logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კოჰაბიტაციის რეალური დასასრული და ხარვეზები აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლებში
კოჰაბიტაციის რეალური დასასრული და ხარვეზები აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლებში
17:47 17.12.2013
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ქართველი ხალხისთვის სრულიად უცნობ, ხოლო შემდეგ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას, როგორც იქნა პირველი ბზარი უკვე გაუჩნდა.
ეს ბზარი კი მას არა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 27 ოქტომბერს კოჰაბიტაციის საერთოდ დასრულებას გვპირდებოდა, არამედ პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა გაუჩინა, რომელიც ჩვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით, კოჰაბიტაციის დასრულებას არასოდეს დაგვპირებია.
დიახ, სწორედ ე.წ. კოჰაბიტაციის დასრულებად უნდა მივიჩნიოთ პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის მიერ უმცირესობის წევრი დეპუტატის გია ბარამიძის ცემა, რაც, დამეთანხმებით გასული კვირის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი თემა გახლდათ.
საქმე კი იქეთ მიდის, რომ ეს თემა, ანუ კოჰაბიტაციაზე მიტანილი ინდივიდუალური იერიშები, მხოლოდ გასული კვირის მთავარი მოვლენა არ იქნება და მსგავსი ფაქტების გაშუქება ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო ხშირად და სულ უფრო და უფრო დიდი მასშტაბით მოუწევთ.
ისედაც წკიპზე მყოფი საზოგადოების საერთო ნერვი, სოსო ჯაჭვლიანის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ცემამ, კიდევ უფრო დაჭიმა და თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის საკმაოდ ძლიერი სტიმული იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა რეჟიმის მიერ უსამართლოდ იყო დაჩაგრული, შევიწროებული, ქონებაწართმეული, დაპატიმრებული თუ ღირსებააყრილი. ამ ხალხის უმრავლესობას იმედი იმისა, რომ სახელმწიფო სამართლიანობას რეალურად აღადგენს, უკვე გადაწურული აქვთ, ხოლო ჯერ კიდევ შერჩენილი შიშისა თუ მოლოდინის გამო, არც ინდივიდუალური მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება მიუღიათ. აქედან გამომდინარე, წინა რეჟიმის ერთ-ერთი სისხლიანი სახის, რომელსაც სვანეთში მძინარე ოჯახის ამოწყვეტის ოპერაცია ადევს კისერზე, პირდაპირ ეთერში ცემა, რაღა თქმა უნდა ამ ხალხისთვის სამართლიანობის პირადად მოძებნის გზაზე საკმაოდ სერიოზული სტიმული იყო.
ახლა კი, ქვეყნის ძალოვნები და პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუშაობის მართლაც იმ რეჟიმზე უნდა გადაერთოს, რასაც როგორც სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, გაძლიერებული რეიდების რეჟიმი ჰქვია, რადგან გამწარებული ხალხისგან, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვა მართლაც რომ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არადა ქვეყნის მომავლისთვის არც იმის დაშვება შეიძლება, რომ ხალხმა საკუთარი სამართალი თავადვე იპოვნოს, ვინაიდან ეს პროცესი ისეთ სახეს მიიღებს, რომ ქვეყანას განვითარების კუთხით უკან რამდენიმე წლით დასწევს.
თავად პარლამენტში მომხდარ ფაქტს რომ მივუბრუნდეთ, ის რა თქმა უნდა სასურველი და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, მაგრამ კადრებიდან აშკარად ჩანდა, რომ გია ბარამიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა სოსო ჯაჭვლიანის პროვოცირება მოეხდინა და ის წყობილებიდან გამოეყვანა.
მაშინ როცა სოსო ჯაჭვლიანი იმ უდიდეს ტრაგედიაზე ლაპარაკობდა, რომლის შემოქმედიც გია ბარამიძეა, ეს უკანასკნელი, როგორც საზოგადოებას ახსოვს შუბლზე თითს იკაკუნებდა, ხოლო თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი, არავის გვესწავლება. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბრის შოკისა და პასუხისმგებლობის შიშის შემდეგ, ახალი ხელისუფლების გარკვეული ნაწილის დახმარებითვე, მალევე ძალების მოკრების რეჟიმზე გადავიდა და ისინი უკვე ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პროვოცირებას, რათა თავი დაჩაგრულ ძალად წარმოადგინონ. უბრალოდ, გია ბარამიძეს პოლიტიკურმა ალღომ უმტყუნა და ისეთი პიროვნების პროვოცირება სცადა, რომლისგანაც დიდ დიპლომატიას ნამდვილად არავინ ელოდა. ამ პროვოცირების შედეგი კი, როგორც სრულიად საქართველომ იხილა, ბარამიძის მუცელში ჩარტყმული მსოფლიო ჩემპიონის წიხლი აღმოჩნდა.
რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, რომელიც პარლამენტში მომხდარმა ჩხუბმა გამოიწვია- უნდა ითქვას, რომ ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს რეალურად და არა ფარისევლურად ებრძოდა, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა, სოსო ჯაჭვლიანის მოქმედებით აღტაცებული დარჩა, თუ არ ჩავთვლით საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ბაბლუანის უკვდავი ფილმის „უძინართა მზის“ ფრაზას იმეორებდნენ და ამბობდნენ, რომ „უკეთესადაც შეიძლებოდაო“.
ასე, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი შეხლა-შემოხლა, საკმაოდ მკვეთრი სიგნალია როგორც ახალი, ასევე ყოფილი ხელისუფლებისთვის. ახალი ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, მას საკმაოდ დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხალხის აგრესიისაგან დაიცვან, ხოლო ყოფილი ხელისუფლებისთვის ეს ფაქტი მკაფიო გზავნილია იმისათვის, რომ ისინი გაცილებით ფრთხილად უნდა იყვნენ და დღისით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საჯაროდ გამოჩენას უნდა მოერიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიონომია, რომელიც საზოგადოებამ გაზაფხულზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იხილა, ნამდვილად მონაგონი იქნება.
გამოსავალი კი ერთია - საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას რეალურად ცდილობს.
ბევრის მომთმენი ქართველი საზოგადოებრიობა მთავარი პროკურორის პოსტზე საკადრო ცვლილებას დიდი იმედებით შეხვდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იმედები გარკვეულწილად სრულდება. ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი ის პიროვნება, რომელთა ხელშეუხებლობის შესახებაც, როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების პირობებში ლეგენდები დადიოდა, დღეს ოთხ კედელს შორისაა და ისეთი პირი უჩანს, რომ ასეთი ხალხის სია ახლო მომავალში საკმაოდ გაიზრდება.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს პროკურატურაში, ის როგორც მოსალოდნელი იყო არცთუ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ რეალობას ობიექტური თვალით შევხედავთ, აშკარაა, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია, უფრო მეტიც, ამ უწყებაში ძირეული საკადრო ცვლილებები უნდა გატარდეს, რადგან წინა ხელისუფლების დროინდელ პროკურორებს, მოსამართლეები საკუთარ ნოტარიუსებად ჰყავდათ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ იმ გამოწვევებს უპასუხონ, რასაც დემოკრატიული ქვეყნის კვალიფიციური პროკურორი ჰქვია.
გარდა პარლამენტში გამართული შეხლა-შემოხლისა და მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესებისა, გასულ კვირაში კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რომელზეც ყურადღების შეჩერება ნამდვილად ღირს და რომელიც, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი რგოლის სისუსტეს უკავშირდება.
ამ კუთხით პირველ რიგში აღსანიშნავი ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა.
მიუხედავად იმისა, რომ კალაძის პერსონის ენერგეტიკის მინისტად წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეს ადამიანი ორიოდე თვეში ყველაზე კვალიფიციური იქნება თავის სფეროშიო, - ფაქტია, რომ კახა კალაძე მზად არაა იმ გამოწვევებსა თუ საბოტაჟს გაუმკლავდეს, რასაც მის უწყებაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
პირველ რიგში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დიდთოვლობა და ამ დიდთოვლობით გამოწვეული შედეგები იგულისხმება, რომელთან გასამკლავებლადაც, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან განსხვავებით, ენერგეტიკის სამინისტრო მზად არ აღმოჩნდა.
აღნიშნული უწყების მოუმზადებლობა კი, ყველაზე მეტად აჭარის რეგიონზე აისახა, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ორი კვირით შეეზღუდა.
საზოგადოებამ ნაკლებადსარწმუნოდ მიიჩნია კახა კალაძის არგუმენტი შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით, რითაც კალაძემ ელექტრომომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა ახსნა.
გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრის რისხვა „ენერგო პრო ჯორჯიასაც“ დაატყდა. ეს სწორედ ის „ენერგო პრო ჯორჯიაა,“ რომლის წარმომადგენლებთან ერთადაც, კახა კალაძე სულ რაღაც ორიოდე თვის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს მართავდა და მოსახლოებას ენერგომომარაგების სფეროში მოსალოდნელ სასიამოვნო სიახლეებს აცნობდა.
როგორც მინისტრის განცხადებიდან გაირკვა, აღნიშნული კომპანია, თურმე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად არ ასრულებს.
ეს არგუმენტი, რომელიც კალაძემ სავარაუდოდ თავის გასამართლებლად მოიყვანა, მას ყველაზე ნაკლებად ამართლებს, რადგან, გასაგებია, რომ შესაძლოა უცხოურმა კომპანიამ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, თუნდაც ფინანსური ეკონომიის გამო არასათანადოდ შეასრულა, მაგრამ იბადება კითხვა, სად იყო ამ დროს ენერგეტიკის მინისტრი რომელსაც ქვეყნის ენერგომომარაგებაზე პირდაპირი ვალდებულება აქვს აღებული?
ამასთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, კახა კალაძემ სავარაუდო დივერსიაზეც ისაუბრა, თუმცა ამ ვარაუდს ნაკლები საფუძველი აქვს, ხოლო თუ ეს რეალურ მტკიცებულებებს ემყარება, მაშინ კახა კალაძეც და საქართველოს მთავრობაც, ვალდებულია ამის შესახებ გამოძიება დაიწყონ და საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ.
უფრო სავარაუდო ვერსია კი ისაა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო, არცთუ ისე დიდი და მკაცრი ზამთრისთვის მომზადებული არ აღმოჩნდა.
ქვეყანას გასული უახლოესი წლების განმავლობაში, გაცილებით უხვნალექიანი ზამთარიც ახსოვს, მაგრამ მაშინ ელექტროენერგიის ამდენი ხნით გამორთვა არ დაფიქსირებულა. ელექტროგადამცემი ხაზები რა თქმა უნდა მაშინაც ზიანდებოდა, მაგრამ მის აღდგენას მაქსიმუმ ორ-სამ დღეში ახერხებდნენ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა აგრეთვე ენერგეტიკის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ანძები მიუვალ ადგილებშია დამონტაჟებული და მათთან მისასვლელი გზის არარსებობის გამო დაზიანებების დროული აღმოფხვრა ვერ ხერხდება. იბადება კითხვა, როგორ ახერხებდა წინა ხელისუფლება ამ დაზიანებების აღმოფხვრას? ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დროს გადამცემ ანძებამდე მისასვლელი გზები არსებობდა, ხოლო შემდეგ ისინი თავადვე გაანადგურეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრს კიდევ ერთი არგუმენტი აქვს, როცა ის აცხადებს, რომ ანძების მონტაჟი და დაზიანებების აღდგენა უგზოობის გამო ვერტმფრენების საშუალებით ხორციელდებოდაო. ეს არგუმენტი რა თქმა უნდა სიმართლეს მოკლებული შეიძლება არც იყოს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ 11 დღის განმავლობაში, რაც მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება, საფრენი ამინდი ერთხელაც არ გამოსულიყო, რომ დაზიანების სალიკვიდაციო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენით ვერ გადაესხათ.
აქ საქმე როგორც ჩანს გაცილებით უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს, რომლის სათავის მოძიებისა და ამ სათავის დაუხშობლობის შემთხვევაში, ქვეყანა უფრო მეტი პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს.
ენერგეტიკის მინისტრობა მხოლოდ დიდი ჰესების საკითხის ლობირება და არასამთავრობო ორგანიზაციების „მოყიყინეებად“ გამოცხადება არ არის და ის გაცილებით უფრო მეტ პროფესიონალიზმსა და პრევენციას მოითხოვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოგვიდგენია.
აღარაფერს ვამბობთ დედაქალაქის დიდი ნაწილისთვის, ყველაზე დაბალი ტემპერატურის დროს გამომარაგების შეწყვეტისა და შეფერხებების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც კვალიფიციური ახსნა-განმარტება ჯერ არც დადებულა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების სისუსტედ უნდა ჩაითვალოს, ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაა.
წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის პენიტენციალური სისტემა ოაზისად გადაიქცა, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სუბარის უწყება ბაჩო ახალაიას უწყებას სჯობს, დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის.
სოზარ სუბარის უწყებაში ადგილი აღარ აქვს ე.წ. „კარანტინის დაშლას,“ პატიმრების ცოცხებით გაუპატიურებას ან მათ „კრუგში ცემას,“ მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნული უწყება კიდევ კარგა ხანს დარჩება პრობლემატურად, ვინაიდან ციხეებში სუიციდის შემთხვევების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გარდა ამისა, პრობლემებია პატიმრების მკურნალობის მხრივ და რაც ყველაზე საგანგაშოია, კვლავ ფიქსირდება მსჯავრდებულების ცემის ფაქტები. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სამინისტროს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად საკნების მუდმივი ვიდეოკონტროლისა, ტექნიკური ხარვეზის გამო, მათ პატიმრის მიერ თავის ჩამოხრჩობის ფაქტი გამორჩათ, რაზეც რაღა თქმა უნდა დროული რეაგირება არავის მოუხდენია.
ეს ყველაფერი მართლაც რომ ბაჩო ახალაიას დროინდელი ციხის სურათს ემსგავსება და თუ ამ კუთხით რამე ძირეული რეფორმა არ გატარდა, შესაძლოა ციხის მდგომარეობა ახალი ნეგატიური ტალღის საფუძველი გახდეს.
კიდევ ერთი თემა, რაც არა მარტო გასული კვირისთვისაა დამახასიათებელი, ეს ქართული ტელეკომპანიაების მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში. ზოგჯერ, ქართული ტელევიზიები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომის პაპზე მეტ კათოლიკებადაც კი გვევლინებიან და საინფორმაციო გამოშვებების თითქმის ნახევარს, იქ მიმდინარე მოვლენებს უთმობენ, თანაც იმ დროს, როცა მაიდანზე რაიმე განსაკუთრებული ნამდვილად არ ხდება. უფრო მეტიც, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ვითომდა ჩართვებში აშკარად იკითხება ჟურნალისტების პათოსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუთმენლად ელიან ისინი მიტინგების დარბევას და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს, ეს ტელეკომპანია, საინფორმაციო გამოშვების მესამე-მეოთხე ბლოკში დაახლოებით 20 წამს თუ უთმობდა.
ეს ყველაფერი ჟურნალისტიკის ჩარჩოებს სცილდება და პროვინციალურ მარაზმში გადადის, რაშიც პრაქტიკულად ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქვეყანა ცხოვრობდა.
კიდევ ერთი თემა, რაც უკრაინას უკავშირდება, ეს მიხეილ სააკაშვილის ამ ქვეყანაში ვიზიტია. საქართველოს პრეზიდენტყოფილი, დღეს რა თქმა უნდა ყველანაირად ცდილობს მსოფლიოს თვალში პროდასავლურ პოლიტიკოსად გამოჩნდეს, რითაც არაპირდაპირ დარტყმას ქვეყნის ახალ ხელისუფლებას მიაყენებს, მაგრამ მისი ავტორიტეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე იმდენად დაქვეითებულია, რომ მისი რომელიმე ქვეყანაში ჩასვლა, მხოლოდ და მხოლოდ დამატებით პრობლემებთან ასოცირდება.
ძალიან ლაკონური იყო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეფასება პრეზიდენტყოფილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, რომ - სააკაშვილი თავისუფალია, მაგრამ ამ თავისუფალ ადამიანს ჯერ კიდევ შესწევს ძალა ქვეყნის იმიჯზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს და ამ კუთხით, მოქმედი ხელისუფლება მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს.

ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის