logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პოლიტიკური სტაბილურობის აფეთქების ორმაგი მცდელობა
პოლიტიკური სტაბილურობის აფეთქების ორმაგი მცდელობა
15:49 16.09.2013
მიუხედავად 2012 წლის 1 ოქტომბერს განხორციელებული ხელისუფლების ერთი შეხედვით მშვიდობიანად გადაცემის პროცესისა, პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში განვლილი 11 თვის განმავლობაში საკმაოდ მყიფე იყო, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული.
გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დემაგოგიითა თუ საბოტაჟით მუდმივად ცდილობდა ეს სიმყიფე გადაეტეხა, სტაბილურობას ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა და უქმნის ასევე უკმაყოფილო საზოგადოება, რომელიც მთავარი დაპირების, - ღირსების აღდგენის შესრულებას ვერ ხედავს და ამ ნიადაგზე, მისი უკმაყოფილება ახალი ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მეტად იზრდებოდა და იზრდება.
მიუხედავად ამ და სხვა ფაქტორებისა, უნდა ითქვას, რომ ახალი ხელისუფლება სტაბილური პოლიტიკური ვითარების შენარჩუნებას ახერხებდა, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ ეს სტაბილურობა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
პირველი, რაც აღნიშნულ სტატუს-ქვოს საფრთხეს უქმნის, ეს ბოლო პერიოდში გახშირებული ანონიმური შეტყობინებებია, რომლებიც ამა თუ იმ უწყებაში ბომბის არსებობას იუწყებიან.
მეორე საფრთხე კი პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მოდის, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში უკვე პერმანენტულად ქცეულ სატელეფონო შეტყობინებებს ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ არცერთი ფაქტი არ დადასტურდა, ის მაინც ქმნის საზოგადოებაში არასტაბილურობის ასოციაციას და მას სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს.
გულგუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ გახშირებული ანონიმური შეტყობინებები, მხოლოდ შემთხვევითი დამთხვევის შედეგია და მას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.
როგორც ჩანს მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მდგომარეობა დაძაბოს, რეალობას მოკლებული არაა, თუმცა საინტერესოა, რას ელის ის ამ შედეგისგან იმ შემთხვევაში, თუ ვითარების დაძაბვას მართლაც მიაღწევს. ამასთან, დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, მათ ამის შანსი ძალიან ნაკლებად აქვთ და რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, ხელისუფლების შეცდომაზე არიან ჩასაფრებულნი, რათა მათ ეს შემდგომ სათავისოდ, თუნდაც ქვეყნისთვის ყველაზე არამომგებიანი კუთხით გამოიყენონ.
მიუხედევად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გავრცელების საქმეებს თითქმის ყოველთვის, რამდენიმე საათში ხსნის და ზარების ავტორებსაც აკავებს, ზარების რაოდენობა არ კლებულობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ზარები შემთხვევით, ვიღაცის სპორტული თუ ბავშვური ინტერესების გამო არ ხორციელდება და ამ ყველაფერს ერთი საერთო დირიჟორი ჰყავს.
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა ზარებმა?
პირველ რიგში ის საზოგადოებაში არასტაბილურობის და დაუცველობის განცდას ქმნის. ასევე, შესაძლოა ამ სტრესულმა გარემომ სტიმული მისცეს ისეთი აზრის განვითარებას, რომ საზოგადოება წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით უფრო დაცული იყო, ხოლო ის ფაქტი, რომ ცრუ შეტყობინებების ძირითადი „ასაფეთქებელი“ ობიექტები მედიასაშუალებები და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაწესებულებები არიან, საზოგადოებაში სტრესულ განცდას კიდევ უფრო ზრდის.
სტრესული განცდის პარალელურად იზრდება ეჭვიც იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული ძალა, სავარაუდოდ პოლიტიკური პარტია დგას და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ შეტყობინებათა ავტორები ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რომლებსაც მსგავსი ტიპის დანაშაულზე კანონით პასუხს ვერ აგებინებ, კიდევ უფრო იზრდება საფუძველი იმის ფიქრისა, რომ ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული და იურიდიულადაც გათვლილია.
დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, საბედნიეროდ აღარ არის ის ვანოსდროინდელი სტრუქტურა, რომლის განყოფილებებშიც ხალხს კიდურებს ამტვრევდნენ და სადაც ბნელ ოთახში შავ კატას იმ შემთხვევაშიც წარმატებით იჭერდნენ, თუ ეს კატა იქ სულაც არ იყო.
ეს კი, ყველაზე კარგად სწორედ დესტაბილიზაციით დაინტერესებულმა ძალამ იცის და კარგად აქვს გათვლილი, რომ პოლიცია აღნიშნული არასრულწლოვანი კანონდამრღვევების მიმართ კანონს თავადაც არ დაარღვევს და არც მათი ოჯახის წევრებზე განახორციელებს ზეწოლა-რეპრესიებს.
პარალელურ რეჟიმში კი, აღნიშნული დაინტერესებული ძალა წარმატებით ახერხებს და საზოგადოებაში არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას ნერგავს.
ყოველივე ამის, ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ხოლო ამ დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის მშობლებს საკმაოდ დიდი ჯარიმას დააკისრებს, შეიძლება ერთადერთ სწორ გამოსავალად მივიჩნიოთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ინიციატივას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება, რაც სავარაუდოდ იქნება კიდეც, თუმცა ის პროცედურულად დროს მოითხოვს.
ასე, რომ პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები ოპერატიულად უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები, რომელიც სტრესულ სიტუაციაში ჩატარდება, სამართლიანად არ შეიძლება მივიჩნიოთ.
გულუბრყვილობაა აგრეთვე ვიფიქროთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, არასრულწლოვნებს ერთდროულად მოუნდათ ამა თუ იმ ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაევრცელებინათ.
ვფიქრობ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკულპულოზურად უნდა შეისწავლოს ამ ბავშვების უახლოესი გარემოცვა, ოჯახის წევრები და ახლო სანათესაო, ვინაიდან, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის ნარჩენები, ცდილობდნენ, რომ არასრულწლოვნების ფსიქიკაზე ზემოქმედება მოახდინონ და აიძულონ ისინი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ. ასეთი ფაქტების გამოვლენისა და მათი დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების წაქეზების სურვილი, რათა მათ ამა თუ იმ ობიექტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ, - ბევრს დაეკარგება.
ხოლო რაც შეეხება იმ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ბრალდებით დააკავეს, სამართალდამცველებმა, ასევე სასურველია, რომ მისი წარსულიც გამოიძიონ: ხომ არ ჰქონდას მას გაცილებით უფრო მძიმე დანაშაული ჩადენილი წინა ხელისუფლების პერიოდში და ხომ არ სარგებლობდა ის რაღაც-რაღაცების სანაცვლოდ ხელშეუხებლობით, ხოლო როცა დასჭირდათ, უფრო დიდი დანაშაულის არგათქმის პირობით, ის „ნაციონალებმა“ შედარებით მსუბუქსასჯელიანი დანაშაულისთვის გამოიყენეს.
თუმცა საზოგადოებას პანიკის არანაირი საფუძველი ნამდვილად არ გააჩნია და სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ამასთან, მსგავს ბოროტ თამაშ-ხუმრობებს, ბოლო აუცილებლად მოეღება და ეს მოხდება ზუსტად მაშინვე, რაც მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან თავის პირად ნივთებს დაცვის მანქანაში ჩაალაგებს.
მანამ კი, მსგავსი ან უფრო მასშტაბური სახის პროვოკაციები მოსალოდნელია და ამას შესაბამისი უწყებები სრული მზადყოფნით უნდა დახვდნენ.
უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელწერიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ან სრული კონსპირაციის გარანტიის შემთხვევაში, ისინი უარს არც რამდენიმე მცირემასშტაბიან ტერაქტზე და რამდენიმე ადამიანის მსხვერპლზე იტყვიან, თუმცა დღეს, საბედნიეროდ, პირობები იმისა, რომ მათ ეს გაბედონ, - არ არსებობს.
ამ პირობების არარსებობა, კი დღეს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობითაა განპირობებული და როგორც ამავე რუბრიკაში ადრეც ვწერდით, სწორედ ამის გამოა, რომ ეს უწყება ყოფილი ხელისუფლებისა და ახალ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის თანამგრძნობების მხრიდან, განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია.
ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური მიხეილ სააკაშვილის ის განცხადება იყო, როდესაც მან, მართვის მოწმობების გამცემ ორგანოებში დაბრუნებულ კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ორგანოებში მართვის მოწმობის ასაღებად უკვე 500 ლარის ოდენობით „სტავკაა“ დაწესებული.
რა თქმა უნდა საზოგადოებამაც და პირადად სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ მისი აღნიშნული განცხადება წმინდა წყლის ცილისწამებაა და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, როგორც არაფერი ჰქონდა საერთო მის მიერვე რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას პატრულების მიერ 20-ლარიანი ქრთამის აღების შემთხვევების დაფიქსირების შესახებ.
მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას მაინც ეწევა და ამ ყველაფრის უკან საკმაოდ მზაკვრული გეგმა იმალება.
ჯერ ერთი, ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პირი მსგავსი დონის სიცრუეს ამბობს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერში ის მაინც ტოვებს ეჭვის ნატამალს ამ ინფორმაციის რეალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით, არაპირდაპირ მოუწოდებს ამ ორგანოების თანამშრომლებს, რომ „კორუფცია უკვე მოსული პონტია“ და თქვენც დრო არ დაკარგოთო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ერთი ფაქტი მაინც გამოვლინდა, უმალ ყვირილს ასტეხს, ხომ ვამბობდი კორუფციის არსებობის შესახებო.
გარდა ამისა, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებები არის პირიდაპირი შეურაცხყოფა იმ ადამიანებისა, ვინც იმ ორგანოებში მუშაობენ, რომლებსაც სააკაშვილი კორუფციაში ადანაშაულებს.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაზე გული მართლაც შესტკივა, ის როგორც მოქალაქე და მითუმეტეს როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია მსგავსი ფაქტების გაგებისთანავე საქმის კურსში ჩააყენოს სამართალდამცავი ორგანოები და კორუფციის ესა თუ ის ლოკალური გამოვლინება აღმოფხვრას, მაგრამ სააკაშვილი რა თქმა უნდა ვერ იტყვის, რომ ეს ფაქტები მისი ან მისი „პიარშიკის“ ფანტაზიის შედეგია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს მომავალი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად ძალიან აწყობს, რომ ქვეყანაში კორუფცია დაბრუნდეს და ის ამის პროვოცირებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მითუმეტეს, რომ ის მსგავსი განცხადებების კეთების დროს, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებით შეინიშნება, ეს საარჩევნო პროცესების მიმართ დედაქალაქის მერის გიგი უგულავას სრული აპათიაა.
მიუხედავად იმისა, რომ უგულავა შანსს არ უშვებს ახალი ხელისუფლება არ გააკრიტიკოს, მას თავისი პარტიის კანდიდატის, დავით ბაქრაძის არათუ მხარდამჭერი, არამედ მის მიართ ელემენტარულად პოზიტივის შემცველი განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
არადა გიგი უგულავას, ყველა არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ მუდამ ნეგატიურად იყო განწყობილი, - მაინც ერთ-ერთი საკვანძო როლი ეკისრებოდა.
აღნიშნული ფაქტორი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ერთსულოვნება არ არის და მათთვის მიხეილ სააკაშვილი დღეს უკვე ზედმეტ ბარგად გადაიქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რაღაც დონეზე გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს ანულირებას უკეთებს და „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილა“-ს პრინციპით მოქმედებს. ამავდროულად, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს ასე ხელაღებით მოიშოროს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ეს მათთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება. კოჰაბიტაციასთან შეხამებული „შიდანაციონალური“ და „შიდაოცნებური“ დაპირისპირებები კი, საზოგადოების განწყობაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება და შეიძლება, რომ განწყობაზე ასახვამ, ყველაზე მკაფიო გამოხატულება საარჩევნო ურნებთან ჰპოვოს, ვინაიდან 11 თვიანი გაუგებარი პროცესებით ხალხი აშკარად დაიღალა.
მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა საგარეო პოლიტიკაში და მიუხედავად იმ მცდელობებისა, რასაც ეკონომიკისთვის მყარი საფუძვლის შექმნა ჰქვია, საზოგადოება ჯერ კიდევ ამაოდ ელის მთავარს - ღირსების დაბრუნებას, რომელიც მის დიდ ნაწილს, საბედნიეროდ, მიუხედავად 9 წლიანი მცდელობისა და ტერორისა, არ დაუკარგავს.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ ქვეყნის რეგიონებშია, სადაც უმრავლეს შემთხვევაში, ძალაუფლებას, ახლა უკვე ოცნებისნიღაბსმორგებული „ნაციონალები“ ფლობენ და რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტი საზოგადოების იმ დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, ვინც თითქმის 10 წლის განმავლობაში, დღეს „გაოცნებებული“ ნაციონალის მიერ დევნასა და ჩაგვრას განიცდიდა.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ რიგებს რეგიონებში უკვე თითქმის ყოველდღიურად ტოვებენ არა მხოლოდ მათი რიგითი მხარდამჭერები და წევრები, არამედ იმ აქტიური ნაწილის წარმომადგენლებიც, რომლებიც დღიდან ჩამოყალიბებისა, საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად, კოალიციისთვის იბრძოდნენ, ხოლო დღეს ყოფილი „ნაციონალების“ მიერ, გვერდზე გაწეულები და „ჩაჩოჩებულები“ აღმოჩნდნენ.
ლოგიკურია ისიც, რომ ასეთ ადამიანთა უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ბანაკში გადადის და ახლა იქედან ცდილობს ესოდენ საოცნებოდა მიუღწეველი „სამართლიანობის აღდგენის“ მიღწევას.
ეს ადამიანები რა თქმა უნდა ვერ გადავლენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში, რა თქმა უნდა ვერ გადავლენ მიხელ სააკაშვილის მინიდანამატის გიორგი თარგამაძის მხარდამჭერთა რიგებში და ამიტომ ისინი, სავსებით ლოგიკურად მიდიან იქეთ, ვინც მათ წლების განამვლობაში შელახული ღირსების აღდგენას ჰპირდება.
არავისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოებაში დაგროვებულმა უკმაყოფილების გრძნობამ, ყველაზე მკაფიო გამოხატულება საარჩევნო ურნებთან ჰპოვოს. ასეთ შემთხვევაში კი, პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება.
სხვათა შორის, მიმდინარე მოვლენებისა და საზოგადოების განწყობის ანალიზის მიხედვით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, სულ უფრო და უფრო მეტად სუსტდება და გზას უთმობს პროგნოზს მეორე ტურის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ საქმე მეორე ტურამდე მივიდა, სადაც ერთმანეთს სავარაუდოდ გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდებიან, უპირატესობა აშკარად ბურჯანაძის მხარეს გადაინაცვლებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს „ნაციონალური მოძრაობაც,“ რომელიც მეორე ტურში მხარს აუცილებლად გიორგი მარგველაშვილს დაუჭერს, რადგან მათ ამის შესახებ რამდენიმე მეტად საფუძვლიანი არგუმენტი გააჩნიათ.
პირველი არგუმენტი ისაა, რომ მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, საზოგადოებას და მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობას“ აღარ სჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილი 27 ოქტომბრის შემდეგ კოჰაბიტაციას დაასრულებს. ეს ვარიანტი კი, ყოფილ ხელისუფლებას ხელს აშკარად აძლევს და შანსებს უტოვებს მათ ძალა მოიკრიბონ და სამომავლო პოლიტიკური ბრძოლა განაგრძონ.
ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო გზავნილი საზოგადოებისადმი კი სამართლიანობის რეალური აღდგენაა, რაც იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობასაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, - რა თქმა უნდა არ აწყობს.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რაც მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესთა თანხვედრას განაპირობებს. ეს მიზეზი კი, პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობაა.
„ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში 40 პროცენტი ფრიად საეჭვო ვითარებაში აქვს აღებული თუ დამტკიცებული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ აწყობს.
არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არც „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც დღეს საკანომდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილნი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც სავარაუდოდ კვლავ უმრავლესობით მოვა, მისი დღევანდელი შემადგენლობა მაინც მნიშვნელოვნად შეიცვლება. ესეც იმ ვითარებაში, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კოალიცია ერთობას შეინარჩუნებს.
ასე, რომ ვადამდელი არჩევნები, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო გზავნილის მიხედვით კი, პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, ქართველი ხალხის რეალურ განწყობას არ ასახავს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას,“ რომელთა წარმომადგენლებიც ერთმანეთთან კოჰაბიტირებულ დამოკიდებულებაში ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყვნენ შემჩნეულნი, მეორე ტურის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი საერთო ინტერესი გაუჩნდებათ.
ეს ყველაფერი კი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უფრო მეტად საინტერესოსა და ერთგვარად აზარტულს ხდის, ვინაიდან ეს არჩევნები იქნება ტესტი არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობისა, რამდენად სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს, არამედ იქნება ტესტი ქართველი საზოგადოების ანალიტიკური აზროვნებისაც, რომელიც, ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად, სავარაუდოდ, ნამდვილად იქნება თავისი მომავლის განმსაზღვრელი და რომლის მიერ გაკეთებული არჩევანიც ქვეყნის მომავალ განვითარებას განაპირობებს.
და ბოლოს, იმ კიდევ ერთი საფრთხის შესახებ, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით და რომელიც, როგორც აღვნიშნეთ უშუალოდ პრეზიდენტისგან მოდის.
საქმე მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ აშკარად თავხედურ და ზღვარგადასულ განცხადებებს ეხება, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართ აკეთებს.
შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ჭორვილას ბილიკებზე, რეჟიმის ავადმყოფობაზე და ასევე მოწოდებები ივანიშვილის მიმართ, რომ ის აზრზე მოვიდეს.
სულ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა კორექტულობის იმ ნორმებს, რაც ელემენტარულად ქვეყნის პირველ პირად წოდებულ ადამიანს უნდა ახასიათებდეს და სწორედ ეს იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერის შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეგნებულად აკეთებს.
ამით ის ბიძინა ივანიშვილის მოთმინებას და ნერვების სიძლიერეს სცდის და პრემიერ-მინისტრს, რომელიც ემოციებს გასულ წელს, ყველაზე რთული პროცესების დროსაც არ აჰყოლია, დღესაც არანაირი უფლება არ აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ყურადღება მიაქციოს და თუნდაც ერთი გადაწყვეტილება მაინც მიიღოს ცხელ გულზე.
გასაგებია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, მისი ფსიქიკის ადამიანს, ეჭვი შეაქვს ბიძინა ივანიშვილის ნორმალურობაში, ძნელია მოითმინო და ამ ყველაფერს მხოლოდ იუმორითა და ცივი გონებით შეხედო, მაგრამ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ვა-ბანკზეც მიდის, მისი აყოლა არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული.
ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილს გადარჩენის რაღაც იმედები ჰქონდა, ის ბიძინა ივანიშვილის სახელს არც კი ახსენებდა, დღეს კი მას სხვა გზა აღარ დარჩა თუ არა და პრიდაპირი პროვოკაცია და ნერვებზე თამაში.
ეს ყველაფერი მაქსიმუმ თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, მანამ კი არავის, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, გაგრძელებული შინაგან საქმეთა მინისტრით და დამთავრებული ნებისმიერი პასუხისმგებელი პირით, ემოციებით მოქმედების უფლება არა აქვს, რადგან საქმე, რომელსაც ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება ჰქვია, პოლიტიკურ სტაბილურობას ავტომატურად გულისხმობს და მისი უზრუნველყოფა, მითუმეტეს დღეს, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის