logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„კოჰაბიტაციური არჩევნების“ ქართული კლასიკა
„კოჰაბიტაციური არჩევნების“ ქართული კლასიკა
18:14 29.10.2013
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მართლაც უჩვეულო გარემოში ჩატარდა.
წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტები მოკლებულნი იყვნენ ისეთი ფაქტების გაშუქების „სიამოვნებას,“ რითაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გასული ცხრა წლის განმავლობაში, ჟურნალისტურ წრეებსა და ქართველ ხალხს გულმოდგინედ ამარაგებდა.
საქმე ეხება წინასაარჩევნო დაკავებებს, მასობრივ ტერორს, დაშინებას, მუქარას, ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობას, ქვების სროლას, ზოგ შემთხვევაში კი ადამიანების გატაცებას და საარჩევნო უბნებში ავტომატებით შევარდნასაც კი.
საბედნიეროდ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში აღარ დაფიქსირებულა და თუ მსგავსი უმახინჯესი პრაქტიკა მხოლოდ შავ მოგონებად დარჩება და ის აღარასდროს აღარ განმეორდება, ეს ქვეყნის განვითარებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.
ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად და წარმატებულად შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ და მიუხედავად მათი შესაძლო სურვილისა, რომ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი დაეწუნებინათ, ამის ელემენტარული საბაბიც კი არ მიეცათ.
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად ჩატარდა და ასე არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან, გასული ცხრა წლის განმავლობაში ყველაფრის მკადრებელ ცესკოს ზოგიერთ წარმომადგენელსა თუ „ნაცკოორდინატორებს,“ შეუძლებელია ხელი არაფერზე წასცდენოდათ, თუმცა ასეთი ფაქტები იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით იყო, რომ მასზე ყურადების გამახვილებაც არ ღირს და ისინი არჩევნების საერთო შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდნენ.
ასევე ძნელია ეჭვი შეიტანო კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატისა და მომავალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებელში, ვინაიდან ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, განათლების ყოფილი მინისტრი ყველაზე გამორჩეული ფავორიტი იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სახელისუფლებო გუნდიდან და პირადად პრემიერ-მინისტრისგან, - წინასაარჩევნო პერიოდშიც კარგად ჩანდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო თუ არა ეს არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად ჩატარებული და ასახავს თუ არა მისი შედეგი ხალხის რეალურ განწყობას?
ვფიქრობთ რომ არა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული იყო, - ის იდეალურისგან მაინც საკმაოდ შორს იდგა, თუმცა თავად 27 ოქტომბერი, საქართველოს დემოკრატიულად განვითარების ისტორიისთვის, უდავოდ ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღად დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან მშვიდ და ნორმალურ გარემოში წარიმართა და უშუალოდ არჩევნების დღეს, ხმები პრაქტიკულად არ გაყალბებულა, მას წინ უძღოდა პროცესები, რომლებმაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა მოახდინა.
ამ პროცესთაგან კი განსაკუთრებით აღსანიშნავი ისევ და ისევ ყბადაღებული და მაგიური სიტყვა - „კოჰაბიტაციაა.“
გასული წლის 1 ოქტომბრის, ანუ ხელისუფლების ცვლის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება ქმნიდა შთაბეჭდილებას და ამ შთაბეჭდილებას კონკრეტული ქმედებებითაც ამყარებდა, - რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენით სისხლორცეულად იყო დაინტერესებული.
ის, რომ წინა ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატმა თითქმის 22 პროცენტიანი მაჩვენებელი დადო, სხვა არაფრის დამსახურება არაა, თუ არა და იმ დამნაშავეების მიმართ ხელის დაფარების პოლიტიკისა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ მოკალათებულნი.
სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლამის გამარჯვებაზე განაცხადა პრეტენზია, წარმატებით ეცადა მოერგო წამებული და რეპრესირებული პოლიტიკური ძალის მანტია და ამავდროულად, ყველა იმ არაკანონიერი ქმედებების შესახებ, რასაც ისინი წლების განმავლობაში ეწეოდნენ, ახალ ხელისუფლებას დასდო ბრალი.
ყოველივე ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ვარაუდი იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ გარკვეულ ნაწილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფარული გარიგებაა. შესაძლებელია საქმე ფარულ გარიგებასთან არც გვქონდეს და უფრო მძიმე შემთხვევის - ურთიერთვალდებულებების შესრულების პროცესის მომსწრენი ვიყოთ.
როგორც ცნობილია, კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა საკმაოდ დიდ ნაწილს, რომლებიც გარეგნულად ოპოზიციური ნიშის დაკავებას ცდილობდნენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება თავის დროზე საკმაოდ წარმატებით იყენებდა იგივე ოპოზიციის წინააღმდეგ თუ საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერიდან გამომდინარე, ისინი თავადვე ეცდებოდნენ, რომ მათ მიმართ „ოპოზიციური პარტიების“ სამსახური უანგარო არ ყოფილიყო, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი თავს ბოლომდე დაცულად ვერ იგრძნობდნენ.
ანუ, თუ წინა ხელისუფლებას, მისი ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმესთვის ფული აქვს გადახდილი და თუ რომელიმეს მოსყიდვას ახორციელებდა, მის მიმართ შესაბამისი ვიდეომტკიცებულებებიც ექნება.
ნაკლებსავარაუდოა, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელიც სამეგრელოს ტყეებში მაგიდაზე გადასკოტჩილი ხალხის გაუპატიურების პროცესსაც კი ფირზე აღბეჭდავდა, მისი ხელისუფლების „ოპოზიციაში მყოფი“ პარტიების ხელმძღვანელებისთვის ფულის გადაცემის ისტორიული პროცესები არ გადაეღო, რის შესახებაც რა თქმა უნდა „ყოფილი ოპოზიციური“ და დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიები ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი.
გარდა ამისა, „ნაციონალურ ხელისუფლებას“ შესაძლოა თავის არსენალში კიდევ ერთი იარაღი ჰქონდეს. - ეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებია.
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ წინა ხელისუფლებას ასეთი ჩანაწერების მხიოლოდ ერთი ეგზემპლარი გააჩნდა და ისიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას შემთხვევით დაუტოვა.
სავარაუდოდ, აღნიშნულ ფარულ პირად ჩანაწერებში, კოალიციის წევრების ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები იყო აღბეჭდილი და ის სამინისტროში სპეციალურად, იმ იმედით დატოვეს, რომ ეს ჩანაწერები მზის სინათლეს იხილავდა ან ვიწრო წრისთვის მაინც გახდებოდა მისაწვდომი და შესაბამისად, ეს კოალიციაში, შიდა დაპირისპირება-წამოძახებებს გამოიწვევდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროვოკაციას არ წამოეგო და როგორც ვიცით კადრები გაანადგურა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, - გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ ეს მასალები „ნაციონალებს“ თითო ეგზემპლარად ჰქონდათ შენახული.
აქედან გამომდინარე, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ ყოფილ ხელისუფლებას, იმ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ, რომლებიც დღეს კოალიციაში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, ისეთი კომპრომატები გააჩნდეს, რომ მათ მართვას დღესაც ისევე წარმატებით ახერხებდეს, როგორც ამას მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს ახერხებდა.
მართალია ამ ჩანაწერების გამოქვეყნება სისხლის სამართლის წესით ისჯება, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება დიდი შეღავათი იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვის შესახებაც ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ამა თუ იმ პირს, მინიმუმ პოლიტიკურ კარიერად შეიძლება დაუჯდეს.
სწორედ აქ შეიძლება ვეძებოთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში მათი საკმაოდ სოლიდური ნაწილი, აქტიურად ცდილობდა და ცდილობს კოჰაბიტაციის პრინციპების ზედმეტად გულმოდგინედ დაცვას და დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარებას. ამ ყველაფერმა კი, განაპირობა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში მეორე შედეგი აჩვენა.
ანუ, შესაძლოა ახალი მთავრობის მიერ, უშუალოდ არჩევნების დღეს რაიმე სახის გაყალბება არ მომხდარა, მაგრამ ისინი, მთელი წლის განმავლობაში, ირიბად უწყობდნენ ხელს, რომ „ნაციონალებს“ მეორე ადგილი ეჩვენებინათ და შესაბამისად, გაემყარებინათ განცდა იმისა, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ.
ასე, რომ ერთია არჩევნების დემოკრატიულად და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება, ხოლო მეორეა გამოხატავს თუ არა არჩევნების შედეგები ხალხის რეალურ განწყობას.
გარდა ამისა, არჩევნების შედეგებზე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გავლენა, კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა.
კონკრეტულად კი, წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა ინდეფერენტულობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საარჩევნო აქტივობის თითქმის 20 პროცენტიანი ვარდნა განაპირობა.
სწორედ ეს 20 პროცენტია ყველაზე მეტად ანგარიშგასაწევი და ასევე, საინტერესოა მიზეზების ძიება, რის გამოც მათ, განსხვავებით წინა წლისაგან, წელს არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
ეს არის ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომლებმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა კოალიციის სასარგებლოდ მისცეს, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, მათ მიმართ მხარდაჭერის გრძნობა დაკარგეს და სახელისუფლებო კანდიდატისთვის ხმის მისაცემად თავი აღარ შეიწუხეს.
ამავდროულად, ამ 20-მა პროცენტმა როგორც ჩანს ჯერ ვერ მოახერხა გარკვეულიყო კანდიდატთა პროგრამებში და დაპირებებში, ან სულაც ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდეფერენტული გახდა.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული და თუ ამას დავუმატებთ საზოგადოების ხმების მოსაპოვებლად არსებული მანიპულაციების იმ უამრავ ხერხსა თუ მეთოდს, რომელიც წინა ხელისუფლებამ ცხრა წლის მანძილზე საკმაოდ დააგროვა, დავით ბაქრაძისთვის 21,7 პროცენტიანი მაჩვენებლის დადება დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, თან როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს პირდაპირ თუ ირიბად, ხელს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები უწყობდნენ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად დემოკრატიული და კოჰაბიტაციური პრინციპების სრული დაცვით ჩატარდა, რომლის შედეგების პროგნოზირებაც რთული ნამდვილად არ ყოფილა.
უფრო მეტიც, აღნიშნული შედეგები, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად ერთი-ერთზე იწინასწარმეტყველა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და „ქართული ოცნების“ კანდიდატის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ზურაბ ბიგვავამ თავის „სოციოლოგიურ კვლევებში.“
რაც შეეხება თავად კოჰაბიტაციის დასრულების საკითხს, თუ ეს პროცესი კოალიციის გაგებით მხოლოდ პრეზიდენტობიდან მიშას გაშვებას ითვალისწინებდა, მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კოჰაბიტაცია დამნაშავე პირთან, - ნამდვილად დასრულდა, თუმცა მოჰყვება თუ არა მას რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ჯერჯერობით უცნობია, უფრო სწორად კი, ყველა წინაპირობის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიციის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოჰაბიტაციას 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და 1 ოქტომბრიდან დღემდეც გადასარევად ახერხებდნენ, სავარაუდოდ ამ სიამტკბილობაზე არც მომავალში იტყვიან უარს, ამასობაში კი, არის რეალური შანსი იმისა, რომ ზემოთნახსენები ინდეფერენტული 20 პროცენტის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და უფრო მეტიც, მათი ინდეფერენტულობა სხვა განწყობამ, კონკრეტულად კი აგრესიამ ჩაანაცვლოს.


ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის