logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
შეერთებული შტატების დეკლარირებული ფავორიტი
შეერთებული შტატების დეკლარირებული ფავორიტი
13:04 01.09.2014
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოში თავისი ახალი ფავორიტი დაასახელა. მართალია მისი ვინაობის გამჟღავნება უშუალოდ თეთრი სახლის მიერ არ მომდარა, მაგრამ ოკეანისგაღმეთის ფავორიტად, საქართველოს მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ამერიკულმა კომპანიამ, - დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტმა, იგივე NDI-მ დაასახელა.
ზოგადად, აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც წლებია საქართველოში თავის წარმომადგენლობას ამუშავებს, პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების სურვილებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რის მტკიცებულებადაც, მისი თუნდაც ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევის შედეგების გახსენებაც საკმარისია.
ყველას კარგად ახსოვს, რომ სწორედ ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს არწმუნებდა, რომ თქვენ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გიყვართო, ხოლო სააკაშვილის შემდეგ, მისი კონტროლირებადი „ოპოზიციური პარტიებია“ ყველაზე პოპულარულიო.
ერთადერთი, ვის რეიტინგსა და იმიჯსაც კარგად დაფინანსებულმა და კიდევ უფრო კარგად გაპიარებულმა NDI-მ ვერაფერი მოუხერხა, ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.
ამერიკულმა ორგანიზაციამ ძალიან კარგად იცის ქართველი ხალხის განწყობა უწმინდესის მიმართ და იძულებულია, რომ ილია მეორესთან დაკავშირებით კვლევის რეალური შედეგები დადოს, რადგან ამით საზოგადოების ისედაც ნეგატიური განწყობა კიდევ უფრო არ გაამწვავოს. სამაგიეროდ, დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი კვლავაც წარმატებით აგრძელებს საზოგადოების „დაბოლებას“ და უმტკიცებს მას, რომ თეთრი სახლისა და ქართველი საზოგადოების განწყობა ერთნაირია, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო კვლევის პრეზენტაციის წინ, NDI-ს ოფისმა მედიას აუწყა, რომ ამერიკული კვლევების „მამამ” ლუის ნავარომ, რომელიც ქართველი საზოგადოების აგრესიის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, ჩვენი სამშობლო დატოვა და მოღვაწეობას შეერთებულ შტატებში გააგრძელებსო.
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს შტატებს ნავაროცა და მისი „მართალი კვლევებიც,“ მაგრამ მისმა წასვლამ საზოგადოების ძალიან ოპტიმისტ ნაწილში გააჩინა განცდა, რომ NDI, ნავაროს წასვლის შემდეგ მაინც დაუახლოვდებოდა რეალობას და მისი ახალი კვლევების პრეზენტაცია, საზოგადოების აგრესიის სრულად გაქრობას თუ არა, მის შენელებას მაინც გამოიწვევდა.
როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტებს ზოგადად ემართებათ, ისინი ამჯერადაც მწარედ მოტყუვდნენ, რადგან ნავაროს მემკვიდრე ქალბატონმა, კვლევის ისეთი შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა საზოგადოებას, რომ ხალხმა ლამის ისევ ბატონი ლუისი ინატრა.
კონკრეტულად კი, NDI-ის კვლევების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მოწონების კოეფიციენტი კატასროფულად დავარდნილა და მის რეიტინგს უკვე დავით ბაქრაძის რეიტინგიც კი მნიშვნელოვნად აჭარბებს თურმე.
მხოლოს ამ შედეგის გამოცხადებაც კი საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ თუნდაც მედიას, აღნიშნული კვლევის შედეგების ტირაჟირება აღარ გაეგრძელებინა.
ნავაროს მემკვიდრის მტკიცებით, ავტორიტარული სისტემისგან ქვეყნის უსისხლოდ გამათავისუფლებელი ბიძინა ივანიშვილი, თურმე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტს მოსწონს, მაშინ როცა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ავადსახსენებელი ომის დღეებში მოსახლეობას ჩანგლებით თავის დაცვისკენ მოუწოდებდა, - თურმე მოსახლეობის 48 პროცენტს მოსწონს.
აქ, როგორც იტყვიან კომენტარიც ზედმეტია, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ დავით ბაქრაძე, რომელიც თავის დროზე ცნობილი იყო როგორც სააკაშვილის ხუშტურების საკანონმდებლო დონეზე „გამპრავებელი“ და მორჩილი ბიჭუნა, რომელსაც რეაქციის გამოვლენის უფლებაც კი ჩამორთმეული ჰქონდა, თურმე იმდენაც ცნობადი და საყვარელი სახე გამხდარა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზული და წარმატებული კონკურენცია გაუწევია.
გამორიცხული არ არის, რომ ორგანიზაცია NDI, რომელიც თავის კვლევებს არცთუ გამჭვირვალე გარემოში ატარებს, კვლევის დაწყების წინ მის ხელთ არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე მხარდამჭერთა რეესტრს იღებს და კვლევებსაც მხოლოდ მათ შორის ატარებს. სხვანაირად არანაირი ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმ აბსურდს, რასაც ისინი კვლევის შედეგებად წარმოგვიჩენენ ხოლმე და რომელიც, როგორც წესი, ისეა ხოლმე რეალობასთან დაშორებული, როგორც მითი სააკაშვილის დემოკრატიის შუქურობის შესახებ.
აღნიშვნად არ ღირს ისეთი „უმნიშვნელო“ ფაქტი, რომ ამერიკული ორგანიზაცია, ცდილობს რა, გაარგძელოს დასავლეთის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ და რაც მთავარია, მზარდი რეიტინგის მქონე პარტიის სახედ ისევ და ისევ ყოფილი ხელისუფლების მმართველ პარტიას ხატავს.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დადებული შედეგი, არც „პატრიოტთა ალიანსს“ და არც „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას,“ NDI ალბათ კვლევის ჩამონათვალში ხსენების ღირსად არ ჩათვლიდა.
თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტია ნათელი დასტური იმისა, რომ ამერიკის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტს, დემოკრატიის განვითარებასთან, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, - სახელწოდების გარდა საერთო არაფერი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ წინ მნიშვნელოვნად უსწრებდა. აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, საზოგადოებამ საარჩევნო ყუთებთან, NDI-ს კვლევების რეალობასაც და სააკაშვილის რეჟიმის „რეიტინგსაც“ ღირსეული ადგილი მიუჩინა.
დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის საქმიანობა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, უპირობოდ შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ამერიკული პოლიტიკური სურვილების „გაპრავება - გამჟღავნების“ მექანიზმი საქართველოში.
ზოგადად კი, რა გახდა ერთი ისეთი ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში, რომელიც მთლიანად ქართული იქნებოდა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მაღალი ნდობის საფუძველზე, ქვეყანაში რეალურ და ობიექტურ კვლევებს ჩაატარებდა.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ საქართველოში ასეთი ინსტიტუტის შექმნის რესურსი არ მოიძებნება. სავარაუდო უფრო სხვა ფაქტორებია, კონკრეტულად კი ის, რომ გარკვეულ ძალებს არ სურთ და არ აწყობთ მსგავსი ორგანიზაციის ამოქმედება, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პროცესი გაცილებით გართულდება და უფრო მეტიც, ამან შეიძლება ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე მნიშვნელოვანი გადაადგილებებიც გამოიწვიოს.
სწორედ ესაა ის სავარაუდო მიზეზი, რომ ქვეყანაში, ვინ იცის ბოლო რამდენი წლის განმავლობაში, რეალური და ობიექტური ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა, რომელიც საზოგადოების განწყობასთან მინიმალურ თანხვედრაში მაინც იქნებოდა.
წეღან ვახსენეთ, რომ NDI წარმოადგენს შეერთებული შტატების ხელისუფლების იარაღს საქართველოში, რათა ზემოქმედება მოახდინოს ხალხის ფსიქიკაზე, შეაგუოს ის თეთრი სახლისთვის სასურველ პერსპექტივას და მოაწონოს ის, ვინც მართალია შეიძლება საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ მოსაწონი და მისაღებია ძია სემისთვის.
ამის მაგალითები საკმარისზე მეტი გვაქვს, თუმცა მათგან აღსანიშნავი, ბოლო კვლევის ერთ-ერთი შედეგია, რომლის თანახმადაც, თურმე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი, ასევე საკმაოდ ჩამორჩება თავდაცვის მოქმედი მინისტრის ირაკლი ალასანიას რეიტინგს და თუ პრემიერის მოწონების მაჩვენებელი 54 პროცენტს შეადგენს, ალასანიას შემთხვევაში ეს რიცხვი 60 პროცენტი ყოფილა.
ისევე როგორც ივანიშვილისა და ბაქრაძის შემთხვევაში, კომენტარი აქაც ზედმეტია, რადგან აღნიშნულ შედეგს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ღიმილით შეხვდა, მაგრამ ეს ფაქტი ერთი მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელია.
სანამ აღნიშნულ გზავნილზე და მის შინაარსზე გადავალთ, მანამ, ვფიქრობთ აღსანიშნავია, რომ თავად ირაკლი ალასანიას რეიტინგი, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე, ერთნიშნა რიცხვის დაბალი საფეხურებით გამოიხატებოდა, ისევე როგორც, თუნდაც რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი.
ავტორიტარული რეჟიმით დაღლილი მოსახლეობა კი, რომელმაც ივანიშვილში რეალური მხსნელი დაინახა, მზად იყო ამ უკანასკნელის ხათრით, მხარი თუნდაც უსულო საგნისთვისაც კი დაეჭირა, ოღონდ ის ივანიშვილის მიერ ყოფილიყო დასახელებული.
სწორედ ხალხის ასეთი განწყობის დამსახურებაა, რომ ალასანიას პარტიაც, რესპუბლიკელებიც და ბევრი არცთუ დამსახურებული და პროფესიონალი კადრი, დღეს პარლამენტში საკმაოზე დიდი დოზითაა წარმოდგენილი.
ბიძინა ივანიშვილისადმი უზარმაზარი ნდობისა და მადლიერების კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომელმაც თავისი მერყევი ხასიათი გაპრეზიდენტებიდან მალევე გამოავლინა.
ყველამ, მათ შორის ალასანიამაც, რესპუბლიკელებმაც და მარგველაშვილმაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ ნდობის მანდატი საზოგადოებამ, ერთადერთი ადამიანის ფაქტორის გამო მისცა და კაცმა არ იცის სად იქნებოდნენ ისინი დღეს, რომ არა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება, ქვეყანა ავტორიტარიზმისგან გაეთავისუფლებინა.
ისევ ალასანიას და NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კვლევით და NDI-ის პირით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა მესიჯი, რომ მისი რჩეული ირაკლი ალასანიაა და ის თავდაცვის მოქმედი მინისტრის „წამოსაქაჩად“ ყველაფერს გააკეთებს.
გარკვეული უცხოური ძალები, წლების განმავლობაში, სწორედ დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებითაც ახდენდნენ საქართველოში არჩევნების გაყალბების ლეგიტიმაციას და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ უკვე დაიწყონ მუშაობა და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ხალხს ყველაზე მეტად ალასანია მოსწონს.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასავლეთის ზოგიერთმა ძალამ უკვე დაიწყო მუშაობა ირაკლი ალასანიას გალიდერებაზე.
მართალია თავდაცვის მოქმედი მინისტრი, რომელიც ქართველ ხალხს ხარისხიანებად და უხარისხოებად ჰყოფდა და აგრეთვე რვიანებითა თუ ექვსიანებით, ცდილობდა ხალხი დაერწმუნებინა, ჩვენ სააკაშვილის მთავრობას არჩევნებით შევცვლითო, - დღეს და ადრეც საზოგადოებაში განსაკუთრებული რეიტინგითა და სიყვარულით არასოდეს სარგებლობდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ის ცოტა ხანში ახალ ლიდერად ვიხილოთ.
სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზანი დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ბოლო კვლევისა, რომ ქართველი ხალხი შეემზადებინა, რათა მან მომავალში ლიდერად ირაკლი ალასანია მიიღოს.
ირაკლი ალასანიას გალიდერების პროექტი კი, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებაში სახეცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და ოდნავ, ძლივს დაძრული სამართლიანობის აღდგენის პროცესის სამუდამოდ დასამარება.
ირაკლი ალასანია, რომელიც ადრეც და დღესაც იცავს წინა ხელისუფლებას და მის გადასარჩენად არაერთი ღია განცხადებაც კი გაუკეთებია, რაღა თქმა უნდა ამერიკის პირველი პროექტის - მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის წევრების მიმართ საკმაოზე მეტად ლმობიერი იქნება და თუ ალასანიასა და გიგა ბოკერიას მეგობრობასაც გავიხსენებთ, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, პრაქტიკულად გარდაუვალია.
სავარაუდოდ ამ სქემაში გამოიყენებენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორსაც, რომელიც პრინციპების საკმაოდ სუსტი დამცველია და მან, როგორც პლასტელინმა, ადვილად შეიძლება „ნაციონალთათვის“ სასურველი ფორმაც კი მიიღოს.
საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში დღეს არსებული განწყობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ალასანიას გალიდერებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების ყველანაირი სქემის წარმატებულად განხორციელება გამორიცხულია, თუმცა მიზანმიმართული კამპანიის შემთხვევაში, რასაც თუ ძია სემის ჯიბეც დაემატა, გამორიცხული არაფერია.
თვალშისაცემია აგრეთვე ის განცხადებებიც, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის ე.წ. ალასანიას გუნდის წევრები აკეთებენ.
ალასანია და მისი გუნდი, რომლების მკვეთრი განცხადებებით თავად სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ გამოირჩეოდნენ, დღეს ხშირად ისეთ რიტორიკას იყენებენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, ორი ქვეყნის: საქართველოსა და რუსეთის გაყინული ურთიერთობის ლღვობის დაწყებულ ოდნაშესამჩნევ პროცესს, სასიკეთოდ არ წაადგება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ირაკლი ალასანიას გუნდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში საკმაოდ მსუყედაა წარმოდგენილი, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული ძალების რეკომენდაციით, მან ხელისუფლება დატოვოს და ოპოზიციურ ლიდერად მოგვევლინოს, თუ რა თქმა უნდა მას ხელისუფლების მეთაურმა არ დაასწრო და გავლენის სფეროებსა და ბერკეტებს არ ჩამოაშორა.
ასეა თუ ისე, ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ახალი ფავორიტი საქართველოში ირაკლი ალასანიაა, ეჭვს აღარ იწვევს და პოსტნავაროსეული უწყებაც, კვლავაც ძველებური „ნავარო-ჩენნი“ ხერხებით ცდილობს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრასა და მის განწყობაზე ზემოქმედებას.
და ბოლოს, შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადების შესახებ, რომელიც მან დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევების შედეგების კომენტირებისას გააკეთა და როდესაც მან NDI ობიექტურ და გავლენიან ორგანიზაციად დაასახელა:
რაღა თქმნა უნდა ეს ორგანიზაცია ნამდვილად გავლენიანია და არც ფინანსების ნაკლებობას უჩივის, მაგრამ რაც შეეხება ობიექტურობას, შესაძლოა NDI შეერთებულ შტატებში მართლაც ობიექტური ორგანიზაციის სახელით სარგებლობს და ობიექტური კომპანიის იმიჯი ჰქონდეს, თუმცა ეს საქართველოში არამც და არამც ასე არაა.
დღეს საქართველოში NDI-ს კვლევებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს გარკვეულ ძალებს, რომ ქართველი საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენა მოახდინონ.
ასევე, ამ განცხადებით, ბატონმა ნორლანდმა დაამტკიცა, რომ შეერთებული შტატების ელჩი, მიუხედავად მისი, როგორც პიროვნების პოზიტიურობისა, მაინც შეერთებული შტატების ელჩია და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, რომ დემოკრატიის სახელით, დემოკრატიისავე წინააღმდეგ საკონტროლო გასროლა განახორციელოს.
ბატონი ნორლანდი, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩებს და განსაკუთრებით ჯონ ბასსა და რიჩარდ მაილსს შორის, თავისი გაწონასწორებული და დიპლომატიური განცხადებებით ნამდვილად გამოირჩევა, თუმცა ის ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ მოსაზრებასაც სავსებით ამართლებს.
ხოლო დაუშვებს თუ არა ქართველი საზოგადოება, რომ მან ირაკლი ალასანიას სახით ახალი ლიდერი მიიღოს, ეს არცთუ ისე შორეული მომავლის საქმეა.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის