logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
წინასაარჩევნო ტარანი
წინასაარჩევნო ტარანი
13:17 10.09.2013
ყოფნა-არყოფნის საკითხის მოახლოების გამო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჩანს, უკვე თავიანთ ხელთ არსებული ყველა რესურსის ამოქმედებას გეგმავენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერიოზული რესურსი მათ ხელთ უკვე აღარ აქვთ, ხოლო რაც აქვთ, იმასაც საკმაოზე სწრაფი ტემპებით კარგავენ.
ამის ერთ-ერთი გამოვლინება, საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენებია. უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვლავ სრული კონტროლის აღებას გეგმავს, თუმცა, ცალკე საკითხია რამდენად გამოუვათ მათ ეს.
ის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, არხის გენერალური დირექტორი გადააყენა, თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და სამეურვეო საბჭო ნამდვილად ვალდებულია აუხსნას საზოგადოებას ამ მოქმედების მიზეზი.
საგულისხმო ფაქტორია აგრეთვე, რომ არხის გენერალური დირექტორი საბჭოს მიერ ერთხელ უკვე იყო გადაყენებული, თუმცა მან თავისი უფლებები სასამართლოს გზით აღიდგინა.
ამასთან, როგორც წესი, ქართულ და არა მარტო ქართულ ტელესივრცეში, ახალი სატელევიზიო სეზონი სექტემბრის თვეში იხსნება და ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა სამეურვეო საბჭოს წევრთა განმარტებების მოსმენა თავიანთ გადაწყვეტილებაზე.
ფაქტი ერთია, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ბედს წყვეტს. ეს არჩევნები შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ რიგითი არჩევნები, არამედ, „ნაციონალური მოძრაობის,“ როგორც პოლიტიკური წარმონაქმნის დასასრულის დასაწყისიც.
ეს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეა სავარაუდო.
მათგან პირველი ისაა, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტზე საკუთარი წარმომადგენელი აღარ ეყოლება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ბუტაფორიაა, რომელიც უკვე ტყე-ღრეში ხეტიალით ერთობა, მისი ფაქტორი ნაციონალების ერთიანობის საკითხში მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს კანონით ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი ბერკეტები, თუმცა რამდენად შეძლებს ის ამ ბერკეტებისა და თანამდებობის დატოვების შემდეგ პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას, ძნელი სათქმელია.
ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია შეინარჩუნოს, ეს ისევ და ისევ ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებაა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია და რომლის ხათრითაც, შესაძლებელია პარტიის სტრუქტურამ ფუნქციონირება გააგრძელოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, ძალიან ადვილი შესაძლებელია რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი დაკარგოს და მთლიანად დაფინანსების გარეშე დარჩეს, ეს კი მისთვის, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნისთვის, აბსოლუტური კატასტროფა და უეჭველი დასასრული იქნება.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის ხელთ შერჩენილ ყველა რესურსს აამოქმედებს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილისთვის მაინც იბრძოლოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მათ ექნებათ ლეგიტიმური საფუძველი განაცხადონ, რომ ისინი ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ და ბევრი მხარდამჭერებიც ჰყავთ.
დიახ, ამ მიზნისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ტარანზე მიდის და როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებული მოვლენები.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ხდებოდა და შესაბამისად, საბჭოს სრული შემადგენლობის პოლიტიკური სიმპათია, სწორედ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ, არხზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, წინა ხელისუფლებას, მისი გენერალური დირექტორის პოსტზეც ასევე სრულად კონტროლირებადი პერსონა სჭირდება, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ის, რომ, როგორც აღვნიშნეთ ახალი სატელევიზიო სეზონისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადააყენეს.
მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეძლებს არხზე სრული კონტროლის აღებას „ნაციონალური მოძრაობა“ ან, ამის მიღწევის შემთხვევაშიც კი, რა შედეგს მოუტანს მას საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი დაბალი რეიტინგითა და იმ საავტორო გადაცემებით, რომელთა წამყვანების ეკრანზე ხილვაც, ხალხს უკვე ნერვებს უშლის.
მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ტარანზე მაინც წავიდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს თავგანწირული ნაბიჯი მას ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს.
მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, იმ შემადგენლობისგან, რაც თუნდაც 1 წლის წინ იყო, აბსოლუტურად განსხვავდება და შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს წევრებს, სავარაუდოდ, პარლამენტის წინაშე, მათთვის საკმაოდ უხერხულ კითხვებზე მოუწევთ არგუმენტირებული პასუხების გაცემა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, გამორიცხული არ არის და უფრო მეტიც, პარლამენტი ვალდებულიც კია, მათი უფლებამოსილების საკითხს გადახედოს.
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება ისეთი სამეურვეო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა არხის განვითარება და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარება იქნება, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამის პარალელურად არხს ეყოლება პროფესიონალი გენერალური დირექტორი, გამომდინარე მისი ფინანსური და ტექნიკური რესურსებიდან, საზოგადოებრივ არხს აქვს დიდი შესაძლებლობა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და კონკურენტუნარიანი არხი საქართველოში და რაც მთავარია, არა მოჩვენებით, არამედ რეალურად ჩადგეს იმ საზოგადოების სამსახურში, რომლის მიერ გადახდილი გადასახადებითაც ის არსებობს.
ასე, რომ შესაძლოა თავისი ვა-ბანკით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არათუ სრული კონტროლი აღიდგინოს, არამედ ის გავლენაც კი დაკარგოს, რაც მათ არხზე სამეურვეო საბჭოს სახით ჰქონდათ.
ახლა ჯერი პარლამენტზე და მის მოქმედებებზეა.
რაც შეეხება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ მიმართულებით არსებული შტილი ბოლო პერიოდში გარკვეულწილად დაირღვა, რაც ცესკოს მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმით გამოიხატება.
აშკარაა, რომ საქმე ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობასთან გვაქვს, ვინაიდან, როგორც იურისტები აცხადებენ, კონსტიტუციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს, მაგრამ მას სრული უფლება აქვს კანდიდატად დარეგისტრირდეს.
ეს ალბათ სამართლებრივი დავის საგანია და ამაზე კამათი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ, თავად ამ ფაქტის გარშემო, საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა.
ზოგადად, ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარებიდან და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვს, მაგრამ ის, არც პრეზიდენტობის მსურველ იმ პირთა შორისაა, რომელთა გვარებიც საზოგადოებამ პირველად ამ ბოლო კვირების განმავლობაში გაიგო.
ანუ, ლოგიკურად, სალომე ზურაბიშვილი ხმათა გარკვეულ პროცენტს ნამდვილად მიიღებს. თუნდაც იმ 1 პროცენტს, რაც მან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მიიღო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღნიშნული თუნდაც 1 პროცენტი, მოაკლდება არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელსაც მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით თავისი ამომრჩეველი ჯერ კიდევ შემორჩა, არამედ მოაკლდება იმ კანდიდატებს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში რეალურ ფავორიტებად მოიაზრებიან.
ანუ გამოდის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით, ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ პროგრამა მაქსიმუმს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რაც მათი კანდიდატის მეორე ადგილზე გაყვანას უკავშირდება.
ამ აზრს გარკვეულწილად ამყარებს იმ არასამთავრობოთა საეჭვო გააქტიურებაც, რომლებიც წინა ხელისუფლების მიმართ სიმპათიებში არიან შემჩნეულნი და განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლის შემდგომ პერიოდში, კოჰაბიტაციის სადარაჯოზე ერთგულად დგანან.
საგულისხმოა, რომ ამ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, ცესკოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მყისიერად გამოეხმაურა და ცესკოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, საარჩევნო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება-არაკანონიერების გარკვევა სპეციალისტების და სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა თავად ფაქტი, რომ ის არასამთავრობოები გამოესარჩლნენ ოპერატიულად სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც თუნდაც 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს მის არსებობას არც კი იმჩნევდნენ, - საგულისხმოა.
ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს რეალობისთვის უჩვეულოდ, საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და გამოკვეთილი ფავორიტის შესახებ საუბარი, ჯერჯერობით ნამდვილად ნაადრევია.
საკმაოდ უღიმღამო წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რომლის მიერაც ხალხში თითოეული გასვლა ლამის თითო კურიოზთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტოპონიმიკის არევიდან, დამთავრებული ატმებზე საუბრით.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და მათ შორის პრემიერ-მინისტრიც, მარგველაშვილის თითოეული შეხვედრა ხალხთან და ეთერით მისი თითოეული გამოსვლა, საზოგადოების განწყობის ანალიზიდან გამომდინარე, - აშკარად კონტრპროდუქტიულია.
ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით აშკარად სერიოზული ჩავარდნა აქვს რის გამოც, საზოგადოებამდე თავისი გზავნილების მიტანა აშკარად უჭირს.
ამ ფონზე თავის წინასაარჩევნო კამპანიას საკმაოდ ეფექტურად ატარებს „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.
ამავე რუბრიკაში ადრეც ვწერდით, რომ მისი წინასაარჩევნო გზავნილები საზოგადოების მიმართ, ამ უკანასკნელის დაკვეთას სრულად პასუხობს.
სრულად პასუხობს ქართველი ხალხის დაკვეთას ასევე მისი წინასაარჩევნო სლოგანიც, რომლის ძირითადი იდეური დატვირთვაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სამართლიანობის რეალურ აღდგენაზე მოდის.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, უნდა ითქვას, რომ მისი წინასაარჩევნო შეხვედრები ხალხთან, სრულად ასახავს იმ სურათს, თუ როგორაა გაკოტრებული პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა,“ რომელსაც მხარდამჭერთა ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს.
დავით ბაქრაძის შეხვედრებს მოსახლეობასთან, ძირითადად რამდენიმე მოხუცი და უმრავლესად 7-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები ესწრებიან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყბადაღებული კვლევები თუ სააკაშვილის მიერ თავის დროზე დახატული „კარტინკები“ „ნაციონალური მოძრაობის“ არნახული რეიტინგის შესახებ, მხოლოდ ბუტაფორია იყო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმასაც, რომ მოქმედი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა, საზოგადოების დღევანდელ განწყობას ნამდვილად არ ასახავს და მომავალ პირველ პირს, ამაზე დაფიქრება აუცილებლად მოუწევს.
პარტიისა და რბილად რომ ვთქვათ, არცთუ პატიოსნად ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იმოქმედებს და ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.
ამასთან, ანგარიშგასაწევია ხალხის განწყობაც, რომლებიც დღეს პარლამენტში სწორედ იმ სახეებს ხედავენ, რომელთა უმრავლესობის ნახვასაც ისინი გლდანის საპყრობილეში უფრო ისურვებდნენ. ამის მაგალითად მხოლოდ გიორგი ბარამიძის დასახელებაც საკმარისია, რომელსაც სვანური კუბდარი პირს ადრე თუ გვიან აუცილებლად დასწვავს.
ასე, რომ, როგორც აღვნიშნეთ, წინასაარჩევნო კამპანია დღეს, ქართული რეალობისთვის არაჩეულებრივად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ის ასევე ქართული რეალობის გათვალისწინებით, კიდევ ერთი უცნაურობით გამოირჩევა. ეს უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კანდიდატთა მხრიდან ძალიან ნაკლებია არარეალური დაპირებების რაოდენობა და ყველა ცდილობს ისეთი დაპირება გასცეს, რასაც რეალურად შეასრულებს.
ამ კუთხით, გიორგი მარგველაშვილის ძირითადი აქცენტი და დაპირება საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, თუმცა მარგველაშვილისადმი მხარდაჭერა საზოგადოების დიდ ნაწილში, უფრო პრემიერის მიერ გაცემულ დაპირებებთან ასოცირდება. ნინო ბურჯანაძის დაპირებებიდან, ძირითადი აქცენტები სამართლიანობის აღდგენასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება, რაც მისი წარსულიდან და ასევე რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობისა და საერთაშორისო კონტაქტების გათვალისწინებით, შეუძლებელი ნამდვილად არ უნდა იყოს.
შეუძლებელს არ ჰპირდება არაფერს საზოგადოებას აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძეც. უფრო სწორად, მისი დაპირებებიდან ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია გამოკვეთილი, რადგან ნაციონალებმა ყველა დაპირება უკვე გასცეს, ხოლო რამდენად შეასრულეს მათ ეს დაპირებები თავის დროზე, ეს 28 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება.
რა თქმა უნდა რიგ კანდიდატთა მხრიდან არის ოქროს კოშკებისა და ამქვეყნიური სამოთხის შექმნის დაპირებებიც, მაგრამ მათი ავტორების ფაქტორიდან გამომდინარე, ამ დაპირებებზე ყურადღების შეჩერება არ ღირს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სასწაულებრივად შემორჩენილ მხარდამჭერთათვის, უდიდესი მორალური მნიშვნელობა აქვს ასევე ქვეყნის ყოფილი „ხერხემლის,“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საკითხსაც.
თუ მოხდა და რაღაც მანქანებით, მიხეილ სააკაშვილმა დარჩენილ თვენახევარში ვანო მერაბიშვილის შეწყალება მოახერხა, ეს მორალური თვალსაზრისით ნაციონალებისთვის საკმაოდ დიდი ფორის მიღება იქნება, თუმცა მეორეს მხრივ, მსგავსი ფაქტი საზოგადოებაში აგრესიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რისი შედეგების პროგნოზირებაც საკმაოდ რთულია.
აშკარაა უკვე ისიც, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოსურნენი ზუსტად ისეთივე სცენარით მოქმედებენ, როგორც ეს უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში ხდება.
ანუ, იხატება სურათი, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ერთის მხრივ, ამით ხდება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორეს მხრივ, გაიგზავნება საგანგაშო სიგნალები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და თხოვნა ამ უკანასკნელთა მიმართ, ჩაერიონ აღნიშნულ საქმეში და მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ეს სცენარი უკვე სახეზეა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად მუშაობასა და მენეჯმენტში მრავალი ნაკლოვანებისა, საკმაოდ პრინციპულ პოზიციაზეა სასჯელაღსრულების სამინისტრო.
ამ უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ვანო მერაბიშვილს ყველანაირი და მათ შორის ფსიქიატრიული შემოწმებაც პერმანენტულად უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ვნახოთ ექნება თუ არა რესურსი ყოფილ ხელისუფლებას, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაიმე გზით ექსპრემიერ-მინისტრის შეწყალება არ მოხდა, უკრაინული სცენარის განვითარება მასთან მიმართებაში კვლავ გააგრძელოს.
ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ აღმოჩენილი ჩანაწერების განადგურებას უკავშირდება.
ზოგადად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ჩანაწერების განადგურება ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტად, იმ არასამთავრობოთა კაპრიზების დაკმაყოფილებას უფრო ჰგავდა, რომელ არასამთავრობოებზეც ზემოთ ვსაუბრობდით.
ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ ის ავადმყოფი წარმომადგენლები, რომელთა თავებშიც სასტუმროს ნომრებში ვიდეოკამერების დამონტაჟება და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალების გადაღება მომწიფდა, სავარაუდოდ, ამ ჩანაწერებს ვანო მერაბიშვილის ყოფილ უწყებაში ასე ბრმად არ დატოვებდნენ და ეჭვიც არ არსებობს, რომ მათ, ამ ჩანაწერების რამდენიმე ასლი ექნებათ სხვადასხვა ადგილებზე გადამალული.
ისმის კითხვა, რატომ დატოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროში და რატომ არ გაიტანეს ეს ეგზემპლარებიც? ასეთ შემთხვევაში მათ შანტაჟისთვის უფრო ფართო ასპარეზი ექნებოდათ, ვინაიდან საზოგადოება არ იქნებოდა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ნაციონალები ამ მასშტაბის თვალთვალს ახორციელებდნენ და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი, ვიდეომახეში გაბმული ჩინოვნიკის მართვა გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა.
სავარაუდოდ ჩანაწერები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წინა ხელისუფლებამ დატოვა, შეიცავს იმ პოლიტიკოსთა მიმართ კომპრომატებს და იმ პოლიტიკოსთა ინტიმური ცხოვრების მომენტებს, რომლებიც დღეს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არიან წარმოდგენილნი და მათ შესახებ ჩანაწერების დატოვება იმ მიზნით განხორციელდა, რომ კოალიციაში, ამის საფუძველზე რაიმე სახის განხეთქილება ან წამოძახება მომხდარიყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მესვეურებმა ნამდვილად მოახერხეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ჩანაწერები ოფიციალურად განადგურდა, მაინც არ არსებობს არანაირი გარანტია იმის შესახებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საზოგადოებამ რომელიმე სოციალური ქსელის მეშვეობით, ცნობილი პოლიტიკოსის თუ სხვა სფეროს მოღვაწის შესახებ რაიმე სკანდალური ვიდეომასალა არ იხილოს.
მართალია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებაზე, საქართველოს ახალი ხელისუფლება კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია რისკი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებულმა კადრებმა თუ მისმა ნაწილმა, დღის სინათლე იხილოს.
ასეთ ვითარებაში, როდესაც არაა არანაირი გარანტია იმის შესახებ, რომ ვიდეომასალების ასლები არ არსებობს, სამინისტროში არსებული მასალების განადგურება, კიდევ უფრო მეტად გაუგებარია, რადგან ამ მასალების განადგურებით, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიება შეიძლება მნიშვნელოვნად გაურთულდეთ, რაც თავისთავად იმ პირთა აღმოჩენა-გამოვლენის შესაძლებლობას ამცირებს, ვისაც შეიძლება აღნიშნული ჩანაწერების ასლები ჰქონდეს.
პარალელურად კი,როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს მასალები არ გაასაჯაროონ.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის