logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სახელისუფლებო პოლარიზაციის საფრთხე და აგვისტოს ომის გამოძიების შესაძლო სტარტი
სახელისუფლებო პოლარიზაციის საფრთხე და აგვისტოს ომის გამოძიების შესაძლო სტარტი
11:27 22.07.2014
მიუხედავად ზაფხულის სეზონისა და ტრადიციულად, შედარებით პასიური პერიოდისა, წლევანდელი ზაფხული საქართველოში ყველა გაგებით, საკმაოდ ცხელია.
ცხელი ზაფხულის შესახებ დაპირება პრემიერმა საზოგადოებას ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურამდე მისცა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად სრულდება.
დაწყებული გიგი უგულავას დაპატიმრებიდან, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება ივნის-ივლისში საკმაოდ აქტიურია და ხელაღებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს ვითარება აგვისტოში შეიცვლება.
ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც გასულ კვირაში მოხდა, ეს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა.
როგორც ცნობილია, დოკუმენტს დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ეს მოსალოდნელიც კი იყო, თუმცა ინციდენტის გარეშე არც ამ ღონისძიებას ჩაუვლია.
ინციდენტი კი არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუპატიჟებლობა გახდა.
მართალია, მარგველაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მაინც მივიდა, მაგრამ აქ საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების, რბილად რომ ვთქვათ, შეუთანხმებელ და გაუთვლელ, პირად ურთიერთობაზე დამყარებულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და რითაც ახალი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიედ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს.
ძალიან არასერიოზული იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მარგველაშვილის არდაპატიჟების ფაქტის კომენტირებისას, როდესაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობაში ყველა ვერ დაეტევაო.
საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა და როგორც თავად მარგველაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა მისული სტუმრები მაინც დაიტია, ხალხში კი ხელისუფლებამ არაპოპულარობის კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა.
ყველამ და მათ შორის, თავად მარგველაშვილმაც გადასარევად იცის, რომ თუ დღეს მას ქვეყნის პრეზიდენტი და ოფიციალურად პირველი პირი ჰქვია, ეს ერთადერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და ხალხმა ხმა მას სწორედ ამ ადამიანის გამო მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარგველაშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ზუსტად იმხელა შანსი ჰქონდა, რაც მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს რუსეთთან ომში.
ასეა თუ ისე, დღეს საზოგადოება უკვე აშკარად ხედავს დაპირისპირებას მის მიერ არჩეულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებათა ცალკეულ შტოებს შორის, რაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა.
ისევე როგორც მარგველაშვილმა, პარლამენტართა დიდმა უმრავლესობამაც ძალიან კარგად იცის, რომ მათი მანდატიც იმავე ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მარგველაშვილს საპრეზიდენტო სავარძელი გაუნაღდა.
საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს და იმის შემდგომ არჩევნებშიც, ხმა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მისი ხათრით, მის მიერვე წარდგენილ, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ პოპულარულ კანდიდატებს მისცა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საზოგადოებამ ავტორიტარიზმისგან გათავისუფლების გზაზე, ერთადერთ იმედად მაშინ სწორედ ივანიშვილი დაინახა.
ივანიშვილმა თავისი დაპირება შეასრულა, რეჟიმი სწორედ დათქმულ ვადაში მოიშორა და თავადაც დაპირებისამებრ, პოლიტიკიდან დაუყოვნებლივ წავიდა.
სწორედ ამის შემდეგ იჩინა ხალხში თავი ჯერ იმედგაცრუებამ, ხოლო შემდეგ აპათიამ, რისი ნათელი დასტურიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური და იქ დაფიქსირებული აქტივობა იყო.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, დღეს ხალხი დაბნეულია, რადგან ერთის მხრივ ხელში შერჩათ მათ მიერვე არჩეული ის ჩინოვნიკები, რომელთა ნაწილსაც 2012 წლამდე საერთოდ არ იცნობდნენ, ნაწილს კი დასანახად ვერ იტანდნენ.
ერთადერთი, ვის მიმართაც დღეს საზოგადოებაში მკვეთრად პოზიტიური განწყობაა, ეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, თუმცა მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ კეთილგანწყობა, თუნდაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, საკმარისი ნამდვილად არაა, რომ ხელისუფლებამ თავი დაიმშვიდოს, მითუმეტეს, რომ მის ნებისმიერ ნაბიჯს არგუსის თვალით აკვირდება როგორც მათ მიერვე შენარჩუნებულ-გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობა,“ ასევე დასავლეთიც და ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ვინმე შეცდომას აპატიებს, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა.
ამიტომ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლების შტოებს შორის არსებული დაპირისპირება, რომელიც ხშირად კომიკურ სახესაც კი იღებს, რისი დასტურიც მარგველაშვილის პარლამენტში დაუპატიჟებლობაა, ხელისუფლებას ხეირს ნამდვილად არ დააყრის და შეიძლება მივიღოთ პოლარიზებული სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც ურთიერთობას არა კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ პიროვნული ურთიერთობების მიხედვით დაარეგულირებენ, ეს კი სახელმწიფო ინსტიტუტებს დაანგრევს.
ასეთი ქმედებები, როგორც აღვნიშნეთ საზოგადოებაში უკვე აპათიას იწვევს, თუმცა ეს აპათია დროთა განმავლობაში აგრესიაში გადაიზრდება და თავის გამოხატულებას, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო ურნებთან აუცილებლად ჰპოვებს.
თუმცა გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოების აგრესიის დონემ ნავარაუდევზე უფრო სწრაფად იმატოს და ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების წინაშე 2016 წლამდეც დადგეს, მითუმეტეს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გასული ძალა უკვე შემოდგომიდან აანონსებს და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია შანსია იმის, რომ ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდეს.
ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია როგორ დასრულდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შორის ბუტიაობა, ნიშნის მოგება და მსგავსი არცთუ სერიოზული გამოხტომები უნდა დასრულდეს, რადგან ამას საზოგადოება კოჰაბიტაციაზე ნაკლებ მტკივნეულად არ აღიქვამს.
რაც შეეხება გასული კვირის მეორე უმთავრეს თემას, ეს, რა თქმა უნდა, რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის, ეროსი კიწმარიშვილის, ამ ეტაპისათვის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეა.
უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, საკუთარ ავტომანქანაშივე აღმოაჩინეს, ოფიციალური უწყებებისგან საკმაოდ მალე გავრცელდა ვერსია, რომ საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს.
რა თქმა უნდა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს, მათ შორის თვითმკვლელობის ვერსიასაც, მაგრამ ოფიციალური განცხადება შემთხვევის ადგილის ზედაპირული დათვალიერების და მხოლოდ თვალშისაცემი მტკიცებულებების საფუძველზე არ უნდა კეთდებოდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში, თვალშისაცემი მტკიცებულებები მხოლოდ კვალის ასარევადაა ხოლმე დატოვებული.
რაც შეეხება თავად კიწმარიშვილის ფიგურას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო პიროვნება, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების გზა და მისი ისტორია შეცვალა. ვგულისხმობთ „ვარდების რევოლუციას,“ რომელიც ძალიან ნაკლები შანსია მომხდარიყო, რომ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის გაძლიერება და მედიაბაზარზე ლიდერად ქცევაც, სწორედ კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება.
გარდა ტელეკომპანიის დაფუძნებისა, თავის სიცოცხლეში ეროსი კიწმარიშვილს საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე აქვს ნამუშევარი და რაღა თქმა უნდა, ხელი ბევრ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზეც მიუწვდებოდა.
აქედან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი გარდაცვალებისთანავე უამრავი მითქმა-მოთქმა წარმოიშვა მისი მკვლელობის შესახებ, ერთნი კიწმარიშვილის გარდაცვალებას მოქმედ ხელისუფლებას, მეორენი კი ყოფილ ხელისუფლებას აბრალებენ.
და მაინც, ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის ყველაზე უტყუარი ხერხით გაჩუმება, თუ საქმე მართლა მკვლელობასთან გვაქვს?
აწყობდა თუ არა ეს ახალ ხელისუფლებას?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ და მითუმეტეს, ყოფილი პრემიერი ივანიშვილი, კიწმარიშვილის ლიკვიდაციით ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი, რადგან დღეს არსებული ვითარება 2003 წლისგან რადიკალურად განსხვავებულია და სოციალური ქსელებისა და ინტერნეტგამოცემების სიმრავლის გამო, აღარც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებას, რომელსაც საზოგადოებრივ აზრზე გარდამტეხი მანიპულირების მოხდენა შეუძლია.
ამასთან, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილს, თუ არ ჩავთვლით რუსთავის მერობის სურვილს, სერიოზული პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოუჩენია და როგორც სურათი იხატება, ის ძირითადად საკუთარი აქტივების დაბრუნებისთვის ბრძოლით იყო დაკავებული.
აწყობდა თუ არა კიწმარიშვილის სიკვდილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს?
ერთი შეხედვით, კიწმარიშვილის გარდაცვალება არც მათ აწყობდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი თავად გარდაცვლილის ბიოგრაფიიდან.
როგორც ცნობილია, ეროსი კიწმარიშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში, მოსკოვში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა და შესაბამისად, ომის პერიოდისა და წინასაომარ პერიოდში დიპლომატიური აქტივობების შესახებ, რაღა თქმა უნდა, მას უამრავი ინფორმაცი ექნებოდა.
კიწმარიშვილს აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია რუსეთის პოლიტელიტისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დამოკიდებულებისა და კონტაქტების შესახებ, რაც აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ფასდაუდებელი მტკიცებულება იქნებოდა.
როგორც ასევე ყველას გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა, ამ ომის გამოსაძიებელი საპარლამენტო კომისიაც შექმნა, რომელსაც სათავეში ვითომ ოპოზიციონერი პაატა დავითაია ჩაუყენა. მოლოდინის თანახმად, დავითაიას კომისიამ ისეთი დასკვნა დადო, რომელიც, რაღა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელისუფლებას აწყობდა, თუმცა კომისიის მუშაობის დროს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილს უკავშირდება.
კომისიის მიერ ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვის დროს, მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისეთი განცხადებები გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც კიწმარიშვილს გივი თარგამაძემ პირდაპირ ეთერში ავტოკალამიც კი ესროლა.
ეროსი კიწმარიშვილი მართლაც ჭკვიანი კაცი იყო და გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ მან ყველაფერი, რაც იცოდა, პირდაპირ ეთერში თქვა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და რუსეთის ყოფილი ელჩის კომისიის წინაშე გამოსვლა უფრო იმას მიანიშნებდა, რომ კიწმარიშვილმა სათქმელის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი თქვა და სააკაშვილის რეჟიმი გააფრთხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეტსაც იტყოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ეროსი კიწმარიშვილი ნამდვილად მოკლულია, მაშინ მისი მკვლელობის ყველაზე რეალურ მოტივად, სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომი და ამ ომის შესახებ რეალური გამოძიების მოლოდინი წარმოადგენს, თუმცა თუ ვინმემ ყოფილი ელჩი მხოლოდ ამ მოტივით მოკლა, შეიძლება ითქვას, რომ მისი მხრიდან ეს ფუჭი ქმედებაა, რადგან აგვისტოს ომის გამოძიება, თუ ის რეალურად დაიწყო, აუცილებლად გასცდება საქართველოს ფარგლებს, ხოლო შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების წინაშე, საჭიროებისა და მისი ინტერესის შემთხვევაში, რუსეთი დაუყოვნებლივ წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რის შესახებაც ეროსი კიწმარიშვილს ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა.
ახლა ერთადერთი და გადამწყვეტი სიტყვა ეფექტურ და დროულ გამოძიებაზეა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ კიწმარიშვილის მკვლელობის საქმეში ნამდვილად შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იკვეთებოდეს, ადვილი შესაძლებელია, რომ მისი გარდაცვალების საქმის გამოძიება საბოტაჟის ფაქტებით გამდიდრდეს, რაც ამ პროცესს დროში აუცილებლად გაწელავს.
საერთოდ კი, სტივენსონის ფორმულა - „მკვდრები არ ლაპარაკობენ,“ მთელ მსოფლიოში დღემდე პრაქტიკაში საკმაოდ წარმატებით გამოიყენება და გამორიცხული ნამდვილად არაფერი არ არის.

ალექსანდრე კაპანაძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის