logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
უგულავას გადაყენებით გადაფარული დიდი მოვლენები
უგულავას გადაყენებით გადაფარული დიდი მოვლენები
15:39 23.12.2013
გასული კვირის განმავლობაში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, დედაქალაქის მერის გიგი უგულავას გადაყენება და მისი, პრაქტიკულად საციხედ გამწესება ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო, რომელმაც, განსაკუთრებით კვირის ბოლოს, ყველა სხვა მოვლენა გადაფარა, თუმცა თუ ყველაფერს უფრო გლობალური და შორსმიმავალი პერსპექტივების კუთხით შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ გიგი უგულავას თემამ ისეთი მოვლენები გადაფარა, რომლებთან შედარებითაც, თავისი მნიშვნელობის სიმცირიდან გამომდინარე, უგულავას გადაყენება სახსენებელიც კი არ არის.
გიგი უგულავასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამ კი იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც უგულავას თემამ გადაფარა.
გლობალური თვალსაზრისით პირველი და ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა გასული კვირის განმავლობაში, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ჩატარებული ტრადიციული პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო.
მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას აქტიურად ადევნებს თვალს, კარგად ახსოვთ, რომ პუტინის პრესკონფერენციამდე, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა არცთუ სასიამოვნო მინიშნება გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების რეალური საფუძვლები არ არსებობსო. მართალია ეს განცხადება, იმ ვითარების ფონზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, გარკვეულწილად რაღაც დონეზე გამართლებული შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ამ განცხადებას აკეთებს იმ ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი, რომელ ქვეყანასთანაც ურთიერთობის აღდგენა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტად დაისახა, - ეს ფაქტი ცოტა არ იყოს გაუგებარია.
ამ შემთხვევაში, არ შეიძლება გამოირიცხოს რომელიმე ქვეყნის ლობის გავლენა, რომლის ინტერესიც, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.
არსებობს ქვეყნები, რომლებსაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ძალიან აწყობთ და ამ ქვეყნებში მხოლოდ დასავლეთ მატერიკზე მყოფი სახელწიფოები არ უნდა ვიგულისხმოთ.
ასეა თუ ისე, სერგეი ლავროვის განცხადებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პრაქტიკულად ანულირება გაუკეთა და უფრო მეტიც, გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობით გააკეთა ლავროვმა ეს განცხადებაო.
როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ალბათობა არათუ უარყო, არამედ განაცხადა, რომ შესაძლოა მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის პოზიციას დაუბრუნდესო.
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება მხოლოდ ქართველი ხალხის სიყვარულის გამო გააკეთა. ქართველი ხალხი მას მართლა ისეც რომ უყვარდეს, როგორც აცხადებს, ის იძულებული იქნება მაინც პრაგმატიზმსა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაემორჩილოს.
სწორედ პრაგმატიზმისა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებითაა გაკეთებული ის განცხადება, რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა, ვინაიდან, ცალკე ევროკავშირის გაფართოების პროგრამისა და ცალკე ევრაზიული პროგრამის გამო, საქართველო სტრატეგიულ ინტერესთა ისეთ არეალში ექცევა, რომ ის, შეიძლება მსოფლიოს სუპერსახელმწიფოების საჯილდაო ქვა გახდეს, ამ შემთხვევაში კი, საქართველომ არა ამა თუ იმ ქვეყნის ან გაერთიანების მიმართ სიმპათიაზე, არამედ პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველაზე დიდი შანსი კავკასიის ისრაელი გახდეს. ამისთვის კი, როგორც ვთქვით პრაგმატული პოლიტიკა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გვერდზე გადადებაა საჭირო.
ის, რომ დღეს საქართველო მსოფლიოს ზესახელმწიფოებისა თუ სხვადასხვა სახელმწიფოებრივი გაერთიანებების ყურადღების ცენტრშია, იმ ფაქტითაც ადვილად დასტურდება, რასაც ევროკავშირის მხრიდან, პუტინის განცხადების შემდეგ საქართველოს მიმართ ჰქონდა ადგილი.
იგულისხმება ევროკომისიის ხელმძღვანელის ჰერმან ვან რომპეის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას შეიძლება დაგეგმილზე ადრე მიაღწიოს.
თუ გასულ კვირაში მომხდარ ამ ორ მოვლენას დიპლომატიის შირმასა და ეტიკეტს ჩამოვაშორებთ, იხატება საკმაოზე მეტად მკაფიო და ნათელი სურათი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან თანამშრომლობით, რუსეთი და დასავლეთი თანაბრად არიან დაინტერესებულნი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა მაქსიმალურად დააინტერესონ, რათა ამ ქვეყანამ არჩევანი ერთის ან მეორის სასარგებლოდ გააკეთოს.
სწორედ აქ უნდა ივარგოს საქართველოს ხელისუფლებამ და თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება არა წლების განმავლობაში გაპიარებული იმ ღირებულებების სასარგებლოდ მიიღოს ბრმად, რომლის სიკეთეც სამწუხაროდ ქართველ ხალხს ჯერ არ უნახავს, არამედ გადაწყვეტილება პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე იმ პერსპექტივის სასარგებლოდ გააკეთოს, რომელიც მისი ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
ღიად რომ ვთქვათ, არჩევანი ბრმად არ უნდა გაკეთდეს ყბადაღებული ნატოსა და ევროკავშირის სასარგებლოდ და თუ საქმე არჩევანზე მიდგება, მაშინ საქართველომ ეს არჩევანი ისე უნდა გააკეთოს, რომ დასავლეთისკენ არა მხოლოდ პიარისა და ფერადებში დახატული პრესპექტივის გამო გადაიხაროს, არამედ რეალურად შეხედოს იმ სარგებელსა და პერსპექტივას, რასაც მას ცალკე ევროკავშირი ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ან ცალკე ევრაზიული კავშირი მოუტანს.
თუ განვლილი წლების მაგალითიდან ვიმსჯელებთ და ხალხის განწყობას დავეყრდნობით, სავარაუდოდ, დასავლეთს საქართველოზე ხელის აღება მოუწევს, ვინაიდან წლების განმავლობაში, ის საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საკუთარი ხალხის მკვლელ და ტირან ხელისუფლებას ის „დემოკრატიის შუქურად“ გვასაღებდა, დასავლეთს არც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის შეუწყვია ხელი რეალურად. უფრო მეტიც, დასავლეთის „დემოკრატიის შუქურამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში მრეწველობა ან სოფლის მეურნეობა არათუ განვითარებულიყო, რამედ ქვეყანა მაქსიმალურად გადაექცია უცხო ქვეყნების პროდუქციაზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ და ისეთი ტრადიციული დარგები და კულტურებიც კი გააქრო და იმპორტს დაუქვემდებარა, რომელიც საუკუნეებისა თუ ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელი იყო.
ამ ყველაფერს რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობა ხვდება და თუ არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის რეალურად დადგება, ის დასავლეთის მიმართულებით ბრმად აღარ გადაიხრება.
მითუმეტეს, რომ წინ უკრაინის მაგალითი გვაქვს, რომლის ხელისუფლებამაც, ასევე პრაგმატული და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა და ის კურსი აირჩია, რაც დღევანდელი კვერცხისა და ხვალინდელი ქათმის პრინციპით, - მისთვის უფრო ხელსაყრელია.
ანუ უკრაინამ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმით მიაღწია იმას, რომ მისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ღირებულება რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა, გარდა ამისა, როგორც ამბობენ, უკრაინამ მიიღო 15 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არაა და იმ დივიდენდების უდიდესი ნაწილი, რაც უკრაინამ ამ ნაბიჯით მიიღო, საჯარო არც გახდება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
სწორედ უკრაინის მაგალითი გახდა სტიმულის მიმცემი როგორც ჩრდილოეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის, რომ საქართველოს კეთილგანწყობისთვის ბრძოლა გაეაქტიურებინათ. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფაქტორი გახდა მიზეზი, პუტინს ჩვენს მიერ ზემოთაღნიშნული განცხადება გაეკეთებინა და სწორედ ეს ფაქტორი გახდა მიზეზი, პუტინის საპასუხოდ, რომპეის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარების შესახებ განეცხადებინა.
ასე, რომ, როგორც აღვნიშნეთ, გეგმაზომიერი, ჭკვიანური, აწონ-დაწონილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველომ უახლოეს პერიოდში ისეთი სარგებელი შეიძლება ნახოს, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან, დამთავრებული ეკონომიკურად ნახტომისებრი განვითარებით, რომ შეიძლება ასეთი შანსი ჩვენ საუკუნის განმავლობაში არც მოგვეცეს.
ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც არჩევანი უნდა გააკეთოს არა ცხელი თავისა და წლების განმავლობაში თავსმოხვეული პიარის, არამედ მისთვის რეალური სარგებლის შეფასების მიხედვით, ასევე, ხელისუფლების ვალია, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებამდე გასაგებად და დროულად მიიტანოს, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით რაიმე სერიოზული გარდატეხის მოხდენა შეძლოს.
რაც შეეხება ისევ და ისევ დასავლეთისაკენ ბრმა ლტოლვას, ამას ჯერჯერობით სამწუხაროდ შედეგი არცერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია, რადგან ასევე თავისი პრაგმატიზმით ცნობილი დასავლეთი, ამა თუ იმ პარტნიორის გამო თავს ზუსტად იმდენად იწუხებდა, რამდენადაც ის სჭირდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, თავის საჭიროებასაც უგულვებელყოფდა, რათა რუსეთის სახით უარესი გართულება აეცილებინა თავიდან.
და კიდევ ერთი და ძალიან საგულისხმო განცხადება, რომელიც გასულ კვირაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, ისაა, რომ ისრაელი ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობას და მის წევრობას არ გამორიცხავს.
ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს არა ბრმა და ვითომდა მეგობრული ინსტიქტებით, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ისრაელი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც შეერთებული შტატების დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ იმ გაერთიანების წევრი გახდეს, რომელიც დასავლეთის რეალურ და მკაფიო ალტერნატივად აღიქმება.
ხოლო ის, რომ ისრაელის ხელისუფლება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე ზერელედ და წინასწარი გათვლების გარეშე არ იფიქრებს და უფრო მეტიც, ამის შესახებ ხმამაღლა არ განაცხადებს, ეჭვს, ვფიქრობთ რომ არავისში არ იწვევს.
სწორედ პუტინისა და რომპეის განცხადებები იყო გასული კვირის ის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებიც გიგი უგულავას გადაყენების ფაქტმა გადაფარა და რომელი ფაქტიც, ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ განცხადებებთან შედარებით სალაპარაკოდაც არ ღირს, თუმცა ქვეყნის შიდა ცხოვრებაში, უგულავას დაპატიმრების მცდელობამ და მისმა გადაყენებამ, რა თქმა უნდა სერიოზული როლი ითამაშა.
ეს პირველ რიგში საზოგადოების განწყობაზე აისახა, რომელიც ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ მკვეთრად შეიცვალა, რადგან ბოლო პერიოდში, მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული დაკავებები, დაწყებული ჩხატარაშვილის საქმიდან, დამთავრებული უგულავას დაკავების მცდელობითა და გადაყენებით, - საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმულ რეალურ ნაბიჯად შეაფასა და შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხალხის დაკვეთა სწორედ ეს იყო, საზოგადოებრივი აზრიც ახალი ხელისუფლების მიმართულებით შემობრუნდა.
ახალი პრემიერისა და ახალი მთავარი პროკურორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი სიძნელეებს ნაკლებად უშინდებიან და არც იმაზე ფიქრით იწუხებენ დიდად თავს, რას იტყვის დასავლეთი დამნაშავეების დაკავების შესახებ, შეაფასებს ამას პოლიტიკურ ზეწოლად თუ საერთოდ ურეაქციოდ გაატარებს.
მაშინ, როცა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უამრავი სისტემური დანაშაულის ფაქტი სახეზეა, აქამდეც გაუგებარი იყო რას ელოდა ან რას უფრთხოდა მთავარი პროკურატურის წინა ხელმძღვანელობა, რომ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია.
იქედან გამომდინარე კი, როგორც ვისაუბრეთ, დღეს ევროპის ძალიან დიდი ყურადღების და ინტერესის ცენტრში ვართ მოქცეული, რეალური დამნაშავეების რეალურ დასჯაზე, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას მოერიდება, ვინაიდან ის საქართველოს სრულად დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება, მითუმეტეს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების დამნაშავე ჩინოვნიკებმა, საკმაოდ ბევრი თეთრი ძაფით ნაკერი კვალი დატოვეს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და თავად გიგი უგულავას მიერ ატეხილ ვიშვიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებსო, ეს სასაცილოც აღარ არის, რადგან სრულიად საქართველოს კარგად ახსოვს, რას სჩადიოდნენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, პროკურატურის ნოტარიუსად ქცეული უთავმოყვარეო მონა მოსამართლეები და როგორი გულცივობით ისტუმრებდნენ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში. სხვათა შორის, ის მოსამართლეც, რომელმაც გიგი უგულავა გადააყენა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მახინჯი სისტემის პირმშოა და მისი გადაწყვეტილებაც გიგი უგულავას მიმართ, გასაკვირი არაა, უფრო მეტიც, თუ საჭირო გახდა, თავისი მონური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ის და მისი უამრავი კოლეგაც, პირველები გასწირავენ თავიანთ შემქმნელ და გამომგონებელ „ნაციონალური რეჟიმის“ ლიდერებს.
ასე, რომ დღეს წინა ხელისუფლება თავისსავე დათესილს იმკის და სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მათ მოსავლის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ მოსამკელი აქვთ.
საკმაოდ თვალშისაცემია ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ამჟამად კი სოსო ჯაჭვლიანის წიხლნაგემი პარლამენტიც ვიცე-სპიკერის გია ბარამიძის გააქტიურება და ისტერიკა ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ამა თუ იმ ბობოლა წარმომადგენლის სიმშვიდის დარღვევას ეხება.
ეს ფაქტიც საკმაოზე ადვილად ასახსნელია, ვინაიდან, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი რეალურად დაიწყო, სავარაუდოდ კურიერის მიერ მიტანილი იმ წერილის ხილვა, სადაც ორთაჭალაში დაკითხვაზე დაბარების შესახებ წერია, - გია ბარამიძესაც საკმაოდ მალე მოუწევს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხს, ეს ვანო მერაბიშვილის მიერ საკუთარ სასამართლო პროცეზე გაკეთებული განცხადება იყო, რომლის თანახმადაც, ის თურმე ქურთუკგადაფარებული გაიყვანეს საკნიდან და ამის შემდეგ მასზე ზეწოლა პირადად მთავარმა პროკურორმა განახორციელა.
რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილის განცხადება ზუსტად ისევეა დასაჯერებელი, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2011 წლის 26 მაისს, ხელფეხშეკრული ადამიანები მაღაზიის თავზე თავადვე ავიდნენ და იქ ელექტროსადენებთან კონტაქტის გამო გარდაიცვალნენ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მერაბიშვილის აღნიშნული პიარ-სვლა ზუსტად ათიანში მორტყმული აღმოჩნდა და სააკაშვილის ხერხემალმა, თავისი მიზანი შეასრულა. ეს მიზანი კი, როგორც ჩანს ახალი მთავარი პროკურორის დისკრედიტაციაა, ვინაიდან სწორედ ისაა დღეს პიროვნება, რომლისაც, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ეშინიათ.
საეჭვოდ გაიჟღერა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემამაც.
გამორიცხული არ არის, რომ როგორც ჟვანიას ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე დაყრდნობით პრესაში იწერება, ყოფილი პრემიერის გარდაცვალებისა თუ მკვლელობის საქმე მართლაც მცირე დროში გაიხსნას და თუ ზურაბ ჟვანია მოკლულია, მაშინ მისი გარდაცვალების საქმეში ბრალდებულთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდება.
გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს უკარგავდეს მოსვენებას ვანო მერაბიშვილს და ცდილობდეს, რომ წინასწარი, მართალია დაუჯერებელი, მაგრამ კარგად გათვლილი განცხადებებით მთავარი პროკურორის სახელის დისკრედიტაცია მოახდინოს.
ასეა თუ ისე, თითქმის წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ ქართველი ხალხი რაღაც დონეზე ძვრების მომსწრე გახდა და ამ ძვრებმა მას თითქმის დაკარგული იმედი სამართლიანობის აღდგენისა, ოდნავ მაინც გაუღვიძა.
თუ სამართლიანობის აღდგენა სრულიად საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა იყო, ხალხის დაკვეთას ვერ დავარქმევთ იმას, რაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ერთ დროს მგზნებარე „ნაციონალმა“ და დღეს კიდევ უფრო მგზნებარე „მეოცნებემ“ ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა. იგულისხმება საკუთარ თავზე გამოწერილი პრემიების რაოდებობა.
როგორც გაირკვა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ათი თვის განმავლობაში, საკუთარ თავს თითქმის ოცი ათასი ლარის ოდენობით პრემია გამოუწერა. ამას ემატება მისი საკმაოდ სოლიდური ხელფასი და ის პრივილეგიები, რასაც ბატონი შიხიაშვილი თანამდებობაზე ყოფნის გამო იღებს.
ისევე როგორც ჩინოვნიკების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენის კონტროლის შესახებ, აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი პრემიალური სისტემის გაკონტორლების შესახებაც, ვინაიდან, როგორც ჩანს „ყოფილი ნაციონალი“ არ არსებობს და მათი მადა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, კვლავაც საკმაოდ დიდია. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო სახსრებით სარგებლის ნახვას იმ ჩინოვნიკებმაც კარგად გაუგეს გემო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში არ იყვნენ.
და ბოლოს, ერთი იმ მართლაცდა პოზიტიური და ერის ჯანსაღი გენოფონდის შენარჩუნებაზე გათვლილი ინიციატივის შესახებ, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გასულ კვირაში გააჟღერა.
საქმე ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის მოწესრიგებას და მის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ამაყობდა ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებით, უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ისტორიაში, ნარკომანიის აყვავებამ და ნარკომანიის, როგორც დაავადების გაახალგაზრდავებამ, ზენიტს, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია.
რა თქმა უნდა ბევრისთვის, მიხეილ საააკაშვილის დროსაც და დღესაც, ისეთი ფუფუნება, როგორიც „სუფთა წამალია,“ ძნელად მოსაპოვებელი და ძვირი „სიამოვნებაა,“ მაგრამ სამაგიეროდ ახალგაზრდებში საკმაოდ მალე გავრცელდა და დაინერგა ისეთი კომბინაციით შექმნილის ნარკოტიკული კოქტეილების გამოყენება, რომელში შემავალი ინგრედიენტებიც, სააფთიაქო ქსელებში თავისუფლად იყიდება და რომელთა შეძენაც, პრაქტიკულად ძალიან იაფი ჯდება.
ასეთი წარმომავლობის ნარკოსაშუალებების უკუეფექტი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თითქმის გაათმაგებულია, ზოგიერთი მათგანი კი ადამიანის ცოცხლად ლპობას იწვევს.
მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრები ნარკომანი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ კუსტარულად დამზადებულ ნარკოსაშუალებებს მოიხმარს, მათთვის ასეთი გზების გადაკეტვა და ამ საშუალებით ნარკომანიის გავრცელების შეჩერების პრევენცია, სწორედ რომ დროულად გადადგმული ნაბიჯი იყო. იმედია საქართველოს პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრის აღნიშნულ ინიციატივას ნორმატიული აქტის ძალას მალე მიანიჭებს და მისი რეალური განხორციელებაც მალე დაიწყება.

ალექსანდრე კაპანაძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის