინისტრმა აქაც გადაამლაშა, როცა თავის განცხადებაში, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მიმართ ხელისუფლების ერთგულება პრაქტიკულად ეჭვქვეშ დააყენა.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ განცხადებით ალასანიამ ერთ-ერთზე გაიმეორა „ნაციონალური მოძრაობის“ მამამთავართა მესიჯები, საკუთარი თავი და პოლიტიკური გუნდიც საგრძნობლად დააზარალა. დაზარალა ქვეყანაც, თუმცა ეს საქართველოში ტრადიციულად, ძალიან ცოტას თუ აწუხებს.

თუ მაინცდამაინც ვითარების დრამატიზება უნდოდა, ალასანიას მიზეზად არა ქვეყნის ევროპული კურსი, არამედ კოალიციის შიგნით არსებული ვითარება უნდა დაედო და ამ შემთხვევაში, შექმნილი ვითარებიდან ის შედარებით უმტკივნეულოდ გამოვიდოდა.

საგულისხმოა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამავე უწყების თანამშრომლების მიმართ, ჯარისკაცების მასობრივად მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებითაა აღძრული.

როგორც საზოგადოებამ გაიგო, ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, მისი ფინალი კი ზუსტად დაემთხვა ე.წ. კაბელების საქმეს, რაც თავდაცვის უწყების თანამშრომელთა დაკავების კიდევ ერთი ტალღის წინაპირობა გახდა.

რა თქმა უნდა, დროში დამთხვევა საკმაოდ საეჭვოა, მაგრამ ის, რომ ქართული ჯარის კვების მხრივ ყველაფერი მთლად კარგად ვერ იყო, ფაქტია და ამას ჯარისკაცების მოწამვლის მასობრივი შემთხვევებიც ადასტურებს.

თუმცა, ჯარისკაცების მოწამვლის საქმის გახმაურებას წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ე.წ. კაბელების საქმეზე შეხვედრა უძღოდა წინ.

როგორც ჩანს, აღნიშნული შეხვედრა ემოციურად არცთუ ცივი გამოდგა, რის გამოც ირაკლი ალასანიას მეორე დღესვე გაუხსენეს ჯარისკაცების მოწამვლის საქმე, რომელიც სავარაუდოდ, გამოძიებული იყო და მზის სინათლის სანახავად თავის დროს ელოდა.

ამ ლოგიკით, ირაკლი ალასანიას ვითარების დრამატიზება რომ არ მოეხდინა, შესაძლოა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესები განსხვავებული ფორმატით წარმართულიყო.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, სწორედ ეს აღმოჩნდა ირაკლი ალასანიასთვის ბოლო წვეთი და საგანგებო ბრიფინგი პარტიის ოფისში დააანონსა.
ბრიფინგის არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ პარტიის ოფისში გამართვამ გააჩინა მოლოდინი და ვარაუდი, რომ ალასანია გადადგებოდა, თუმცა მან განცხადება გადადგომის ნაცვლად, ქვეყნის დასავლური კურსის ხელშეშლის შესახებ გააკეთა. უნდა ითქვას ისიც, რომ მან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს პრაქტიკულად, შანსი არ დაუტოვა, რომ ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაეტოვებინა.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ ირაკლი ალასანიამ და მისმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება სპეციალისტების ან კონსულტანტ-ანალიტიკოსების რჩევის საფუძველზე, ცივ გონებაზე მიიღო. უფრო სარწმუნოა ვერსია, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე იქნა მიღებული, რასაც ადასტურებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან გამოსული „თავისუფალი დემოკრატებისა“ და მათი ლიდერის აშკარად აგრესიული ტონი.
კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ ეს გადაწყვეტილება „თავისუფალ დემოკრატებს“ ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

დღეს ისინი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება ერთგვარად ეიფორიაშიც კი არიან და თავიანთი ქმედებით კმაყოფილებასაც განიცდიან, თუმცა ეს ეიფორია ნელ-ნელა გაივლის და პარტია გაცილებით უფრო მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდება.

„თავისუფალი დემოკრატები,“ მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ მაღალი ტრიბუნა აქვთ პარლამენტის სახით, როგორც აღვნიშნეთ, მაინც მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, რამაც თავისი შედეგი შეიძლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიტანოს.

კიდევ ერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების ფავორიტიაო, - შეიძლება მიინავლოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური პრესა NDI-ის კვლევის თანახმად ალასანიას საქართველოში ყველაზე პოპულარულ ლიდერად მოიხსენიებს, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დასავლეთმა ფსონი ისეთ ემოციურ პოლიტიკოსზე დადოს, როგორიც ალასანია აღმოჩნდა. ემოციური და გაუწონასწორებელი ლიდერის შექმნის მწარე გამოცდილება საქართველოში, დასავლეთს იმედია არ დავიწყებია. ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ მოწონებული „დემოკრატიის შუქურის“ „მოღვაწეობა,“ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ ძალიან კარგად ახსოვს.
საგულისხმოა აგრეთვე ისიც, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანიას გადაყენებიდან მეორე დღესვე, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებაში ღიად დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ ძალიან ბევრი ფაქტის შესახებ შეიტყობსო.

ანუ, გამოდის, რომ ალასანიას წინააღმდეგ კონკრეტული კომპრომატებიც არსებობს, რომელის შესაფერის დროს გასაჯაროვდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

მანამ კი ალასანიას ჯგუფის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და საქმიანობის შესახებ:

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ გადაყენების დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ მან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღიად ითანამშრომლოს, თუმცა მათ შორის ფარული თანამშრომლობა აუცილებლად იქნება, ვინაიდან ირაკლი ალასანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2009 წლის, ანუ ოპოზიციაში წასვლის შემდეგ მუდმივად თანამშრომლობდა და მითუმეტეს დღეს, როდესაც ორივე პარტია ოპოზიციურ ფლანგზეა, მათ შორის ინტერესთა თანხვედრაც და თანამშრომლობაც გაცილებით უფრო ხელსაყრელია.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს არამც და არამც ღია ფორმატით არ მოხდება, რადგან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღიად დაფიქსირება, წინა ხელისუფლების მიმართ არსებული უდიდესი აგრესიისა თუ სიძულვილის გამო, ალასანიას პარტიის რეიტინგს, პრაქტიკულად ჩაძირვას უქადის.

რაც შეეხება „რესპუბლიკელებს,“ ეს პოლიტიკური ძალა, როგორც ისინი აცხადებენ, კოალიციაში კვლავ დიდი ხნით რჩება, თუმცა არც „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობაზე ამბობს უარს და მათი ლიდერები საერთო ფასეულობების სიმრავლეზეც ღიად ლაპარაკობენ.

სავარაუდოდ, ირაკლი ალასანია ღიად ითანამშრომლებს „რესპუბლიკელებთან“ და ფარულად „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ხოლო რას მოუტანს მას ეს, ძნელი სათქმელია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, საარჩევნოდ მას „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობა არაფერში წაადგება, ხოლო „რესპუბლიკელები“ თუ კოალიციის შემადგენლობაში დარჩნენ, არც ესაა დიდი საარჩევნო ნუგეში ირაკლი ალასანიასთვის, რომელსაც, დღეის სასტარტო მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ „რესპუბლიკელები“ კოალიციას გამოეყოფიან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად წარსდგებიან არჩევნებზე, ეს მათ შანსს კიდევ უფრო ამცირებს. ასე, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე, ალასანიას ოპტიმიზმის მიზეზი, როდესაც მან განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებზე გამარჯვებას ვიზეიმებთო, - ძნელი ასახსნელია.

რაც შეეხება ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ კომპრომატებს და ირაკლი ალასანიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხს, რაზეც ბოლო პერიოდში ასევე, ბევრი საუბარი მიდის.

ნაკლებადსავარაუდოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იკადროს ისეთი ჭუჭყიანი შანტაჟი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა და რომელიც პირადი ცხოვრების გამომზეურებას გულისხმობს.

როგორც ამბობენ, არსებობს ჩანაწერი, თუ როგორ ერთობა თავდაცვის ექსმინისტრი პარიზში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. ეს რა თქმა უნდა, პირადი საკითხია და ასეთი მეთოდების მკადრებელი ხელისუფლება, მართალია არა საბოლოოდ, მაგრამ გარკვეულწილად მაინც წარსულს ჩავაბარეთ.

აქ საქმე უფრო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან უნდა გვქონდეს, რადგან, ნაკლებადსავარაუდოა, რომ თუ თავდაცვის სამინისტროში მსგავსი მასშტაბის კორუფციულ გარიგებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ეს თავდაცვის მინისტრს არ სცოდნოდა.
შესაძლოა სწორედ ამის გამო ითხოვდა ალასანია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თავდაცვის უწყების ბიუჯეტის გაზრდას, რომ ახალი ტენდერების გამოცხადება ჰქონდა გეგმაში.

არგუმენტს, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ სერიოზული სამხილები არსებობს, ამტკიცებს თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრის უეცარი ფერისცვალება, როდესაც ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან გაბრაზებული შევიდა და იქედან ლამის მადლობებით გამობრუნდა.
თუმცა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მისთვის ბიძინა ივანიშვილს ხელშეუხებლობის გარანტიები მიეცა, რადგან ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაული იქნება მთლიანად სახელმწიფოს წინაშე.

როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება ამ მოვლენების შედეგი, ეს ყველაზე კარგად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.


ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის