logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
იძულებითი კოჰაბიტაციის შესაძლო იძულებითი დასასრული
იძულებითი კოჰაბიტაციის შესაძლო იძულებითი დასასრული
20:13 12.11.2013
ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის გაუგებარი კოჰაბიტაცია, რომელიც ქართველ ხალხს თავს იძულებით მოახვიეს და რომელიც ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან გაუტკბა, - დასასრულს უახლოვდება.
დასასრულს უახლოვდება აგრეთვე სამართლიანობის აღდგენის მოქმედი პრემიერისეული განმარტება, რომ თუ დღეს ქვეყანაში უკანონოდ აღარავის იჭერენ და პოლიციაც დეპოლიტიზირებულია, ეს სამართლიანობის აღდგენას ნიშნავსო.
რა თქმა უნდა, დღეს ადამიანი გაცილებით თავისუფალია, მას აღარავინ უდებს ჯიბეში ნარკოტიკსა და იარაღს, აღარავინ აპატიმრებს პოლიტიკური შეხედულების გამო, აღარავის ხოცავენ ქუჩაში, აღარავინ ართმევს საკუთრებას ადამიანებს და სატელეფონო საუბრებსაც ტოტალურად აღარ უსმენენ. დიახ, ეს ყველაფერი გასული ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად იქნა მიღწეული, მაგრამ ამას არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ სამართლიანი გარემოს დამკვიდრება ჰქვია, რაშიც ახალმა ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მართლაც ლომის წვილილ შეიტანა.
სამართლიანობის აღდგენა კი ყველა იმ ადამიანის დასჯას გულისხმობს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ის და სხვა მრავალი სისტემური დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
მიუხედავად ბიძინა ივანიშვილისეული განმარტებისა სამართლიანობის აღდგენის შესახებ და მიუხედავად მის მიმართ ხალხის ნდობის უზომოდ დიდი ხარისხისა, საზოგადოებამ მისი ეს განცხადება არ ირწმუნა, რადგან სამართლიანობის აღდგენა, ამ ფრაზის კლასიკური გაგებით, სწორედ საზოგადოების უპირველესი დაკვეთაა.
ამის ნათელი დასტური, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მოსახლეობის აქტივობის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა 62 პროცენტს შეადგენდა, ხოლო ამ რიცხვის კლება, პირველ რიგში სწორედ სამართლიანობის აღდგენის იმ კატასტროფულად დაბალმა ტემპმა და იმ გაუგებარმა კოჰაბიტაციამ განაპირობა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.
როგორც ჩანს, კოალიციურ ხელისუფლებაში ეს უკვე კარგად გააცნობიერეს და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ახალი ხელისუფლების წევრთა დიდი ნაწილის განცხადებები სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე, თანაც ისე, რომ სამართლიანობის აღდგენის ბიძინა ივანიშვილისეული განმარტება აღარც კი გახსენებიათ.
ის, თუ საქართველოში სამართლიანობის აღდგენა მართლაც იმ ფორმით დაიწყება, როგორც ამას საზოგადოება ითხოვს და როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, მაშინ ეს იქნება სრულიად ქართველი საზოგადოების დამსახურება და არა ახალი კოალიციური ხელისუფლებისა, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან მრავლადაა წარმოდგენილი პოლიტიკოსები, ვინც მსგავსი ფორმით კოჰაბიტაციური პროცესის გაგრძელებას ორივე ხელით მიესალმება.
სწორედ ხალხის განწყობამ შეცვალა ხელისუფლების რიტორიკა და სწორედ ხალხის განწყობა აიძულებს მას, სამართლიანობა რეალურად აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემურად თუ უსისტემოდ, მისაღები თუ მიუღებელი ფორმებით, ამას საზოგადოება თავად აღასრულებს.
სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ გია ხუხაშვილი, ეკა ბესელია, დავით საგანელიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ცნობადი სახეები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში კოჰაბიტაციის სიკეთეზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რა თქმა უნდა ეს შეფასება კოალიციურ მთავრობაში ყველას ერთნაირი დოზით არ ეხება.
ხელისუფლებაში არმყოფი ის პოლიტიკური ორგანიზაციები, არასამთავრობოები და უფლებადამცველები თუ საზოგადო მოღვაწეები კი, რომლებიც მხარს უპირობოდ „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ, დღეს ხელისუფლებას, სამართლიანობის აღდგენის ტემპების გამო მკაცრად აკრიტიკებენ და ამით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ახდენენ. საზოგადოებრივი აზრის ძალა კი, ახალ ხელისუფლებას ძალიან კარგად მოეხსენება.
სწორედ ამის შედეგია კოალიციური ხელისუფლების ლიდერთა რიტორიკის ცვლილება და თუ ამ რიტორიკას საქმეც რეალური მოჰყვება, მაშინ საზოგადოების შენელებული პოზიტიური განწყობა ახალი ხელისუფლების მიმართ, კვლავ გაიზრდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ამავე რუბრიკაში გასულ კვირაში ვწერდით, უკეთეს შემთხვევაში, გარდაუვალია ქვეყნის პოლიტსივრცეში ისეთი ძალის გამოჩენა, რომელიც სწორედ სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფს და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება საზოგადოების მხრიდან.
უარეს შემთხვევაში კი, 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელილი, შეურაცხყოფილი და გაუბედურებული ხალხი, თავიანთი წილი სამართლის პოვნას თავადვე შეეცდებიან, რასაც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
გასაგებია, რომ ძალიან ძნელია სამართლიანობის ერთი ხელის მოსმით აღდგენა, რადგან, სულ მცირე, გასასამართლებლები არიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში უდანაშაულო ხალხს ციხეებში ამწესებდნენ და მათ ქონებას ართმევდნენ.
დღეს ამ მოსამართლეებისა და პროკურორების აბსოლუტური უმრავლესობა, კვლავ საკუთარ კაბინეტებში სხედან და თემიდას ქანდაკების ფონზე, განაჩენი დღესაც საქართველოს სახელით გამოაქვთ.
მართლაც ძნელია მათი ერთი ხელის მოსმით მოშორება და გასამართლება, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლო და ძალოვან სტრუქტურებში საკადრო კრიზისი წარმოიქმნება, მაგრამ გასული ერთი წლის განამვლობაში არც იმ კუთხით გაკეთებულა რაიმე, რომ ახალ ხელისუფლებას მათი ჩამნაცვლებლების მომზადებაზე ემუშავა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოსვლიდან რამდენიმე თვეში, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება შევარდნაძის დროინდელი კადრებისგან მაქსიმალურად გაწმინდა, მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა და პატიოსნებისა, ეს კადრები კი ახლადგამომცხვარი მინისტრებითა და დეპარტამენტების თავმჯდომარეებით, ასევე „კმარა“-ს აქტივისტებით ჩაანაცვლა.
რა თქმა უნდა მსგავსი პრაქტიკის განმეორებას საქართველოს ხელისუფლებას არავინ ურჩევს და ამის გაკეთება მისი მხრიდან მნიშვნელოვანი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ საინტერესოა, 5 მილიონიან ქვეყანაში, რომელიც უმაღლესდამთავრებულთა მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში უპირობოდ ლიდერობს, რატომ ვერ მოიძებნა რამდენიმე ათეული კვალიფიციური იურისტი, რომ დამნაშავე მოსამართლეებისა და პროკურორების თანდათანობითი, ეტაპობრივი ცვლის პროცესი მაინც დაწყებულიყო?
როდესაც ადამიანი, რომლის უფლებებიც წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო გათელილი, სამართლის საძიებლად მიდის სასამართლოში ან პროკურატურაში და იქ ხედავს იმ მოსამართლეებს და პროკურორებს, რომლებმაც მას პრაქტიკულად ცხოვრება დაუნგრიეს და არა მარტო ხედავს, სამართლის საძიებლად იძულებულია ისევ მათთან მივიდეს, - ნურავის ნუღარ გაუკვირდება, თუ ეს ადამიანი ყველაფერზე ხელს ჩაიქნევს და კოჰაბიტაციას გაგებით არ მოეკიდება.
ამ ყველაფრის ნათელი სურათი უკვე სახეზეა.
ამის დასტურია აგრეთვე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის მიერ აღებული 10 პროცენტი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ, წლების განმავლობაში ანტიპიარის ობიექტი იყო, ხოლო მის მიერ დადებული შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებზე, სწორედ იმ მესიჯებმა განაპირობა, რომელიც მან საზოგადოებამდე მიიტანა და რომლებიც ხალხის დაკვეთას აბსოლუტურად პასუხობდა. მათგან ერთ-ერთი მთავარი კი სამართლიანობის რეალურად აღდგენა იყო.
იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების განვითარება ისეთ კოჰაბიტაციურ რეჟიმში გაგრძელდა, როგორც ეს გასული ერთი წლის განმავლობაში იყო, მაშინ არსებობს გარდაუვალი პერსპექტივა იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ნინო ბურჯანაძის 10 პროცენტი რამდენჯერმე გაიზარდოს და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ რუკაზე, სრულიად ახალი რეალობა ვიხილოთ. ეს კი კოალიციური მთავრობის და განსაკუთრებით მასში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს სისხლხორცეულად ეწინააღმდეგება და ამიტომ ისინი, შეიძლება თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ქართული საზოგადოების აშკარა და მკაფიო მოთხოვნის გამო, სამართლიანობის რეალურ აღდგენაზე უკვე საუბრობენ.
კოალიციაში არსებობეს ძალები, რომლებიც სამართლიანობის რეალური აღდგენის მომხრეები არიან, ვინაიდან მათ საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახებზე გამოსცადეს მთელი ის უსამართლობა და რეპრესიული მანქანის სისასტიკე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჰქონდა ადგილი.
თუმცა მათი განცხადებები, რა თმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მათ სურვილს სამართლიანობის აღდგენის შესახებ, თავად კოალიციაშივე არ გამოუჩნდება ძლიერი მოწინააღმდეგეები.
დღეს უკვე შეძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების რესპუბლიკური ფრთა“ სამართლიანობის რეალურ აღდგენას შეეწინააღმდეგება, რისი ფიქრის საფუძველსაც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებები იძლევა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
საინტერესოა ქვეყნის ინტერესების შესახებ არსებული რა კრიტერიუმებით სარგებლობს ბატონი ბერძენიშვილი როცა ამ განცხადებებს აკეთებს, ან როდის ჩათვალა მან თავი ქვეყნის უმაღლეს ბრალმდებლად ან მომრიგებელ-მოსამართლედ.
უფრო მეტიც, ლევან ბერძენიშვილის მიერ სააკაშვილის დასაცავად გაკეთებული განცხადებები ზოგ შემთხვევაში საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიც კია და მისდამი აშკარად დამცინავ ხასიათს ატარებს.
კონკრეტულად კი, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე დასჯილი ყოფილა და თანაც ის ქართველ ხალხს დაუსჯია იმით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს აღარ აირჩია.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამორჩეული ისეთი ზეინტელექტუალური პარტიის ერთ-ერთი, ასევე ზეინტელექტუალური ლიდერის აღნიშნული განცხადება არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც შეურაცხმყოფელია.
რას იტყოდა ბატონი ბერძენიშვილი იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ხალხი მუამარ კადაფს იმით დასჯიდა, რომ აღარ აირჩევდა? ან როგორ წარმოუდგენია ლევან ბერძენიშვილს გერმანიის განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურბერგის პროცესის გარეშე? იქნებოდა თუ არა ბატონი ბერძენიშვილის აზრით გერმანია დღეს ისეთი განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო, გერმანელ ხალხს ჰიტლერის ჯალათების ხროვა მხოლოდ იმით რომ დაესაჯათ, რომ აღარ აერჩიათ?
ყველა ყველა და იმ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც ინტელექტუალური ნიშის უპირობო მეპატრონეობაზე აქვს პრეტენზია, ცოტა უფრო გააზრებული და დაფიქრებული განცხადების გაკეთება მართებს.
თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ლევან ბერძენიშვილის ეს განცხადება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ, მისი და მისი პარტიის შინაგანი სიმპათიის გამო იყო გაკეთებული.
ამ ყველაფერს ცოტა ღრმა საფუძველი აქვს და ეს საფუძვლები მოქმედი პრემიერის პოლიტიკიდან წასვლაში, ახალი პრემიერის წარდგენაში და ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარედ წარდგენაში უნდა ვეძებოთ.
აღნიშნული პარტია, როგორც მოგეხსენებათ პირადად ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება და მის ხელმძღვანელად ისეთი ერთგული და ამავე დროს წარმატებული პიროვნების არჩევა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ნიშნავს, რომ სამომავლოდ ძირითადი აქცენტი სწორედ ამ პარტიის გაძლიერებაზე გაკეთდება, დროთა განმავლობაში კი, გამორიცხული არ არის, რომ საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს, სადაც კოალიციის სუბიექტები მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, ხოლო თუ რა შანსი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში „რესპუბლიკურ პარტიას“ დამოუკიდებლად, - ეს ძნელად საპროგნოზო ნამდვილად არაა.
რა თქმა უნდა ეს საფრთხე და მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში დამდგარი შედეგები, ყველაზე კარგად თავად რესპუბლიკელებს აქვთ გაცნობიერებული. გამომდინარე იქედან, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ რომელიმე არჩევნებში რომ დამოუკიდებლად რაიმე ხელშესახები შედეგი დადონ, ცდილობენ აქედანვე დაიჭირონ თადარიგი იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მიეკედლონ მომავალ არჩევნებში. ამ შემთხვევაში კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.
აი ესაა სწორედ ის სავარაუდო მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკელები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენას ასერიგად ცდილობენ.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ზემოთნახსენები და კიდევ სხვა მრავალ მიზეზთა გამო, ეს პროცესი სავარაუდოდ ისევ გაიჭიმება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დრო ამ შემთხვევაში ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს და საზოგადოებაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის ხალხმა სამართლიანობის რეალურად აღდგენის პრინციპული მოთხოვნით, ხელისუფლებისგან ასევე პრინციპული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საკუთარი განწყობა საარჩევნო ურნასთან პირდაპირ დააფიქსიროს.
ასე, რომ კოალიცია, თუ მას რეალურად უნდა სამართლიანობის აღდგენა, დროა კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს, თუნდაც ამისთვის რამდენიმე ისეთი მკვეთრი და შეიძლება მტკივნეული ნაბიჯის გადადგმაც დასჭირდეს, რასაც საკუთარი პოლიტიკური შემადგენლობის კორექტირება ჰქვია.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის