logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კოაბიტაციური პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
კოაბიტაციური პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
13:01 19.08.2013
ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე გამაღიაზიანებელმა ე.წ. „კოჰაბიტაციურმა პოლიტიკამ“ თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო და ეს შედეგი ამ დღეებში უკვე თვალსაჩინო გახდა.
როგორც სავარაუდო იყო, კოჰაბიტაციის პროცესმა, ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამ უკანასკნელთა დიდი პიარ-მცდელობისა, საზოგადოების გული ვერ მოაბრუნა.
საზოგადოების ნეგატიური განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იმავე ხარისხშია, რა ხარისხშიც ის დაახლოებით 1 წლის წინ იყო. თუმცა უკვე თვალსაჩინოა, რომ ამ ნეგატიურ განწყობას, უკვე ახალი ხელისუფლებაც ინაწილებს, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ „კოჰაბიტაციურ პოლიტიკაში“ უნდა ვეძებოთ.
აღნიშნულმა პოლიტიკამ ნეგატიური განწყობა არა მხოლოდ საზოგადოების ფართო ფენებში, არამედ თავად კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შორისაც წარმოშვა, რისი ნათელი დასტურიც, მათ მიერ კოალიციის დატოვება და პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის შტაბში თუ ბანაკში გადაბარგებაა.
ეს სავსებით ლოგიკური შედეგი იყო იმ ლოიალური პოლიტიკისა, რასაც ახალი ხელისუფლება, თავისი წინამორბედის კონკრეტულ დამნაშავე პირთა მიმართ ატარებდა. ასე, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა და უკვე სრულიად ნათლად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, კოალიციამ შეიძლება ძალიან სერიოზული დანაკლისი განიცადოს. ეს დანაკლისი კი განსაკუთრებით თვალშისაცემი რეგიონებში იქნება.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლების „კოაბიტაციური პოლიტიკის“ გამო, კოალიცია პროტესტის ნიშნად თითქმის ერთდროულად დატოვეს გურიასა და კახეთში.
ვრცელდება ხმები, რომ კოჰაბიტაციით თავგაბეზრებული ხალხი ნინო ბურჯანაძის შტაბს სამეგრელოში, დუშეთსა და ყაზბეგშიც შეუერთდა.
ეს ჯაჭვური რეაქცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან საეჭვოა, რომ სამართლიანობის აღდგენის გზაზე, ახალმა ხელისუფლებამ დარჩენილ ორ თვეში რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოასწროს, რაც საზოგადოების განწყობას შემოაბრუნებს.
წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებისგან პირველ რიგში პოლიტიკურად იქნება არამომგებიანი. მეორე რიგში კი ის, ძალიან დიდ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ვინაიდან ხელისუფლება იძულებული იქნება თავისი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი იმის მტკიცებისკენ მიმართოს, რომ სამართლიანობის აღდგენა წინასაარჩევნო რეპრესიების ნაწილი არ არის.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობის აღდგენის გზაზე, ახალმა ხელისუფლებამ გაუმართლებლად დააგვიანა. ჯერჯერობით კვლავ ღირსებააყრილი ხალხი კი, ლოგიკურია, რომ თავისი აგრესიის ვექტორს ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლებისკენ მიმართავს.
არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა კი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკოსის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პოზიციებს აძლიერებს და მისი რეიტინგის სწრაფი ზრდის მიზეზიც სწორედ აქ შეიძლება ვეძიოთ.
ის მესიჯები და დაპირებები, რასაც ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ აწვდის ამომრჩეველს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ერთზე ემთხვევა საზოგადოების დაკვეთას, დაწყებული სამართლიანობისა და ღირსების აღდგენიდან, გაგრძელებული ყველა დამნაშავისადმი პასუხის კანონის მთელი სიმკაცრით მოთხოვნით და დასრულებული რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყების მზაობითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმით.
ასე, რომ ახალი ხელისუფლების, უფრო სწორად კი კოალიციის სუბიექტთა ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილის რადიკალურად საწინააღმდეგოდ, ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო შანსები დღეს ძალიან სერიოზულად იზრდება და ამის მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, კოალიციის ზოგიერთმა სუბიექტმა, თავისი 10 თვიანი მოღვაწეობის პერიოდში უნდა ეძიოს. იმ პერიოდში, როდესაც კოალიციის ე.წ. „ლიბერალური ფრთა“ ყველანაირად ცდილობდა რომ ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციურ რეჟიმში ეცხოვრა და მათთან ურთიერთობაში „კონსტუქციულ ჩარჩოებს“ არ გასცდენოდა.
ეს ერთის მხრივ, კოალიციის ზოგიერთი სუბიექტის მხრიდან, შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი გამოვლენილი საპასუხო მადლიერების ჟესტიც იყოს, რადგან, ეს პარტიები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციურ რეჟიმში ცხოვრებას ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მშვენივრად ახერხებდნენ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, აქტუალობას იძენს თემა და ვარაუდი, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გაიყვანონ.
ვერსიები ამის შესახებ პრესაში უკვე გაჩნდა და ამ მოსაზრებას იზიარებენ არა მარტო ექსპერტები, არამედ მოქმედი პოლიტიკოსებიც.
რა თქმა უნდა ამ ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს და შეიძლება საკმაოდ არგუმენტირებულიც, მაგრამ საკითხავია, რომ ამ ფონზე, როდესაც „კოჰაბიტაციური პოლიტიკით“ გაღიზიანებული მხარდამჭერები „ქართულ ოცნებას“ უკვე დეკლარირებულად ტოვებენ და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა შორის ერთიანდებიან, აქვს თუ არა გარანტია ახალ ხელისუფლებას იმის შესახებ, რომ პირველ ადგილზე აუცილებლად მათი კანდიდატი გავა?
აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა „ქართულ ოცნებას“ არა დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანისთვის, არამედ თავისი კანდიდატის პირველ ადგილზე გაყვანისთვის ეზრუნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ, არჩევნების თანაბარ პირობებში და სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, თავადვე აღმოჩნდეს მესამე ადგილზე.
და მაინც, ნიშნავს თუ არა ის ფაქტი, რომ კოალიციის მხარდამჭერები ნინო ბურჯანაძის შტაბში მასობრივად გადავიდნენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ იშლება?
მიუხედავად ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებისა და არგუმენტებისა, რეალობასთან უფრო ახლოსაა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს ასე არაა.
ვერც ქვეყნის რეგიონებიდან და ვერც დედაქალაქიდან, აქტივისტთა და მხარდამჭერთა ნინო ბურჯანაძის ან სხვა პოლიტიკური ძალის რიგებში გადაბარგება, კოალიციის რღვევას ამ ეტაპზე ნამდვილად არ გამოიწვევს. ეს პროცესი „ქართულ ოცნებას“ უდავოდ დაასუსტებს, მაგრამ მის რღვევაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, ყოველ შემთხვევაში, კოალიციის რღვევა რეგიონული ორგანიზაციებისა და მხარდამჭერების დონეზე ნამდვილად არ დაიწყება და თუ ასეთი რამ მოხდა, ის სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ მოხდება და მოხდება არა რაიონული ორგანიზაციების დონეზე, არამედ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დონეზე.
ერთადერთი, რამაც 27 ოქტომბრამდე კოალიციის რღვევა შეიძლება გამოიწვიოს, ეს თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციები შეიძლება იყოს, თუმცა ადრეც ვწერდით და დღესაც იგივეს გამეორება შეიძლება, რომ ირაკლი ალასანიასგან, თავისი კანდიდატურის კოალიციისგან დამოუკიდებლად საპრეზიდენტო არჩევნებზე დაყენება, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლფასი იქნება.
მართალია, მას და მის გუნდს, დღეის მდგომარეობით, შეუძლია მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას პრემიერ-მინისტრს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალასანიას ეს მცდელობა მაინც განწირული იქნება.
როგორც წინა მასალაში ვწერდით, იკვეთება ტენდენცია, რომ ირაკლი ალასანია და მისი გუნდის წევრები ოპოზიციაში გადასაბარგებლად ემზადებიან და ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში თავიანთი ნიშის დასამკვიდრებლად სერიოზულად ემზადებიან.
ეს ნიშა კი, თითქმის გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად პროდასავლური და შესაბამისად ანტირუსული იქნება. ამის დასტურად, თავად ალასანიასა და მისი გუნდის წევრების, კონკრეტულად კი მაია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელი მკვეთრად ანტირუსული განცხადებებიც საკმარისია, რომელსაც საგარეო უწყება, ხშირ შემთხვევაში იმ ფორმით აკეთებს, რაც უმაღლესი სახელმწიფო დიპლომატიური უწყების თუნდაც ეტიკეტის ჩარჩოებს აშკარად სცდება.
აქედან გამომდინარე, სულ ადვილი შესაძლებელია, რომ 27 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები, მიმდინარე წლის ერთადერთი უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა არ იყოს.
სამზადისია „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკშიც, რომელთა სამომავლო იმედები, გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება სწორედ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ აღმასვლას უკავშირდებოდეს.
ეს შედარებით შორ პერსპექტივაზე გამიზნული სტრატეგიაა, უფრო ახლო პერსპექტივით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ცდილობს ყველა ის თავისი ყოფილი და ამჟამინდელი სატელიტი „მოოპოზიციონერო“ პარტიები გააერთიანოს, რომელთა წარმომადგენლებიც საჭიროების შემთხვევაში, წინა ხელისუფლების დროს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის მიმართ „კრიტიკით“ გამოდიოდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, წარმატებით ითავსებდნენ კლაკიორის ფუნქციასაც.
სატელიტი პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების იდეა პირდაპირ კავშირშია ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის გადადგომასთან.
მართალია ხარატიშვილმა თავისი საქმიანობა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე, წარმატებულად შეაფასა და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიც ლამის თავის დამსახურებად გამოაცხადა, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის კადრია, რომელმაც თავისი საქმე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უკვე გააკეთა და ახლა დღის წესრიგში მისი სხვა ფრონტზე გადასროლა დადგა.
არის თითქმის დადასტურებული ვერსია, სწორედ ზურაბ ხარატიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური ცენტრის ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც, სავარაუდოდ არცთუ უანგაროდ, წინა ხელისუფლების დროს, ოპოზიციის როლს ასე წარმატებით და გულმოდგინედ ასრულებდნენ.
ცალკე საკითხია რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი პარტიების გაერთიანება ან რა კონკრეტულ შედეგზეა ის გათვლილი, ვინაიდან ეს პარტიები ქართულ საზოგადოებაში თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან და ხალხმა მათ შესახებ ყველაფერი იცის. უფრო მეტიც, საზოგადოების აგრესიის დონე მათ მიმართ არანაკლებია, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
სავარაუდოდ ხარატიშვილის ქოლგის ქვეშ ვერ ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ მის ერთ-ერთ უმთავრეს სატელიტურ პარტიას „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა“ და მის ლიდერს გიორგი თარგამაძეს, ვინაიდან თუნდაც როგორც ბოლო ათწლეულის პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს, გიორგი თარგამაძეს საკმაოზე მეტად აქვს განვითარებული ხომალდის ვირთხის ინსტიქტი და ჩასაძირად განწირული ხომალდიდან გადმოხტომას ის ყოველთვის დროულად ახერხებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თარგამაძეს, ამ ეტაპზე უკვე წასასვლელი აღარსად აქვს, ხოლო დამოუკიდებლად, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, მას არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია.
ამის დასტურია მის მიერ წარმოებული უიაფესი პიარკამპანიაც, როდესაც ის ვითომდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერებსაც აგროვებს.
რამდენადაც ცნობილია, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება ჯერჯერობით დაკანონებული არ არის და საინტერესოა რისი აკრძალვის ინიციატივით გამოდის თარგამაძე და მისი პოლიტიკური ძალა.
ეს უიაფესი პიარ-კამპანია საზოგადოების განწყობაზეა გათვლილი და ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების წინააღმდეგია, გიორგი თარგამაძე ცდილობს ისარგებლოს საზოგადოებაში არსებული საკანონმდებლო ცნობიერების დაბალი დონით და მათი განწყობით იმანიპულიროს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მცდელობა საკმაოდ იაფიან და ადვილადგასაშიფრ პოპულისტურ საფუძველზეა დამყნობილი.
ისმის მეორე კითხვაც, თუ გიორგი თარგამაძე ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ასეთი მგზნებარე დამცველია, სად იყო მაშინ ის მიმდინარე წლის 17 მაისის მოვლენების დროს, ან ამ მოვლენების შემდეგ და რატომ არ დააფიქსირა თავისი მკვეთრი პოზიცია სექსუალური უმრავლესობის დასაცავად?
გიორგი თარგამაძეს რომ ეს გაეკეთებინა, ამით ის დასავლურ პოლიტიკურ ძალებს განარისხებდა, დღეს კი, ლოკალურ ფარგლებში, ის ისეთი ძალების დამცველად გვევლინება, რომლებიც სულ ორიოდე თვის წინ დასავლეთმა, ლამის უკულტურობისა და შეუწყნარებლობის კლასიკად შერაცხა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი თარგამაძეს რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ხმა ამოეღო და თუნდაც სამღვდელოება დაეცვა, დღეს მისი მცდელობის გულწრფელობას, - არ დაუშვას ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება, საზოგადოების მცირე ნაწილი მაინც დაიჯერებდა.
საერთოდ კი, „ქრისტიან დემოკრატების“ ბოლო პიარ-მცდელობა ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერის მცდელობას ჰგავს, მითუმეტეს, რომ კატა იმ ოთახში სულაც არ არის.
ასე, რომ ზურაბ ხარატიშვილის პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ, სავარაუდოდ, მხოლოდ ბაჩუკი ქარდავა, გურამ ჩახვაძე, პაატა დავითაია და მსგავსი პოლიტიკური წარმონაქმნები გაერთიანდებიან.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებს, ეს გამოკვეთილად მხოლოდ ორ სფეროშია შესამჩნევი.
პირველი მათგანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა, მეორე კი ქვეყნის შიდაუსაფრთხოება, ანუ კრიმინოგენული მდგომარეობაა.
თუ საზოგადოებისთვის კრიმინოგენული მდგომარეობის სტაბილურობა შედარებით საგრძნობი და თვალშისაცემია, იგივეს ვერ ვიტყვით ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ძვრებზე.
სამწუხაროდ, ეკონომიკური რეფორმები და მისი შედეგები საზოგადოებას საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ჯერ არ უგრძვნია, თუმცა ილუზია იმისა, რომ 10 თვეში ეს მკვეთრად საგრძნობი იქნებოდა, არცერთ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არც უნდა ჰქონოდა.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს, ეს უპირველეს ყოვლისა მისი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელში აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 პროცენტით იკლო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით კატასტროფის ტოლფასია, ამ მაჩვენებელში არის ეკონომიკური ტენდენციები, რაც პირველი 10 თვის პირობაზე, საკმაოდ იმედისმომცემია.
კონკრეტულად კი, მცირდება ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო და მისი წილი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელში.
ასევე, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდამ კი 9 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანიც კი დაგვეთანხმება, რომ 7 თვიანი პერიოდისთვის, ეს მართლაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.
სამაგიეროდ, 5 პროცენტით შემცირდა იმპორტი, რაც არა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დადაბლებითაა გამოწვეული, არამედ იმით, რომ გარკვეული საიმპორტო პროდუქცია, ქვეყნის ბაზრებზე ადგილობრივმა პროდუქციამ ჩაანაცვლა, რაც დაგვეთანხმებით ძალიან პოზიტიური მოვლენაა.
იმპორტის შემცირება ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა ხარისხის პროდუქტი შემოდიოდა წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში პრაქტიკულად უკონტროლოდ და თუ გავითვალისწინებთ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ, საბაჟოებზე დიდი რაოდენობით დაბინძურებული და ვადაგასული საკვები პროდუქტია განადგურებული ან ექსპორტიორ ქვეყანაში გაგზავნილი, მაშინ იმპორტის შემცირების მაჩვენებელი არა საგანგაშოდ, არამედ პირიქით, მკვეთრად პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.
გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ელემენტარული ფორმულაა, რომ ექსპორტი იმპორტს უნდა აჭარბებდეს, ანუ ქვეყანა მეტ პროდუქციას უნდა ყიდდეს ვიდრე ყიდულობს, ეს კი იწვევს ფულის შემოსვლას, ბიუჯეტის ზრდას, მოგების რეინვესტირების შანსების ზრდას და მთლიანად, ეკონომიკურ განვითარებას.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ქვეყანაში იმპორტის მოცულობა ექსპორტის მოცულობას მკვეთრად აღემატებოდა, რაც აისახებოდა კიდეც ხალხის კეთილდღეობაზე, დღეს კი, შეიქმნა პრეცედენტი, რომ ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა ხოლო იმპორტი შემცირდა და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს, საგარეო ვაჭრობის დადებითი ბალანსიც კი გაუჩნდეს. ეს კი ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება.
გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა სახის პროდუქტი გააქვს სახელმწიფოს ექსპორტზე და რა სახის პროდუქტი შემოაქვს იმპორტით.
საქართველოში წლების განმავლობაში ამ კუთხითაც ნეგატიური ტენდენცია დამკვიდრდა, ვინაიდან ქვეყნიდან ძირითადად ნედლეული გადიოდა, რადგან ჩვენთან გადამამუშავებელი მრეწველობა წლების განმავლობაში ნულამდე იყო დასული, ხოლო უცხოეთიდან ძირითადად მზა პროდუქცია, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი და სატრანპორტო საშუალებები შემოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ექსპორტის მოცულობა მართლაც რომ სარეკორდო დროში გაზარდა, საექსპორტო პროდუქციის რეესტრის სურათის მიხედვით, ვითარება კვლავ არასახარბიელოა, რადგან ექსპორტის უდიდესი სეგმენტი, სწორედ გადასამუშავებელ ნედლეულზე მოდის.
თუ ქვეყნის ხელისუფლება მოახერხებს და ექსპორტის ზრდის პარალელურად გაზრდის მზა პროდუქციის ექსპორტის წილს, ეს ეკონომიკის განვითარების გზაზე მართლაც რომ გიგანტური ნახტომი იქნება, რადგან ამ ნაბიჯით, სულ მცირე, სამუშაო ადგილების გაზრდა იქნება უზრუნველყოფილი.
ასე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით, დღეს, საბედნიეროდ უფრო მეტი პოზიტიურის დანახვა შეიძლება ვიდრე ნეგატიურის.
ქვეყნის შიდაპოლიტიკური კუთხის კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია, როგორც აღვნიშნეთ, კრიმინოგენული მდგომარეობის მაჩვენებლის შემცირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული უწყება იყო და შესაბამისად, ამ უწყებაში ძალიან დიდი იყო საბოტაჟის შანსები, ახალმა ხელისუფლებამ და ახალმა მინისტრმა ნამდვილად შეძლო, რომ უდიდესი ძალოვანი უწყების დეპოლიტიზაცია უმტკივნეულოდ განეხორციელებინა, საბოტაჟის გამოვლინებები პრაქტიკულად ნულამდე დაეყვანა და იმ შემთხვევაში, როდესაც საპატიმროებიდან 15 ათასამდე პირი გათავისუფლდა, დანაშაულის მაჩვენებელი შეემცირებინა, გახსნის მაჩვენებელი კი გაეზარდა.
ნამდვილად სასურველი იქნებოდა, რომ მსგავსი ტიპის რეფორმები სხვა უწყებებშიც განხორციელებულიყო, სადაც დღემდე, სამწუხაროდ საბოტაჟის ნიშნები კვლავ მრავლადაა.
ეს პირველ რიგში მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ეხება, სადაც პირველ შემთხვევაში საბოტაჟის მცდელობებს ადგილი ძველი პროკურორების მხრიდან აქვს, მეორე შემთხვევაში კი, საბოტაჟის ავტორებად ძველი მონა-მოსამართლეები გვევლინებიან.
მანამ, სანამ საქართველოში არ გატარდება რადიკალური და თუნდაც ძალიან მტკივნეული სასამართლო რეფორმა, ქვეყნის ნორმალურ განვითარებას საფრთხე მუდამ ექნება, ვინაიდან თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც და მისი მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრირებაც მხოლოდ მირაჟია.
რაც შეეხება ბოლო დღეების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, ეს საპრეზიდენტო მარათონის სტარტია.
გასულ კვირაში საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო მმართველი ძალის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა მოცემული მცირე პერიოდის ანალიზის მიხედვით, ეს კამპანია არცთუ წარმატებულია. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ის საზოგადოების გაღიზიანებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი იუმორისტულ განწყობას იწვევს.
თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და საპრეზიდენტო კამპანიაც, სრულად, დაახლოებით სექტემბრის პირველი დეკადის შემდეგ გაძლიერდება.
სწორედ მაშინ გამოჩნდება საპრეზიდენტო კანდიდატთა პროგრამების მიმართულებები, მათი რეალისტურობა და პრაგმატულობა.
ასევე, რამდენად უპასუხებს კანდიდატთა საპრეზიდენტო პროგრამები საზოგადოების დაკვეთას და რამდენად რეალურად შეძლებს ესა თუ ის კანდიდატი იმის განხორციელებას, რასაც ის ხალხს დაპირდება.
დამოუკიდებლობის ისტორიის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეს, სავარაუდოდ საქართველოში დადგა დრო, როცა თავისი მომავალი ხალხმა თავადვე უნდა განსაზღვროს და არჩევანი ცივი გონებით, ემოციის გარეშე გააკეთოს, ვინაიდან ემოციების და რეალური საფუძვლების გარეშე გაცემული დაპირებების გამო მიღებული გადაწყვეტილებების სიმწარე, ქართულმა საზოგადოებამ ბოლო წლების განმავლობაში საკმარისზე მეტად იწვნია.

ალექსანდრე კაპანაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის