logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ქართული მედიასივრცის ახალი რეალობა
ქართული მედიასივრცის ახალი რეალობა
15:44 26.08.2013
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის შიდაპოლიტიკაში მიმდინარე რყევების დიაპაზონი საკმაოდ გაიზარდა და ის ისეთ მგრძნობიარე და მნიშვნელოვან სფეროსაც კი გადასწვდა, როგორიც მედიაგარემოა.
მანამ, სანამ მე-9 არხის დახურვისა თუ გაყიდვის საკითხის პოზიტივებზე, ნეგატივებზე და ამის სავარაუდო შედეგებზე ვისაუბრებთ, ვფიქრობთ ღირს აღინიშნოს, რომ ქართული მედიაგარემოს წარმომადგენლობითობა ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აშკარად არაადექვატურად იყო და არის გაზრდილი ქვეყნის სიდიდის და არსებული სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით.
ეს კი, იმ ფაქტორით იყო და არის გამოწვეული, რომ საქართველოში, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მედიასაშუალებები და განსაკუთრებით ტელევიზიები, არა ჩვეულებრივი ბიზნესი, არამედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, ხოლო მას, ვინც ამ იარაღს მარჯვედ იყენებს, პოლიტიკური წარმატება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.
ამის ნათელი დასტურია საქართველოს უახლესი ისტორია და 2001-2003 წლები, როდესაც, „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთმა ფრთამ ხელი შეუწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რეიტინგის ზრდას, გააძლიერა ის ფინანსურად და იდეოლოგიურად, რაც საბოლოო ჯამში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის მთავარი ფაქტორი გახდა.
სწორედ ეს იყო პირველი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ტელევიზია საქართველოში, ნებისმიერი პოლიტიკურ ძალის ხელში, წარმატების გარანტიაა და სწორედ აქედან დაიწყო მედიაომი პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც როგორც ყველას კარგად მოეხსენება, მაშინდელი ახალი ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მართალია ამ „გამარჯვებისთვის“ ნაციონალურ ხელისუფლებას არც ფული და არც სპეცრაზმის ძალა არ დაუშურებია, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, - მიხეილ სააკაშვილი თავისი ზეობის პერიოდში ქვეყანაში მედიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა, ხოლო თავისუფლება იმ (ძირითადად ბეჭდური) მედიასაშუალებებისთვის ჰქონდა მინიჭებული, რომელთა არსებობაც, თავისი მმართველობის დემოკრატიულობის ხაზგასასმელად უფრო სჭირდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს, იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც თავისუფლების ხარისხს ინარჩუნებდნენ, გზა ია-ვარდებით ჰქონდათ მოფენილი.
რა თქმა უნდა თითოეული მათგანი მუშაობას, უდიდესი წნეხისა და სტრესის ქვეშ ახერხებდა, რასაც პერიოდულად თან ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი, მუქარა და რედაქციების შენობებიდან გამოსახლება სდევდა.
ამ ყველაფრის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ზრდიდა იმ მედიასაშუალებების რაოდენობას, რომლებიც მათზე იმუშავებდა. ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტები ამაზრზენ სახესაც კი იღებდა და მას ნამდვილ ჟურნალისტიკასთან და ჟურნალისტურ სტანდარტებთან საერთო არაფერი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მედიასაშუალებების“ საქმიანობა პროფესიონალური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, მათმა მომრავლებამ, ქართულ მედიაბაზარზე ცვლილებები მაინც გამოიწვია, რასაც შედეგად, საქართველოს მასშტაბებთან შედარებით არაადექვატურად დიდი რაოდენობის მედიასაშუალებები, ჟურნალისტებზე გაზრდილი მოთხოვნილება და ასევე, საქართველოს ეკონომიკასთან შედარებით არაადექვატურად მაღალი ანაზღაურების სტანდარტი მოჰყვა.
აღნიშნული ტენდენცია, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა 2011 წელს, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, პოლიტიკაში წარმატების მიღწევა, საკუთრებაში არსებულ მედიასაშუალებებს უკავშირდებოდა, მედიასაშუალებების შენახვა კი, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირი ფუფუნება გახდა, ხოლო მატერიალური რესურსის ნაკლებობას, პოლიტიკაში შემოსვლის მსურველი და მანამ ჩრდილში მყოფი ბიძინა ივანიშვილი, ნამდვილად არ უჩიოდა.
მის მიერ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისთანავე, ქართულ მედიაბაზარზე რყევები დაიწყო, გაიზარდა სარეკლამო სივრცის ღირებულება და შესაბამისად, რადგან არსებობდა მოთხოვნა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მედიასაშუალებების რაოდენობა. ხოლო რაც შეეხება ახლანდელი პრემიერის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ინფო -9“-ის და „მე-9 არხის“ ჩამოყალიბების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამან ქართული მედიაბაზარი მასშტაბების მხრივ, ადექვატურობის ჩარჩოებს კიდევ უფრო მეტად დააშორა და ისეთი სიტუაციაც კი შეიქმნა, რომ კადრებზე მოთხოვნამ, რეალურად არსებულს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ ჟურნალისტიკის სფეროში იმ არაპროფესიონალების მომრავლება, რომლებიც დღეს განსჯის თემა გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედიასაშუალებების დაკომპლექტება მხოლოდ არაპროფესიონალებით მოხდა. პირიქით, სხვადასხვა კომპანიებიდან, ბიძინა ივანიშვილის მედიაკომპანიებში ძალიან ბევრი პროფესიონალი გადავიდა, რისი საფუძველიც რა თქმა უნდა მატერიალურ მხარეში უნდა ვეძებოთ და აგრეთვე იმაშიც, რომ ივანიშვილის გვარი, მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტაბილურობასთან ასოცირდებოდა.
ახალმა და აგრეთვე ფინანსურად გაძლიერებულმა ძველმა, თავისუფალმა მედიასაშუალებებმა, ყოფილი ხელისუფლების დამარცხების საქმეში მართლაც რომ უდიდესი როლი ითამაშეს და ამის მაგალითად, თუნდაც დაახლოებით 1 წლის წინ გასაჯაროებული ე.წ. „ციხის კადრებიც“ საკმარისია.
მიუხედავად აღნიშნული როლისა, ცხადი იყო, რომ პრემიერ-მინისტრს მის მიერვე შექმნილი მედიასაშუალებები, რომელიც უშუალოდ მის სახელს უკავშირდებოდა, აღარ სჭირდებოდა, მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ხოლო რაც შეეხება რენტაბელობას, საქართველოს სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით, „ინფო 9“-ის და „მე-9 არხის“ რენტაბელობის მიღწევას, რომ აღარაფერი ვთქვათ რეიტინგზე, საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდებოდა, ხოლო ამ ძალისხმევის დახარჯვა პრემიერს, რა თქმა უნდა არაფერში ესაჭიროებოდა.
ამ ყველაფერს ემატება მოახლოებული არჩევნები. თუ წინა არჩევნების დროს, ბიძინა ივანიშვილი ერთი რიგითი პრედენდენტი იყო და მის საკუთრებაში მედიასაშუალების არსებობას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს, როდესაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დე-ფაქტო პირველი პირია, არჩევნების წინა პერიოდში ტელეკომპანიის ფლობა, თუნდაც მისი ოჯახის წევრის მიერ, დამატებითი პრობლემა და უხერხულობა იქნებოდა.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ტელეკომპანია, ასევე საინფორმაციო სააგენტოც, აბსოლუტურად მოულოდნელად დაიხურა, რაც სრულიად მედიასპექტრისთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, - პრემიერის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯში ლოგიკის დანახვა ძნელი ნამდვილად არაა. ცალკე საკითხია გამოჩნდება თუ არა ადამიანი, ვინც აღნიშნულ ტელეკომპანიას რეალურად იყიდის და მასში რეალურ ინვესტიციას განახორციელებს, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ტელევიზია, როგორც ბიზნესი, - არ არსებობს და ამ ნიშნულამდე მისაღწევად ქვეყანას სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
რეალობას მოკლებულია ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ამ ტელეკომპანიას ვინმე პოლიტიკური მიზნებისთვის იყიდის, რადგან ჯერ ერთი, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დაფაზე უკვე ყველა მოთამაშეა წარმოდგენილი, რომლებსაც თავიანთი პოზიციები უკვე უჭირავთ და ნაკლებადსავარაუდოა, რომ ამ კუთხით ახლო მომავალში რამე შეიცვალოს.
მეორე მიზეზი კი ისაა, რომ აღნიშნულ არხს, არცთუ ისე მაღალი რეიტინგი და დაფარვის არეალი გააჩნდა.
აქედან გამომდინარე, მისი დაფარვის ზონის გაზრდა და შემდეგ არხისთვის რეიტინგის აკრება, უზარმაზარ შრომასთან, დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, არცერთ პოტენციურ ინვესტორს არ უნდა უღირდეს.
ამასთან, საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა მსურველი იმისა, რომ აღნიშნული კომპანიის ქონება ხელში სიმბოლურ ფასად ჩაიგდოს.
ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და ერთი შეხევდვით, შეიძლება არხის გადარჩენისა და იქ დასაქმებულთა სამსახურების გადარჩენის მცდელობადაც კი აღვიქვათ, მაგრამ ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება, საინტერესოა რას უზამს ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება თუ პიროვნებათა ჯგუფი არხის ინფრასტრუქტურას მისი ხელში ჩაგდების შემდეგ.
საქმეში ჩაუხედავი და არაპროფესიონალი პირისთვისაც კი ცხადია, რომ აღნიშნული ტელეკომპანიისა და საინფორმაციო სააგენტოს უზარმაზარი ინფრასტრუქტურისა და აპარატურის მხოლოდ მართვასაც კი, ასევე უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება.
მხოლოდ აღნიშნული აპარატურის დემონტაჟი და სხვა შენობაში გადატანა, კოლოსალურ სახსრებთანაა დაკავშირებული, რასაც ეთერში გაშვებული არხის ასევე კოლოსალური კომუნალური ხარჯები და თანამშრომელთა ხელფასები დაემატება.
იქნებ არხის ქონების ხელში ჩაგდების სურვილის გამოხატვასთან ერთად, ზოგიერთმა პირმა საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა „მე-9 არხის“ თანამშრომლებს აუხსნას, თუ რა ფინანსური რესურსით აპირებს ის არხის მართვას, მისი სიმბოლურ ფასად მიღების შემთხვევაშიც კი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არხის დახურვის გადაწყვეტილების გახმაურების პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ არხის გაყიდვის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება, რომ იქ დასაქმებულ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ.
პრემიერის მიერვე, ოდნავ მოგვიანებით გაკეთებული განცხადების თანახმად კი, მხოლოდ მე-9 არხის შენახვა, მას თვეში მილიონი ლარი უჯდებოდა.
არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შევიტანოთ.
საინტერესოა, საიდან უნდა მოიტანონ თუნდაც აღნიშნული 1 მილიონი ლარი ყოველთვიურად იმ პირებმა თუ პირთა ჯგუფმა, რომელიც პირობას იძლევა, რომ სიმბოლურ ფასად გადაცემის შემთხვევაში, არხს აამოქმედებს.
რა თქმა უნდა ასეთი ადამიანის პოვნა საქართველოში საკმაოდ ძნელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს, არხის ინფრასტრუქტურის ხელში ჩაგდება, მხოლოდ პირადი სარგებლობის მიზნით უნდა, რაც რა თქმა უნდა უსამართლობა იქნება თუნდაც იმ ხალხის მიმართ, ვინც 1 წლის განმავლობაში ამ არხზე მუშაობდა.
ასე, რომ მოლოდინი „მე-9 არხის“ გაყიდვისა და არხით რეალური ინვესტორის დაინტერესების შესახებ, მიუხედავად მართლაცდა ბევრი ადამიანის სურვილისა, ამ ეტაპზე რეალობას საკმაოდ მოკლებულია.
როგორც მოსალოდნელი იყო, არხის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, წარმოიშვა უამრავი ვარაუდი მისი სამომავლო ბედის შესახებ.
ამ ვარაუდებს შორის ყველაზე საინტერესო, მაინც პოლიტიკური კუთხით გაკეთებული პროგნოზი იყო, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილი არხს ნინო ბურჯანაძეს ჩუქნიდა. ამ ქმედების მიზნად კი, აღნიშნული ვერსიის ავტორები იმას ასახელებდნენ, რომ პრემიერი ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებითაა დაინტერესებულიო.
ლოგიკის ჩარჩოებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აღნიშნულ ვერსიას არსებობის არანაირი უფლება არ აქვს და უფრო მეტიც, ამ ვერსიის წარმომავლობამ, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მანქანამდეც კი მიგვიყვანოს.
მოგეხსენებათ, რომ წინა ხელისუფლებისთვის, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყველაზე მიუღებელი კანდიდატურა ნინო ბურჯანაძეა, რადგან მისი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მშვიდი ძილის საშუალება აღარ ექნებათ.
ასე, რომ ტელევიზიის ბურჯანაძისადმი გადაცემი ვერსია, თუ ის ნამდვილად ნაციონალებისგანაა წამოსული, შეიძლება გარკვეული შიშის ფაქტორით და ამ კუთხით განხორციელებული არცთუ ეფექტური პრევენციით აიხსნას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერს არხის ნინო ბურჯანაძისთვის გადაცემის სურვილი ექნება, პირველ რიგში, მოსაძებნი იქნება ამ ქმედების ფორმა.
ასევე, ჩასატარებელი იქნება სრულფასოვანი აუდიტი, ასამოქმედებელი იქნება ტელევიზიის მთლიანი სტრუქტურა, რომელიც ამჟამად აშკარად დემორალიზებულია, გასაფართოებელი იქნება არხის მაუწყებლობის დიაპაზონი და ასამაღლებელი იქნება არხის რეიტინგი.
ამ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება კი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნამდვილად წარმოუდგენელია.
ასე, რომ ვერსია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი არხს ნინო ბურჯანაძეს ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას გადასცემს, ძირშივე უსაფუძვლოა და შეიძლება ითქვას, რომ დაუშვებელიც კია, ვინაიდან ამით საფუძველი ჩაეყრება იმ ტრადიციის გაგრძელებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის ფლობა არა ბიზნესინტერესს, არამედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღის ფლობას უკავშირდება.
ეს ტრადიცია კი, რაც მალე მოისპობა საქართველოში, მით უკეთესია, რადგან აღნიშნული ფაქტორი მედიაბაზარზე სიტუაციის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მედიაბაზრის მასშტაბის სარეკლამო ბაზრის მასშტაბთან თანხვედრა, ჟურნალისტური საზოგადოებისთვის უმტკივნეულო იქნება.
მედიასივრცის მასშტაბის სარეკლამო ბაზრის მასშტაბთან პროპორციაში მოსვლა, აუცილებლად გამოიწვევს ძალიან ბევრი მედიასაშუალების, მათ შორის ტელევიზიების დახურვასაც.
ასე, რომ ვფიქრობთ საკმაოდ უსამართლო იყო ის აგრესია, რომელიც ამ დღეებში პრემიერის მრჩეველ გია ხუხაშვილისკენ მიიმართა, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი ტელევიზია დაიხურებაო.
უფრო მეტიც, პრემიერის მრჩეველი საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი იყო თავის პროგნოზში, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოსხელა ეკონომიკის ქვეყნისთვის 3 ან 4 ტელევიზიის მეტის შენახვა პრობლემა იქნებაო. დღეს არსებული მდგომარეობით და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ფინანსებთანაა დაკავშირებული მედიასაშუალების შენახვა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ რეკლამით, საქართველოს ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით, მაქსიმუმ ორი ტელეკომპანია თუ შეძლებდა ნორმალურად ფუნქციონირებას და თავისი თავის შენახვას.
ამ რიცხვს აუცილებლად უნდა დავუმატოთ საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომლის შენახვაც თავზე საზოგადოებამ აიღო, თუმცა ის მახინჯი ტრადიცია, რასაც საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.
კონკრეტულად კი, თუ მიხეილ სააკაშვილის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს გამოხატავდა და საზოგადოების განწყობა ნაკლებად აინტერესებდა, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ არხს, რომელიც გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან 50 მილიონი ლარით ფინანსდება, არანაირი მიმართულება აღარ გააჩნია, რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოების ინტერესის გატარებაზე.
ამასთან, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებბს არხის რეიტინგი და ყურებადობა. მათ შორის აღსანიშნავია საინფორმაციო გამოშვებაც.
იყო დრო, როდესაც საზოგადოებივ მაუწყებელს იმის მეათედი ფინანსური რესურსიც კი არ ჰქონდა რაც დღეს აქვს, მაგრამ არხი გაცილებით უფრო საინტერესო და კონკურენტუნარიან პროდუქციას ამზადებდა და მისი ყურებადობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალი იყო.
დღეს კი, ვერცერთი გამვლელი ქუჩაში, ვერ დაგისახელებთ სამი გადაცემის სახელწოდებასაც კი, რომელსაც ის ან მისი ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მაუწყებელზე უყურებენ.
მაშინ როცა ქართულ მედიაბაზარზე, სულ მალე საბაზრო ეკონომიკის დაუნდობელი კანონები მთელი სიმძლავრით ამოქმედდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ასერიგად დაბალ დონეზე ყოფნა გაუმართლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიხდით, რათა არხის ფინანსური მდგომარეობის მდგრადობა შენარჩუნდეს.
დღეს კი ქართულ სატელევიზიო ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რომ დომინანტად კვლავ „რუსთავი 2“ რჩება და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებასაც საკმაოდ კარგად ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ არხის პოლიტიკური მიმართულების შესახებ ყველასთვისაა ცნობილი, ის, თავისი გადაცემების ბადისა და ზოგადად, შეფუთვის ხელოვნების უმაღლეს დონეზე ფლობის ხარჯზე, ახერხებს იყოს ყველაზე ყურებადი არხი საქართველოში, რასაც ვერ ვიტყვით ტელეკომპანია „იმედზე“ რომელიც, მფლობელებისთვის დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო უღიმღამოდ გამოიყურება და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაშიც კი, რეიტინგის ასაკრებად მას მინიმუმ 6 თვიდან 1 წლამდე დასჭირდება.
თუ მედიაგადანაწილების ახალი რეალობის სურათს პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანთ, გამოდის, რომ დღესდღეობით, ყველაზე ყურებად და ეფექტურ მედიასაშუალებას, კვლავ ყოფილი ხელისუფლება ფლობს.
ეს განაპირობებს ასევე სარეკლამო შემოსავლების ერთი მიმართულებით აკუმულირებას და ამ კონკრეტული მაუწყებლის გაძლიერებას. ხოლო თუ რა მოჰყვა ამ არხის გაძლიერებას 2003 წელს და რა შედეგი მოიტანა მისმა პოლიტიკურმა ტენდენციურობამ, ამის სურათი დღესაც სახეზეა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მედიასივრცეს უკავშირდება, ეს პოლიტიკოსთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჟურნალისტების მიმართ.
მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლამდე ნებისმიერი მედიასაშუალების ჟურნალისტს, მიუხედავად მისი რეიტინგისა, ლამის აღმერთებდა და ყველანაირად ცდილობდა მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. მართალია, მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავისი ფავორიტი არხები და ჟურნალისტები გაიჩინა, ხოლო მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს დაბალი დონის გამოცემებად აცხადებდა, დღეს ის, ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, კვლავ ცდილობს ჟურნალისტების კეთილგანწყობა მოიპოვოს და ამ კუთხით გაკეთებული განცხადებების დროს, ის ან ძალიან მოზომილია, ან ჟურნალისტების მხარეს მკაფიოდ იჭერს.
ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრემიერ-მინისტრისეულ მიდგომას კი, სამწუხაროდ იდეალურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიც ჩვეულებრივი მოქალაქეა და მისი სამსახურიც შეიძლება ისევე განვიხილოთ, როგორც ნებისმიერი სხვა დასაქმებულის სამსახური, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავებულია, ვინაიდან ისინი საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების საკმაოდ ეფექტურ ბერკეტებს ფლობენ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნამდვილად არ შეიძლება გამართლება მოეძებნოს პრემიერ-მინისტრის ტონს იმ კომენტარის გაკეთებისას, როდესაც ის „მე-9 არხის“ დახურვასთან დაკავშირებით საუბრობდა.
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმა არხის თანამშრომელთა ნაწილი არაპროფესიონალად მოიხსენია, რომლებმაც მუშაობა სწორედ „მე-9 არხზე“ ისწავლეს.
ეს შესაძლოა სიმართლის ელემენტებს ნამდვილად შეიცავდეს, მაგრამ იბადება კითხვა, თუ არ გჭირდებოდათ, რატომ აგყავდათ ეს არაპროფესიონალები სამსახურში, ხოლო თუ გჭირდებოდათ და ხელფასსაც უხდიდით, მაშინ მათ თავიანთი საწყისი არაპროფესიონალიზმი აღარ უნდა წამოაყვედრო.
გარდა ამისა, „მე-9 არხზე“ მუშაობდა მთელი არმია ჟურნალისტებისა, რომლებმაც წლების განმავლობაში, ტოტალური რეჟიმის პირობებში, მოახერხეს და მართალი სიტყვა საზოგადოებამდე მიიტანეს. ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ფასადაც კი. მათ არაპროფესიონალებად მოხსენიებას არანაირი გამართლება არ აქვს, ვინაიდან ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოებამ დღევანდელი პრემიერის პოლიტიკაში მოსვლამდე გაიცნო და შეიყვარა.
გარდა ამისა, „მე-9 არხის“ ეკრანსმიღმა, მუშაობდა საპროდიუსერო და სარედაქციო ჯგუფი, რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანაც, ასევე გაუმართლებელი იქნებოდა.
რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი თავის ზემოაღნიშნულ განცხადებაში, ის ტონი, რითაც მან ჟურნალისტების მისამართით ისაუბრა, მის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება.
ასეა თუ ისე, ქართული მედიასივრცე ახალი რეალობის წინაშე ძალიან მალე დადგება, შეიძლება აღნიშნული სივრციდან ბევრი მოთამაშე გავიდეს, შეიძლება ზოგიერთი მათგანი გაერთიანდეს და ასე შემდეგ, მაგრამ, თუ პრემიერ-მინისტრი თავისი დაახლოებით ერთი წლის წინანდელი განცხადების ასრულებას შეძლებს, როდესაც მან თქვა, რომ მედიასაშუალებების ფლობა პოლიტიკოსებისთვის მომხიბვლელობას დაკარგავსო, - ეს ნამდვილად კარგი იქნება როგორც მედიასივრცის გაჯანსაღების, ასევე რიგი მანკიერი პოლიტიკური ტრადიციების აღმოფხვრის კუთხითაც.
მანამ კი გარკვეული დრო და ეტაპებია გასავლელი. საპრეზიდენტო არჩევნები კი პრაქტიკულად უკვე კარსაა მომდგარი და სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება თანაბარ პირობებში, ამ არჩევნებზე ნამდვილად არ მოესწრება, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კანდიდატი პრესის მხრიდან განსაკუთრებით იყოს განებივრებული ან პირიქით.
ჯერჯერობით, პრესაში მოხსენიების სიხშირის კუთხით, საპრეზიდენტო მარათონის სამი ლიდერი - გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე იკვეთებიან.
აქედან ყველაზე დაბალი მოხსენიება დავით ბაქრაძეს აქვს და არც მისი საარჩევნო სტრატეგიის შესახებ შეიძლება ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს და მის წინასაარჩევნო კამპანიას, უნდა აღინიშნოს, რომ ის საკმაოდ უფერულად გამოიყურება და ხშირ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულიც კია.
ამის მაგალითად, მარგველაშვილის მიერ გაჟღერებული ერთი წინასაარჩევნო მესიჯიც საკმარისია, როდესაც მან განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება.
ამ მესიჯმა თუ დაპირებამ, საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან კოაბიტაციის პროცესის დასრულებას საზოგადოება 1 წელია ამაოდ ელის და აქვს საფუძველი ეჭვი ჰქონდეს, რომ ეს პროცესი არც საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში დასრულდება.
ამ ფონზე კი, ყველაზე აგრესიულობით და აქტიურობით, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩევა.
ნინო ბურჯანაძე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება მოსახლეობას, ხოლო მისი უმთავრესი გზავნილი ამომრჩევლის მისამართით, ეს სამართლიანობის რეალური აღდგენა და წინა ხელისუფლების დროინდელი დამნაშავეების დასჯაა, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, საზოგადოების დაკვეთას აბსოლუტურად პასუხობს.
მმართველმა კოალიციამ, იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მის კანდიდატს არცთუ სახარბიელო შანსები აქვს, შესაძლოა ერთი ბარტყის გადაგდების პრინციპი გამოიყენოს და თავისი გუნდის რომელიმე სერიოზული მოთამაშე გაწიროს.
ამისთვის კი, ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია, რომელსაც კოაბიტაციის პროცესის გაწელვა და სამართლიანობის აღდგენის ჩავარდნა დაბრალდება. თუმცა საკითხავია, რამდენად საკმარისი იქნება საზოგადოებისთვის მისი გაწირვა, რომ მათ, სამართლიანობის აღდგენის რეალობა მმართველი კოალიციის პირობებში, ისევ ირწმუნონ.
ვარაუდს, არჩილ კბილაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, ამყარებს მისი შვებულებაში მოულოდნელი წასვლაც, ვინაიდან, ყველა სხვა ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, ამ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ რეალობაში, მის თავს რომ ყველაფერი რიგზე იყოს, მთავარი პროკურორი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს და შვებულებაში არ უნდა მიდიოდეს.
სავარაუდოდ, საქმე აბსოლუტურად სხვა მოვლენასთან გვაქვს, რომლის შედეგებიც რეალურად, დაახლოებით რამდენიმე კვირაში გახდება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.
კვლავ აქტუალურია ირაკლი ალასანიას ფაქტორიც. თუ ბოლო დროს მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მიმართ გაკეთებულ თბილ და პოზიტიურ შეფასებებს გავითვალისწინებთ და თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის ანალოგიური შინაარსის განცხადებებს ალასანიას მიმართ, აგრეთვე მოქმედი თავდაცვის მინისტრის საკმაოდ ხანგრძლივ ვოიაჟს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამორიცხული არ არის, რომ ირაკლი ალასანია საქართველოს, საპრეზიდენტო კანდიდატად დაუბრუნდეს.
ასეთ შემთხვევაში კი, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და უბრალოდ, აირევა.
ძალიან რთულია წინასწარ განჭვრიტო ალასანიას ნაბიჯები საპრეზიდენტო ამბიციების დაკმაყოფილების გზაზე, მაგრამ მოვლენათა განვითარება, ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, პირიქით, ამის ალბათობა უფრო და უფრო იზრდება.
ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო ორი თვე გველის, თუ რა თქმა უნდა, მოვლენები პოლიტიკურ ჩარჩოებს არ გასცდა, რაც დაუშვებელია და რაც უპატიებელი შეცდომა იქნება ახალი ხელისუფლების მხრიდან.
საარჩევნო ურნებთან საკმაოდ საინტერესო რეზულტატი ექნება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებაც.
სამწუხაროდ, ერის მენტალიტეტიდან გამომდინარე, არავინ არ იფიქრებს იმაზე, თუ ვინ ან რისთვის დააპატიმრა ის და რისთვის გახადეს ნასამართლეობის სტატუსის მატარებელი. სამაგიეროდ ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ, მადლიერების გრძნობა აბსოლუტურ უმრავლესობას, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარჩება რაც, როგორც ვთქვით, აუცილებლად აისახება საარჩევნო ურნებთან.
ის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ყოფილი ხელისუფლება ახალს, პრაქტიკულად ნულზე უგებს, უკვე ახალი აღარაა, საინტერესო ის უფროა, ექნება თუ არა ამ უპირატესობას ისეთივე რეზულტატი, როგორიც ამ 10-იოდე წლის წინ ჰქონდა.

ალექსანდრე კაპანაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის